დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის საავიაციო პოლიტიკა მოქნილია და საჯარო სპეციალისტები აქტიურ მოლაპარაკებაში არიან საინტერესო ბრენდებთან - თამუნა თანდაშვილი

ქვეყნის საავიაციო პოლიტიკა მოქნილია და საჯარო სპეციალისტები აქტიურ მოლაპარაკებაში არიან საინტერესო ბრენდებთან - თამუნა თანდაშვილი

2024-01-22 17:00:00

ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოში, საავიაციო ბაზრის განვითარებაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი. 
მისი განმარტებით, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ნიშნავს მეტ ავიამიმართულებას ადგილობრივი მოგზაურებისთვის, ტრანზიტული მიმართულებების მრავალფეროვნებასა და მოქნილობას დროში, ბიზნესისთვის ახალი ბაზრების ათვისებასა და  მოზიდვას.  
„სხვა კონტინენტებთან მეტი ბმა, მეტი სიხშირეა, შემოსული ტურისტების რაოდენობის შესაბამისად, მეტი შემოსავალია ქვეყნისთვის. Austrian Airlines-ით ხშირად სარგებლობენ ამერიკული ავიამიმართულებებიდან მგზავრები ჩვენს ქვეყანაში. 
თუმცა ახალი ავიაკომპანია ავტომატურად არ ნიშნავს იაფ ფრენებს. დაბალ ტარიფებს მხოლოდ ავიაკომპანიის ბიზნეს-მოდელი განსაზღვრავს.  მოლოდინი, რომ ფრენა აუცილებლად გაიაფდება არ არის სწორი. კონკურენციის პირობებში, მეტი აქცენტი პროდუქტის გაუმჯობესებაზე მოდის - ვის უკეთესი დრო აქვს ან უკეთესი სერვისი ავიაბილეთის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პირობები.
რომელ კომპანიას აქვს უკეთესი ტრანზიტი და სატრანზიტო დრო, სიხშირე. მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, საკვები თუ გასართობი ბორტზე. კონკურენცია იზრდება, მაგრამ ახალი კონკურენტი რაც უფრო ძლიერი ბრენდია და კარგი პროდუქტი აქვს, აიძულებს ადგილობრივ კომპანიას, რომ სერვისი გაუმჯობესდეს“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი. 
ამასთან, თანდაშვილის შეფასებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის შედეგად, ტრადიციული ბაზრები მეტად სტაბილური იქნება. 
„ტრადიციულ ბაზრები, სადაც Georgian Airways-ი 20 წელზე მეტია დაფრინავს, ახლა მეტად სტაბილური იქნება. არ გაუქმდება და გადაიდება რეისები ქაოსურად და არ ექნება გაურკვეველი საფასო პოლიტიკა. ჩემი აზრით, ამ ბაზრებზე საჭიროა მუშაობა ტურისტულ კომპანიებთან, არაორგანიზებულ, თვითმართვად მოგზაურებთან. უნდა მოხდეს ბაზრების გაცნობა, დაახლოება ინტეგრირება და ტურიზმის მიღმა სავაჭრო-ურთიერთობების გამყარება“, - აცხადებს თანდაშვილი. 
მისივე თქმით, საავიაციო არეალის გაფართოება და მეტი სამოგზაურო შესაძლებლობები მნიშვნელოვანია მგზავრებისა და მოგზაურობასთან დაკავშირებული კერძო სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის.
თამუნა თანდაშვილის განმარტებით, ავიაკომპანია Austrian Airlines-ი კარგად იცნობს ქართულ ტურისტულ პოტენციალს, საავიაციო სივრცეში და აქვს დიდი დაფარვა, მასშტაბური სარეკლამო და მარკეტინგული შესაძლებლობები.
„Austrian Airlines-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანია, ის “Lufthansa” ჯგუფის მფლობელობაშია და თანაც პირველად არ შემოდის, კარგად იცნობს ქართულ ტურისტულ პოტენციალს. წლების  წინ ეს ავიაკომპანია ახორციელებდა რეგულარულ რეისებს ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე, უკვე წლებია, რაც Georgian Airways-ი და Austrian Airlines-ი  ქოდშეარ-ინტერლაინ ხელშეკრულებით არიან პარტნიორები.  
ავიაციაში ყველაფერი ციფრები და სტატისტიკაა. როდესაც Austrian Airlines-მა შენიშნა, რომ აღნიშნულ მიმართულებას ემატება მგზავრთნაკადი,  დანიშნა დამოუკიდებელი ავიარეისები. 
ჩვენი ქვეყნის საავიაციო პოლიტიკაც მოქნილია და სფეროს საჯარო სპეციალისტები აქტიურ მოლაპარაკებაში არიან საინტერესო ბრენდებთან. ისევე, როგორც Air France-KLM-ის ჯგუფმა, ისინიც Georgian Airways-ს პარტნიორები იყვნენ და შემდეგ უკვე დანიშნეს დამოუკიდებელი რეისები. 
როდესაც ახალი ავიაკომპანია შემოდის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მათი ბიზნეს მოდელი, რომ მოლოდინები არ გვქონდეს არასწორი. ბუნებრივია,  თუ მოთხოვნა იზრდება, ახალი კომპანიები ინტერესდებიან შემოსავლების ზრდით და ითვისებენ ბაზრებს“, - ამბობს თანდაშვილი.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები