დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონტროლს მიღმა უამრავი მძღოლია, სატრანსპორტო უსაფრთხოება უნდა დარეგულირდეს - „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

კონტროლს მიღმა უამრავი მძღოლია, სატრანსპორტო უსაფრთხოება უნდა დარეგულირდეს - „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

2023-06-06 10:00:41

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის საქმიანობა პრემიერის კრიტიკის ობიექტი გახდა. ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ სფერო მოწესრიგდება. მთავრობის ამ ინიციატივას მიესალმებიან სექტორშიც. ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოწესრიგება აუცილებელია, რადგან უკონტროლო ვითარება ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქეს საფრთხეს უქმნის.

„ავტოსადგურების მოწესრიგებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. მძღოლების უმეტესობა მგზავრთა გადაყვანისთვის მოუმზადებელია. ამიტომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდება, თუკი ეს სფერო რეგულაციებს დაემორჩილება. სისტემაში ბევრი ხარვეზია, რაც ყოველდღიურობაში მგზავრების უსაფრთხოებაზე აისახება. კონტროლს მიღმა უამრავი მძღოლია, რომელიც ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწევა საქმიანობას.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ კონტროლდება, არ არის შემოწმებული სამუშაო და შესვენების ხანგრძლივობა, არც ავტომობილის ტექნიკური უსაფრთხოება და სხვა. ხშირად იმაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ, ვიდრე კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებით არის განსაზღვრული, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ბევრი დარღვევაა, რომელიც ე.წ. „მტაცებელ“ მძღოლებს უკავშირდება.

სავარაუდოდ, მალე კანონი გვექნება და მოგვარდება ეს პრობლემა. ყველა მძღოლის საქმიანობა ერთხელ და საბოლოოდ გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა. მათი მუშაობის რეჟიმი და ყველა საკითხი, რაც სატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, დარეგულირდება", - აცხადებს ეკა ლალიაშვილი Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება მოდელს, ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეფორმაზე მუშაობისას, სავარაუდოდ, ევროპული სტანდარტით იხელმძღვანელებენ, რომელიც საერთაშორისო ნორმად მიიჩნევა და სექტორის გამართულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ავტოსადგურებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს და ეს პროცესი წლის ბოლოდან დაიწყება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები