დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფუდ ალიანსი“ წარმოებას აფართოებს

„ფუდ ალიანსი“ წარმოებას აფართოებს

2024-04-10 16:00:00

2024 წლის აქცენტი არის შიდა ბაზრის სრულად ათვისება და შემდეგი წლების განმავლობაში კი ექსპორტზე ვიფიქრებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ფუდ ალიანსი • Food Alliance-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კოხრეიძემ განაცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, გაზრდილ მოთხოვნას საწარმოს მენეჯმენტი გაზრდილი სიმძლავრეებითაც პასუხობს და ივნისიდან “ფუდ ალიანსი“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნების პარალელურად დღეში 10 ტონამდე პროდუქციის წარმოებას შეძლებს. 

„ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ჩვენს კლიენტებთან გვაქვს აქტოური კომუნიკაცია, რადგანაც მათ უკეთ იციან მომხმარებლებს რა უნდათ და შესაბამისად ჩვენც ვითვალისწინებთ. გვყავს ფრანგი ტექნოლოგი, რომელთანაც ვმუშაობთ, რომ მაღალი ხარისხი სტაბილურად გვქონდეს და პლუს ახალი პროდუქტებიც გამოვუშვათ.

არსებული საწარმოს მაგალითზე, დღეში 5-7 ტონა პროდუქციის წარმოება შეგვიძლია. თუმცა ამ ეტაპზე ვასრულებთ სამშენებლო პროცესს, რაც მოიცავს როგორც საწარმოო ზონას, ისე სასაწყობე ფართს. ვფართოვდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დღიური წარმადობა 9-10 ტონამდე გავზარდოთ“, - აღნიშნა ვახტანგ კოხრეიძემ.

საწარმოს ხელმძღვანელის განმარტებით, საწარმოს გაფართოების პროცესი მაის-ივნისში დასრულდება.

“ფუდ ალიანსი“ 2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.

სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, "ფუდ ალიანსმა" 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო. 

“ფუდ ალიანსი“ აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს და ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს. 

„ამ დროისათვის ვაწარმოებთ როგორც ქართულ პროდუქციას ისე ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქტებს.

ქართულ პროდუქტებში ვგულისხმობ ლობიანს, ხაჭაპურს, სხვადასხვა სახის ღვეზელებს და ასე შემდეგ. ამავდროულად ვაწარმოებთ პურებს, მათ შორის ფრანგულს, ბაგეტებს, სენდვიჩის პატარა პურებს, ჰოთ დოგის პურებს, სიმინდის, წიწიბურას და ჭვავის პურებს. ფრანგული მიმართულებით კი გაქვს კრუასანები, ხვეულა და სხვა ბევრი პროდუქტი. ასევე გვაქვს მაფინები და კექსები. დაახლოებით 80-მდე დასახელების. ჩვენი ყველა პროდუქტი დამზადებულია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით“, - აცხადებს „ფუდ ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ვახტანგ კოხრეიძის თქმით, “ფუდ ალიანსის“ ნაწარმით მარაგდება როგორც ჰორეკა სექტორი, ისე დიდი რითეილ ქსელები. “ფუდ ალიანსის“ პროდუქცია დღეისთვის წარმოდგენილია 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში როგორც თბილისსა და ბათუმში, ისე კახეთში. 

2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით “ფუდ ალიანსის“ გაყიდვები 20%-იან ზრდას აჩვენებს. 

შპს „ფუდ ალიანსი“ 2019 წელს წარმოების და ბიზნესის განვითარების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების  მიერ დაარსდა. კომპანიის უპირველესი მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ  ნაწარმს.

პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.

ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.

კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს, მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისების შენარჩუნებას.

პროდუქტის  მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში, მხოლოდ 15-20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.

„ფუდ ალიანსი“ თანამშრომლობს ფრანგ  წარმოების ტექნოლოგ ვილიამ დენუსთან.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები