დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია

ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია

2024-03-05 17:43:00

წელს ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში ჩატარდება. თამაშები 26 ივლისს გაიხსნება, ოფიციალური დახურვის ცერემონია კი 11 აგვისტოს გაიმართება. მედლების მისაღებად ერთმანეთს 1 500-მდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობასა და 48 დისციპლინაში შეეჯიბრება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

 

2024 წლის 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები – მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

ოლიმპიადების ისტორიაში მესამედ იქნება მასპინძელი პარიზი – სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა სპორტული სახეობის 1500-მდე წარმომადგენელი იბრძოლებს ოლიმპიური მედლებისთვის. შეჯიბრებები სპორტის 32 სახეობაში (შესაბამისად, 48 დისციპლინაში) გაიმართება.

რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლებიც. ჯერჯერობით საბოლოო შემადგენლობა არ დადგენილა, თუმცა ვიცით ის, რომ გვყავს ოთხი სპორტსმენი, რომელთაც უკვე მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზია, ანუ ამ უდიდეს სპორტულ მარათონში ჩაბმის უფლება.

ნინო სალუქვაძე

ჩვენი ნაკრებიდან პირველი ოლიმპიური ლიცენზია ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. ნინო არა მხოლოდ ქართული სპორტის ლეგენდაა, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთგზის დაუმტკიცებია საკუთარი შესაძლებლობები – წლევანდელი ოლიმპიადა კი განსაკუთრებით გამორჩეული იქნება მისთვის, რადგან 54 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი იქნება პირველი ქალი, რომელიც ზედიზედ მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ამ შესანიშნავ რეკორდთან ერთად, ნინო სალუქვაძეს სამივე სინჯის ოლიმპიური მედალიც აქვს მოპოვებული.

გენო პეტრიაშვილი

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით (125 კილოგრამ წონით კატეგორიაში) მოიპოვა. გენომ პირველი ოლიმპიური მედალი 2016 წელს რიოში გამართულ ოლიმპიადაზე მოიპოვა (ბრინჯაო); ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალიც შემატა თავის მონაგარს. თუკი ამ მარტივ ქრონოლოგიასა და პროგრესიას დავაკვირდებით, გენო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავის წონაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

გივი მაჭარაშვილი

გასული წლის სექტემბერშივე მოიპოვა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმაც პარიზის ოლიმპიური ლიცენზია, როდესაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 26 წლის სპორტსმენისთვის Paris 24 იქნება სადებიუტო ოლიმპიადა იქნება.

ლაშა გურული

2023 წელს პოლონეთში გამართულ კრივის ევროპულ თამაშებზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა, ლაშა გურულმა ნახევარფინალში გასვლით მოიპოვა. საბოლოოდ ლაშამ ევროპული თამაშების ვერცხლის მედალი დაიმსახურა. პარიზის ოლიმპიური თამაშები ლაშასთვისაც სადებიუტო იქნება. ის 2018 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში – საკმარისი ნიჭი და შესაძლებლობები არსებობს, რომ 2024-ში მისი ტიტულების სიას ნებისმიერი სინჯის ოლიმპიური მედალი შეემატოს.

საქართველოს 1996 წლიდან დღემდე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საერთო ჯამში 40 მედალი აქვს მოპოვებული – 10 ოქრო, 12 ვერცხლი, 18 ბრინჯაო. მედლების ხარისხით ერთ ტურნირზე საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე – 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და მოვიპოვეთ 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. რაც შეეხება მედლების რაოდენობას, გასულ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ ასევე 35 სპორტსმენით მოახერხა და 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა.

Paris 24-ის გახსნამდე ოლიმპიური ლიცენზიანტების ქართული სია აუცილებლად გაიზრდება და უფრო წარმომადგენლობითი გახდება. იმის შანსიც კი არსებობს, რომ ისტორიაში პირველად გუნდურ სახეობაშიც ვიასპარეზოთ ოლიმპიადაზე (იგულისხმება საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელმაც ივნისში ოლიმპიადის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს საკვალიფიკაციო ეტაპზე). 

წყარო: argacherde.bog.ge

ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: argacherde.bog.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები