დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კადრების დეფიციტის საფრთხე გაჩნდა  - ტექინსპექტირების ცენტრები სერვისის საფასურის გადახედვას ითხოვენ

კადრების დეფიციტის საფრთხე გაჩნდა - ტექინსპექტირების ცენტრები სერვისის საფასურის გადახედვას ითხოვენ

2024-03-05 12:00:00

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, თითქმის ორი თვეა, რაც ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების ტექმომსახურების ტარიფების გადახედვის მოთხოვნით მიმართეს. 

მისი თქმით, სერვისის ხარჯები რომ დაიფაროს და თანამშრომლების ხელფასების ზრდა მოხდეს, ავტომობილების ტექდათვალიერება დაახლოებით 50%-ით უნდა გაძვირდეს. 

„რეალურად გაიზარდა ხარჯები ინსპექტირების ოპერატორებისთვის. პრობლემაა ისიც, რომ მოწყობილობებს, რომელსაც იყენებდნენ ტესტირების ცენტრები, ფაქტობრივად საჭიროებს განახლებას ან ჩანაცვლებას, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ინსპექტირების ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების რეჟიმში ვართ“, - ამბობს შიოლაშვილი. 

მანამდე კი ტექინსპექტირების ცენტრების კავშირმა კვლევა ჩაატარა, იმის გასარკვევად თუ რამდენადაა გაძვირებული ავტომობილის ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება.  

„ის ხელფასი, რაც აქვთ ტექმომსახურების ცენტრების თანამშრომლებს, 5 წლის შემდეგ, ამ მოცემულობაში მიუღებელია, ამიტომ დიდია მომსახურე პერსონალის გადინების პროცენტი, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის და აქედან გამომდინარე დადგა ეს საჭიროება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ავტომობილების ტექმომსახურება დაახლოებით 50%-ით გაძვირდეს“, - ამბობს შიოლაშვილი. 

ტექინსპექტირების ტარიფი დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში ფასები ერთნაირია. ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება განსხვავდება მხოლოდ ავტომობილის ტიპის მიხედვით

2024 წელს მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერების ფასი 60 ლარია, ელქტრომობილის კი 48 ლარი. განმეორებითი ტექინსპექტირება შესაბამისად 30 და 20 ლარი. 

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1-ელი ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1-ელი ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმა 50 ლარია, რომელიც თვეში ერთხელ არის გადასახდელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები