დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mouth Melters-ი შოკოლადის ფილების წარმოებას იწყებს

Mouth Melters-ი შოკოლადის ფილების წარმოებას იწყებს

2024-03-29 15:00:00

ქვევრმა შოკოლადის ინდუსტრიაშიც შეაღწია და დროთა განმავლობაში საკმაოდ გაყიდვად პროდუქტად იქცა. Mouth Melters-ი, რომელიც შოკოლადის ქვევრებს აწარმოებს, ყოველწლიურად გაყიდვების 200%-იან ზრდაზე საუბრობს. შოკოლადის ქვევრი მაღალ ხარისხიანი და ძვირადღირებული ბელგიური შოკოლადისგან მზადდება.

„ჩვენ ბაზარზე ვართ 2019 წლიდან და დღეისათვის ქვევრის მიმართულებით 6 სახეობის შოკოლადი გაქვს. არსებული ასორტიმენტი კი გვაქვს ოთხნაირ შეფუთვაში“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს Mouth Melters-ის დამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ. 

ქვევრის ფორმის შოკოლადების ფასი, ცხადია ზომის და ზონის მიხედვით, 40 ლარიდან 320 ლარამდე ღირს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე 8000 მოსავლის ქსელში. 

დაახლოებით ერთ კვირაში Mouth Melters-ი ბაზარზე ახალ პროდუქტს - შოკოლადის ფილებს გამოიტანს.

„ერთ კვირაში ახალ პროდუქტს ჩავუშვებთ, ეს არის შოკოლადის პატარა ფილები, რომელიც ყუთში 20 ცალი იქნება მოთავსებული და თითოეულის წონა 15 გრამი იქნება. ეს 15 გრამიანი ფილა თავისი მახასიათებლებით განკუთვნილი იქნება ყავის სხვადასხვა კატეგორიებზე. საუბარია 5 კატეგორიაზე. ანუ 5 სხვადასხვა რეცეპტია, რომელიც კარგად შეესაბამება სხვადასხვა ყავის კატეგორიებს“, - აღნიშნა ერეკლე ლოლაძემ. 

სააღდგომოდ კი კომპანია ბაზარზე წითელ კვერცხებს გამოიტანს, საუბარია შოკოლადის ფორმის კვერცხებზე, რომელიც წითელ შეფუთვაში იქნება მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ Mouth Melters-ის შოკოლადის ქვევრები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და ექსპორტზე არ გადის. 

„პროდუქცია ექსპორტზე არ გაგვაქვს, მაგრამ ხშირია შეკვეთები, როდესაც საჩუქრად გზავნიან უცხოეთში. ან ჩამოსულ სტუმრებს, დელეგაციებს ჩუქნიან. ჩვენი გაყიდვების უმეტესი ნაწილი მაინც ქართველი მომხმარებელია, მაგრამ ამ ქართველ მომხმარებელსაც ჩვენი შოკოლადი უნდა საჩუქრად უცხოეთში გასაგზავნად

ჯერჯერობით ექსპორტზე მოლაპარაკებები არ გვქონია, აშშ-ში რამდენჯერმე წაიღეს, სადაც მაღაზია „ქართულია“-ში იყო წარმოდგენილი და როგორც გვეუბნებიან საკმაოდ დადებითი უკუკავშირი იყო.

ექსპორტის შემთხვევაში ჩვენს პროდუქციას სპეციფიკური მარკეტები სჭირდება, ქსელურ მარკეტებში განთავსება დიდი რესურსს მოითხოვს, რისი საშუალებაც ახლა არ გაქვს. მარტო ქსელში შესვლა და თაროზე დალაგება ხომ არ არის საქმე. მარკეტინგული სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ პროდუქტი ცნობადი გახდეს. დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით საზღვარგარეთ და რთული იქნება, რომ ეს მიმართულება ვამუშაოთ“, - აღნიშნა  Mouth Melters-ის დამფუძნებელმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები