დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველის ფალსიფიკაციის გამო, ნედლ რძეზე მოთხოვნა შემცირდა - ასოციაცია

ყველის ფალსიფიკაციის გამო, ნედლ რძეზე მოთხოვნა შემცირდა - ასოციაცია

2023-06-30 16:00:15

რძის ფასი ამ სეზონზე ყველაზე დაბალია, რადგან ყველის ფალსიფიკაციის მასშტაბი გაიზარდა და ნედლ რძეზე მოთხოვნა შემცირდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.

„ნედლი რძის მსურველები შემცირდნენ. საქართველოში რძე ძირითადად რძის ფხვნილითა და პასტით კეთდება. კრემ-პასტა ირანიდან შემოდის და ძალიან იაფია. შემდეგ მისგან დამზადებული პროდუქტი, როგორც ყველი ისე იყიდება და ბაზრებზე. უეტიკეტო პროდუქტი 100%-ით არის რისკის შემცველი, რადგან ფალსიფიცირებულია“, - ამბობს ბენიაიძე.

მისივე თქმით, მერძევეთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა და ყველის 11 ნიმუშიდან 8 ფალსიფიცირებული იყო.

„დღეს 1 ლიტრი რძე 1,40-150 ლარი ღირს. ეს კარგი ხარისხის შეგროვებული რძის ფასია, უფრო დაბალი ხარისხის რძე იაფია. ორგანიზებულად მოწყობილ ფერმებში, პირველი ხარისხის A კლასის რძის ფასი 1,80 ლარია. ამ ხარისხის რძეზე სეზონურობა არ მოქმედებს. როცა მსხვილფეხა პირუტყვი ბაგაზეა და ერთი და იგივე ხარისხისა და ერთი და იგივე რაოდენობის ნედლეულით იკვებება, ასეთ პირობებში მიღებული რძის ფასი არ იცვლება. ეს პროდუქტი დაკონტრაქტებულია ორგანიზებულ ფერმებში. ამ ტიპის რძეზე მოთხოვნა მუდმივად არის“, - ამბობს ბენიაიძე.

მისივე თქმით, შეგროვილ რძეში უფრო მეტი მიკრობია, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორება შეიძლება შესაბამისი განათლებითა და კონტროლით. „ეს ისეთ მწვავე პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ყველის ფალსიფიკაცია“, - ამბობს ბენიაიძე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8%-ით ნაკლებია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები