დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემთხვევაში განხორციელებს „ორბი“ ბახმაროს პროექტს - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

რა შემთხვევაში განხორციელებს „ორბი“ ბახმაროს პროექტს - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

2024-04-05 11:55:00

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“  პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამშენებლო ნებართვის ფარგლებში, გენგეგმის მოთხოვნები იქნება დაცული.

ამ საკითხზე „მინისტრის საათის“ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და „ორბი ჯგუფის“ ბახმაროს პროექტზე, რამდენიმე განმარტება გააკეთა.

ინტერნეტში გამოჩნდა რენდერები, რომელიც ინვესტორის მხრიდან გავრცელდა და ეს არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან. გენგეგმის მოთხოვნების მიხედვით არის გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც გენგეგმის კოეფიციენტებს და შეზღუდვებს სრულად შეესაბამება. თუ მოხდება ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენებას, მაგრამ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობიან ინვესტიციებზე, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულად შესაბამისია და ვფიქრობთ, რომ ინვესტორი მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბახმაროში არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის ამ კურორტს ვიზიტორებისთვის. ეს იქნება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო და გურიის ეკონომიკისთვის კონტრიბუტორი.

„ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად რაც გულისხმობდა ახალი გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც ფართო საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ჩართულობით იყო მიღებული, სწორი დაგეგმარების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა. გაიზარდა ასევე მიწის ღირებულება, რომელიც 165 ლარს შეადგენდა 2019 წლისთვის და დღის მდგომარეობით უკვე 500 ლარს გადასცდა. ასევე მნიშვნელოვანი შემოსავალი, თითქმის 20 მილიონი ლარი მიიღო რეგიონმა აუქციონებიდან. თანხის აკუმულირება მოხდა საინვესტიციო მიზნით გაცემული მიწის შედეგად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ამასთან, ცნობილია, რომ  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს. 2023  წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები