დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი ისევ გახანგრძლივდა

გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი ისევ გახანგრძლივდა

2024-01-12 12:56:00

გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი ისევ გახანგრძლივდა. როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აუქციონი მონაწილეობისთვის შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა 2024 წლის 29 თებერვლამდე გახანგრძლივდა. 

„სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაცნობებთ, რომ 350-430 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“-ის 100%-იანი წილის გაყიდვისა და ინვესტორის შერჩევის მიზნით 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადებული წინადადებების მიღების (RfP) პროცედურისთვის წინადადებების წარმოდგენის ვადა 2024 წლის 29 თებერვლამდე (18:00 საათამდე) გაგრძელდა“,- აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ცნობილია, რომ 2023 წელსსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდა.

თბოსადგურის ასაშენებლად, აუქციონის შედეგად, შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა.

 

 

 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები