დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პირობებით უნდა გამოცხადდეს მესამე CFD აუქციონი - ბიზნესის მოსაზრება

რა პირობებით უნდა გამოცხადდეს მესამე CFD აუქციონი - ბიზნესის მოსაზრება

2024-04-16 16:00:00

რიგით მესამე სიმძლავრის აუქციონის გამოცხადებას აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო შევა ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევაში და დისკვალიფიკაციას მისცემს დაუსაბუთებელ პროექტებს, - ამის შესახებ მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.

დარჯანიას თქმით, არ შეიძლება. რომ შემოტანილი პროექტით და გარანტიით სხვა პროექტებს ეკონომიკური სიტუაცია უფუჭდებათ. 

„აუქციონებში, როგორც იცით სხვადასხვა ენერგიის წარმოებით ხდება მონაწილეობა. მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაში გაქვს ასეთი სიტუაცია, რომ 5,6 ცენტი დაჯდა მედიანური ტარიფი ჩვეულებრივი მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ხოლო შემნახველით დაჯდა 6.34 ცენტი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ 5,6 ცენტი მეტ-ნაკლებად საბაზრო მდგომარეობას ასახავს და შეიძლება 5.6 ცენტით პროექტების განხორციელება, ხოლო რაც შეეხება 6,34 ცენტს, ანუ შემნახველებით ეს არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია და ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ სამინისტრო უნდა შევიდეს პროექტების ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გადმოსახედიდან რამდენიმე პროექტი, რომელიც იქნა შეტანილი არ არის ეკონომიკურად და ტექნიკურად დასაბუთებული. ასეთი პროექტები მედიანურ ტარიფებს დაბლა წევენ და შესაბამისად იმ რეალურ პროექტებს, რომლებიც ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებულია განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. ჩვენ ვიცით, რომ ისეთი პროექტები, სადაც ეკონომიკური დაანგარიშება არ აქვთ სწორად გაკეთებული, მიერთების საფასური არ აქვთ სწორად დათვლილი და ასე შემდეგ.

ხშირად საუბარია იმაზე, გამოცხადდება თუ არა მესამე აუქციონი. მესამე აუქციონის გამოცხადებას აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო შევა ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევაში და დისკვალიფიკაციას მისცემს დაუსაბუთებელ პროექტებს. იმიტომ, რომ მხოლოდ ასე არ გამოვა, რომ უბრალოდ შემოტანილი პროექტით და შემოტანილი გარანტიით სხვა პროექტებს უფუჭდებოდეთ ეკონომიკური სიტუაცია“, - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელო ამბობს, რომ პრობლემები  რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონის შემდეგ უფრო გამოიკვეთა. 

„პირველ აუქციონზე დაბალი ტარიფები დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რომ პანელები გაიაფდა და პირველ აუქციონში გამარჯვებულებისათვის კიდევ უფრო მეტად მომგებიანი გახდა ის ტარიფი, რაც მათ მოიპოვეს - 5,5 ცენტზე ზემოთ იყო. ჩვენს შემთხვევაში, ისეთი ტარიფებია დაფიქსირებული, რომ მიგვაჩნია, რომ ინვესტორს ძალიან უნდა უჭირდეს ასეთი ტარიფით პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა დარჯანიამ. 

მისივე თქმით, მზის ელექტროსადგურების წინა აუქციონის შემთხვევაშიც ყველაზე დაბალი ტარიფი  იყო შემთავაზებელი და ამ შემთხვევაშიც ასეა, 4,7 ცენტი არის ყველაზე დაბალი ტარიფი, რაც კი იქნა შეთავაზებული.

„ეს გამოიწვია იმან, რომ მზის პანელებზე არის ღირებულება შემცირებული და ამან ინვესტორებს საშუალება მისცა ფასი დაეწიათ. თუმცა სხვა სიტუაცია გაქვს შემნახველების შემთხვევაში აქ პროექტი თითქმის 2-ჯერ ძვირდება. იცით, რომ შემნახველს უფრო მაღალი დეგრადაცია აქვს, ანუ ცვეთა. აქედან გამომდინარე  6,34 ცენტი 5,6 ცენტთან შედარებით უტოპიური ფასია. ვფიქრობ, რომ აქ შეცდომას აქვს ადგილი.

რაც შეეხება ჰესების მიმართულებას და მზის ელექტროსადგურების მიმართულებას 2 მგვტ სიმძლავრემდე პროექტები უნდა გაიმიჯნოს, რადგანაც ჰესების შემთხვევაში საერთოდ არ საჭიროებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მიერთების საფასური არის 5-ჯერ ნაკლები და სხვა. აქედან გამომდინარე ასეთი პროექტები საერთო კალათაში სურათს ცვლიდნენ. გარდა ამისა შესაძლოა, ხდებოდეს საერთო პოტენციალის შემცირება, მაგალითად არსებობდეს 5 მგვტ-ის პოტენციალი და ვიღაცამ ტექნიკურად შეამციროს ეს 2 მგვტ-მდე, იქიდან გამომდინარე, რომ 2 მგვტ საშეღავათო პირობებით სარგებლობს. თუ გამოცხადდება შემდეგი აუქციონები, ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული“, - აცხადებს დარჯანია. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით.

სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.;  მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები