დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლე დახვდებათ პალიასტომის ტბაზე ვიზიტორებს და როგორია მომსახურების ფასები

რა სიახლე დახვდებათ პალიასტომის ტბაზე ვიზიტორებს და როგორია მომსახურების ფასები

2023-05-17 19:00:52

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე და შემოდგომით კოლხეთის ეროვნული პარკი საკმაოდ საინტერესო და მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა. ქართველი თუ უცხოელი ტურისტების აღფრთოვანებას განსაკუთრებით პალიასტომის ტბა იწვევს, რომელიც დროის ნებისმიერ პერიოდში ულამაზესია. 

რეალურად, მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის სანაოსნო ტურით:

- პონტონი
- კაიაკი
- კატერი

რაც შეეხება პალიასტომის ტბის მარშრუტს, შესასვლელიდან იწყება. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ლელქაშის მაღალ გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს. სათვალთვალო კოშკიდან შესაძლებელია რაყებში თავშეფარებულ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგან ზოგიერთი  იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნში.

პალიასტომის ტბაზე პონტონის საშუალებით გასეირნების ტურის ხანგრძლივობა 2 საათია. მარშრუტი „პალიასტომის ტბა“, რომელიც 10 ადამიანზეა გათვლილი, მთლიანობაში 300 ლარი ღირს. 15 ადამიანამდე ტურის შემთხვევაში კი 320 ლარი. რაც შეეხება 20 ადამიანამდე ტურს ფასი 350 ლარია. 

ტბაზე კატერით გასეირნების ხანგრძლივობა 1 საათია და ტური კატერით 1-4 ადამიანის შემთხვევაში ტარიფი 150 ლარია, ხოლო 1-5 ადამიანის შემთხვევაში - 200 ლარი. (ტარიფები იცვლება დროის გახანგრძლივების შემთხვევაში).

პალიასტომის ტბის მარშრუტთან ერთად მოთხოვნადია „პალიასტომი - ფიჩორის“ მარშრუტი, სადაც ვიზიტორები დაათვალიერებენ მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაც ხედს.

მდინარის ნაპირზე მოწყობილი დასასვენებელი ადგილიდან ადვილად შესამჩნევია ნაპირებზე გავრცელებული ჭარბტენიანი კოლხური რელიქტური ტყე, წყლისა და ჭაობის ფრინველები. გაუვალი ლიანების ტყის მასივი ვიზიტორს, კატერით სეირნობისას, უქმნის მინიატურული ჯუნგლების ასოციაციას. პარკის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულია სპორტული თევზაობა.

რაც შეეხება ტურის ფასებს, პონტონით ტურის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია, ხოლო ფასები: 1-10 ადამიანით დაკომპლექტებული ტურის ღირებულება 370 ლარია, 1-15 ადამიანისგან შემდგარი ტურის შემთხვევაში 420 ლარი, ხოლო 20-მდე ადამიანით ტურის ფასი 500 ლარია. 

კატერით მარშრუტი „პალიასტომი - ფიჩორის“ ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია, ხოლო ფასები: ტური 1-4 ადამიანი - 200 ლარი, ხოლო ტური 1-5 ადამიანი - 250 ლარი.  (ტარიფები იცვლება დროის გახანგრძლივების შემთხვევაში).

პალიასტომი ეს არის გამდინარე ტბა, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა.

ტბა, კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია.

ტბის ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა და შავ ზღვას უერთდება. 

პალიასტომის ტბა სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში ( ფარავნისა და კარწახის ტბების შემდეგ ). ამავდროულად ის ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ეს ადგილი უნიკალურია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ტბა გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და გამოსაზამთრებელი ადგილია.

ტბაში გავრცელებული თევზის ჯიშებია: სუდაკი, კეფალი, ოკუნი, ღორჯო, ქარიყლაპია, კრასნაპიორკა, ლოქო, საზანი, კობრი, და სხვა ზღვიდან შემოსული თევზები.

ისტორია

წარსულში პალიასტომის ტბა შავი ზღვის უბე იყო, ხოლო შემდეგ პერიოდში გამოეყო მას და ტბად იქცა. დროთა განმავლობაში უბე ამოივსო და ზღვასთან კავშირი გაწყდა. ამჟამად ტბა ზღვიდან 2 კმ სიგანის ქვიშიანი ზოლით არის გამოყოფილი.

1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა.

წყლის დამლაშებამდე  ტბაში ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი მოიპოვებოდა.

ლეგენდა

ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“: 

„ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები