დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მოთხოვნა 3D ეკრანით რეკლამების განთავსებაზე - Outdoor Effect Georgia

როგორია მოთხოვნა 3D ეკრანით რეკლამების განთავსებაზე - Outdoor Effect Georgia

2024-03-22 16:00:00

დაახლოებით 3 თვეა, რაც „გალერია თბილისის“ ფასადზე 3D LED ეკრანი გამოჩნდა, სადაც  რეკლამის ნახვა განსხვავებული ფორმატითაა შესაძლებელი. 3D LED ეკრანი კომპანია Outdoor Effect Georgia-ს საკუთრებაა, რომელიც რეკლამების გაყიდვებით კმაყოფილია. 

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Outdoor Effect Georgia-ში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ 3D LED ეკრანით რეკლამის განთავსება განსხვავებული ფორმატით ხდება და შესაბამისად დამატებითი ხარჯი სჭირდება, კომპანიის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 

„ბიზნესს მსგავსი ტიპის რეკლამა აინტერესებს და ეს მიმართულება მზარდია. მე პირადად არ მეგონა ასეთი მაღალი მოთხოვნა თუ იქნებოდა. რთულია ხარისხიანი კონტენტის შექმნა, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ვიდეო რგოლის განთავსება ამ 3D LED ეკრანებზე არ იწვევს იმ ეფექტს, რისთვისაც ეკრანია შექმნილი. ეკრანი საჭიროებს სპეციალური მოცულობითი ვიდეო რგოლების დამზადებას, რომელიც არ წარმოადგენს იაფ სიამოვნებას და ჯერჯერობით მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებს შეუძლიათ. თუმცა გვაქვს უკვე ადგილობრივი ბრენდის ვიდეორგოლის განთავსების პრეცედენტიც, რაც ძალიან სასიხარულოა. ქართული ბიზნესი ცდილობს თანამედროვე, ინოვაციური სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენებით არ ჩამორჩეს მსოფლიო გიგანტებს. ჩვენ გვყავს ამ საქმეში გამოცდილი პარტნიორები და მათი შეთავაზებით ვეხმარებით რეკლამის განთავსებით დაინტერესებულ ბიზნესს შესაბამისი რგოლების დამზადებაში“, - აცხადებენ Business Insider Georgia-ში.

ირკვევა, რომ Outdoor Effect Georgia-ს საქართველოში გაფართოების გეგმები აქვს, თუმცა კომპანიას ჯერჯერობით ხელსაყრელი შეთავაზება არ მიუღია. 

„თბილისში 3D LED ეკრანი დეკემბრის შუა რიცხვებში დავამონტაჟეთ და გაფართოების გეგმები სამომავლოდ გაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ხელსაყრელი კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია. რამდენიმე ობიექტიდან 3D LED ეკრანის განთავსებაზე მოთხოვნა კი გვქონდა, მაგრამ ეკრანის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი მონტაჟი ყველგან ვერ გამოვა. იმ ადგილებზე, რაც იყო შემოთავაზებული, ეკრანის განთავსება არაეფექტური იქნება, რადგანაც ტერიტორიაზე, სადაც 3D LED ეკრანის დამონტაჟება ხდება, უნდა იყოს საფეხმავლო და ფიქსირდებოდა ადამიანების დიდი ტრაფიკი. ამ ადგილს მზე არ უნდა ხვდებოდეს და უნდა შეირჩეს შესაბამისი სიმაღლე, რადგანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ კუთხეს, თუ საიდან შეხედავენ ადამიანები ეკრანს. ჯერჯერობით ხელსაყრელი შემოთავაზება არ გვქონია, თუმცა დეკემბრის შემდეგ 5-6 ადგილი კი იყო შემოთავაზებული“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ირკვევა, რომ თბილისის გარდა  Outdoor Effect-ი 3D LED ეკრანებს ფლობს სომხეთშიც. 

რაც შეეხება კონკრეტულ ინვესტიციას, როგორც Outdoor Effect Georgia-ს მენეჯმენტში აცხადებენ, 3D LED ეკრანის მონტაჟი იაფი სიამოვნება არ არის და მისი ღირებულება კომერციულ საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 3D LED ეკრანი კრეატიული იდეების კიდევ უფრო ეფექტური გზით გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები