დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა, შემცირებული ინფლაციის გავლენას - ლაშა ქავთარაძე

რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა, შემცირებული ინფლაციის გავლენას - ლაშა ქავთარაძე

2023-05-07 23:20:28

 

 

გალტ & თაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან აპრილში წლიური ინფლაციის 2,7%-მდე შემცირების მიზეზებს ასახელებს და განმარტავს, თუ რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა შემცირებული ინფლაციის გავლენას. 

„ინფლაცია დაბალია, თუმცა ამას მოსახლეობის გარკვეული ფენა ვერ გრძნობს. ეს გასაგებია, რადგან ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, ისინი უფრო მეტად ახორციელებენ სურსათის შესყიდვას და ამ ქვეჯგუფის კატეგორიაში ინფლაცია (5,9%) მაინც მაღალია.

ეს მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ მძიმე წნეხია, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, ზეწოლა შედარებით შემსუბუქდა“, - ამბობს ქავთარაძე.

ამასთან, მთლიან ინფლაციაზე საუბრისას, გალტ & თაგარტის ეკონომისტი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში 305 დასახელების პროდუქტი განიხილება, რომელიც 12 ჯგუფში ნაწილდება.

„არის ჯგუფები, სადაც ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად ტრანსპორტისა და ჯანდაცვის კატეგორიაში, სადაც წინა წელთან შედარებით ფასები უარყოფითი გახდა, რაც ინფლაციის შემცირებას განაპირობებს.

ასევე არის ჯგუფები, სადაც ინფლაცია კვლავ მაღალია, მაგრამ შენელება შეინიშნება. ასეთი კატეგორიაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რომლის წილიც მთლიან სამომხმარებლო კალათაში 30%-ზე მეტია.

მოსახლეობის ნაწილი, რომელთა შემოსავლებიც დაბალია, ძირითადად ამ ჯგუფში განთავსებული პროდუქტების მომხმარებელია. აქ კვლავ მაღალი ინფლაცია ფიქსირდება. თუმცა თუ მთლიანად შევხედავთ სამომხმარებლო კალათას, ზოგ ჯგუფში ფასები შემცირებულია“, - ამბობს ქავთარაძე.

ეკონომისტის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ აპრილის ინფლაცია ( 2,7%) კიდევ შენელდეს, და წლის მეორე ნახევარში 2%-ზე დაბლა დაიწიოს.

„ჩვენი პროგნოზით, ასეთი ტენდენციის შემთხვევაში, საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს 3,3%-ის ფარგლებში იქნება“, - ამბობს ქავთარაძე. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები