დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბაზარზე კაკაოს ფასის ზრდის ფონზე, შოკოლადის გაძვირება მოგვიწევს - „ბარამბო“

მსოფლიო ბაზარზე კაკაოს ფასის ზრდის ფონზე, შოკოლადის გაძვირება მოგვიწევს - „ბარამბო“

2024-04-02 14:00:00

მსოფლიო ბაზარზე კაკაო და შესაბამისად შოკოლადის პროდუქცია ძვირდება. ნედლეულზე მზარდი ფასები საქართველოს ბაზარზეც აისახება.

საქართველოში, შოკოლადისა და კანფეტების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „ბარამბოში“ Business Insider Georgia-ს უთხრეს, რომ მსოფლიო ბაზარზე კაკოს პროდუქტების გაძვირების ფონზე ფასების „დაჭერა“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახერხეს, თუმცა რამდენიმე დღეში „ბარამბოს“ პროდუქციის გაძვირება მოუწევთ. 

„ცნობილია, რომ კაკაოს პროდუქტების ფასი მთელს მსოფლიოში გაიზარდა. პროდუქციაზე ფასი წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერაა გაზრდილი. გამომდინარე იქიდან, რომ „ბარამბო“ თავისი არსებობის მანძილზე წარმოებაში მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ნედლეულს იყენებსდა წარმოება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენთანაც მოსალოდნელია ფასების ზრდა. ამ ეტაპისთვის ფასები არ გაგვიზრდია, რადგანაც შესყიდვებისა და ჩვენი მარაგების ხარჯზე შევძელით ფასის შენარჩუნება. თუმცა უკვე აპრილიდან, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში მოგვიწევს პირველადად ფასების ზრდა“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს „ბარამბოს“ მარკეტინგის დირექტორმა ანი კუპრეიშვილმა. 

კომპანიის მარკეტინგის დირექტორი განმარტავს, რომ „ბარამბოს“ 15 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევა არ არის, კომპანიას მსგავსი პერიოდები გაუვლია, როდესაც კაკაოს ნედლეულზე ფასები გაზრდილა.

„თუმცა „ბარამბოს“ პოზიციაა, რომ შეენარჩუნებინა მეტ-ნაკლებად მისაღები ფასი, ეზრუნა საკუთარ მომხმარებელზე და მოგების მარჟის დათმობით ფასებში არც ისე დიდი ზრდა ყოფილიყო. 

პირველადად დაახლოებით 5%-იანი ზრდა იქნება, თუმცა ნედლეულის გაძვირების ზრდის ფონზე შესაძლოა, 10%-მდე ზრდაც იყოს. ესეც გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს და ვცდილობთ, რომ თუნდაც მარჟის შემცირების საფუძველზე შევინარჩუნოთ ფასები“, - აღნიშნა ანი კუპრეიშვილმა. 

„ბარამბოსთვის“ ნედლეულის მთავარი იმპორტიორია ბელგია და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები. 

აღსანიშნავია, რომ კაკაოს ფიუჩერსების ფასმა 1 ტონაზე 10,000 დოლარს გადააჭარბა, რამაც შოკოლადის ფასი გაზარდა. წლის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლების ფასი რამდენჯერმე გაიზარდა, 2023 წელს კი 70%-ით გაძვირდა.

დასავლეთ აფრიკის საკვანძო პლანტაციებში ცუდი მოსავლის გამო მსოფლიო ზედიზედ მესამედ წლიური მიწოდების დეფიციტის წინაშეა, რაც ინდუსტრიაში შეშფოთებას იწვევს.

ანალიტიკოსები იტყობინებიან, რომ ბაზრის რალმა შეიძლება პიკს მიაღწიოს და ევროკავშირის ახალმა წესებმა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს შოკოლადის მწარმოებლებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა. ბრაზილიისა და ეკვადორის მიერ წარმოების გაზრდის მცდელობები გადაიდო, რადგან ახლად დარგულ კაკაოს ხეებს ნაყოფის გამოღებას რამდენიმე წელი სჭირდება.

კაკაოს ფასების ზრდა უკვე ზეწოლას ახდენს შოკოლადის მწარმოებლების მოგებაზე და შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულების წინ - ტკბილეულის მოხმარების პიკში, წერს Bloomberg.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები