დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მზარდია, ამიტომ ვცდილობთ ახალი პროექტის განხორციელებას - „ლილო მოლი“

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მზარდია, ამიტომ ვცდილობთ ახალი პროექტის განხორციელებას - „ლილო მოლი“

2024-04-09 16:00:00

„ლილო მოლის“ სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავენ, რაც ფაქტობრივად ახალი სავაჭრო ცენტრის შექმნას გულისხმობს, თუმცა პროექტი ჯერ შეთანხმების პროცესშია. არ ხმაურდება ასევე ინვესტიციის მოცულობა და პროექტის სავარაუდო პარტნიორების ვინაობა.

„ახალი პროექტი შეთანხმების პროცესშია. თავისუფალი ფართები არ გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ ახალი პროექტის განხორციელებას. ჩვენთან კომერციული ფართები დეფიციტშია, როგორც კი ჩნდება ეგრევე ქირავდება და მივყვებით მომხმარებლის მოთხოვნას. პროექტის შეთანხმება  რომ დასრულდება, შემდეგ ვილაპარაკებთ მეტ დეტალზე“, - ამბობს „ლილო მოლის“ კომერციული დირექტორი.

რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ გაზაფხულის სეზონზე აქტივობა მაღალია, ხოლო პანდემიის პერიოდის დონე ჯერ კიდევ 2023 წელს დაძლიეს. „პანდემიის პერიოდის დონე დაძლეულია, 2023 წელს მივედით იმ ზღვარზე. გაზაფხული ყოველთვის აქტიური სეზონია ვაჭრობაში“, - ამბობს „ლილო მოლის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ,,ლილო მოლი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრში 5000-ზე მეტი ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში მოხდა შერწყმა შპს „სეტ-ლისთან“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარასთან“. 

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, „ლილო მოლის“ მფლობელები არიან - ლევან გაგუა - 1%;  ნიკოლოზ უსანეთაშვილი - 1.5%; კონსტანტინე კაპანაძე - 8.525%; დავით გავაშელი - 2.285%, მარიკა გავაშელი - 2%, დავითი გაგუა - 2%; ილია ბადრიაშვილი - 0.5%; ლევან ანდღულაძე - 1% ბაჩო კაპანაძე - 2%; გიორგი კვარაცხელია - 0.46%; იოსებ საყვარელიძე /ნიდერლანდები/ - 15.485%. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები