დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ტრანზიტისთვის მიმზიდველი ხდება, რეგიონული ღირებულების ჯაჭვში ინტეგრაციისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება - Bene Group

საქართველო ტრანზიტისთვის მიმზიდველი ხდება, რეგიონული ღირებულების ჯაჭვში ინტეგრაციისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება - Bene Group

2024-04-02 12:00:00

სატრანსპორტო კომპანია Bene Group-ი გაფართოებასა და 2024 წლის ბოლომდე 3 საწყობის დამატებას გეგმავს, რაც კომპანიას მეტი მომხმარებლის მოზიდვისა და შესაბამისად, მეტი სერვისის მიწოდების შესაძლებლობებს აძლევს. 

Bene Group-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შოთა გუბეიშვილი კომპანიის შიდა სტატისტიკის მზარდ მაჩვენებლებსა და კომპანიის მხრიდან დაგეგმილ აქტივობებზე Business Insider Georgia-თან  საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით ინტერესი გაზრდილია და რეგიონული ღირებულების ჯაჭვში ინტეგრაციისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. 

„2014 წლიდან Bene Group-ი, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს სახმელეთო, საკონტეინერო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. საქართველოს  ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე ბოლო დროს ქვეყნის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბუნებრივია, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები რეგიონული ღირებულების ჯაჭვში ინტეგრაციისთვის.

სწორედ არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ახალი A კლასის საბაჟო საწყობი თბილისის გეზ-თან ახლოს, სადაც შესაძლებელია განუბაჟებელი ტვირთის დასაწყობება სასურველი დროით და შემდგომში ტვირთის განბაჟება, საჭიროების შემთხვევაში კი აქციზების დაკვრა და დასტიკერება.

ახალი საბაჟო საწყობის  მოცულობა 6 300მ²-ია და ობიექტი 12 000 ევრო პალეტზეა გათვლილი, რაც საშუალებას გვაძლევს ტვირთბრუნვის ნაკადი გაცილებით უმტკივნეულოდ მივიღოთ და მიწოდების ჯაჭვი უფრო მოქნილი გავხადოთ.

შესაბამისად, გარდა საერთაშორისო გადაზიდვებისა ჩვენ მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ ტვირთის განბაჟებასა და დასაწყობებას სასურველი დროით და ექსპორტზე გასვლის შემთხვევაში შესაბამისი საბუთების მომზადებას. 2024 წლის ბოლომდე კი ვგეგმავთ იგივე მოცულობის კიდევ 3 საწყობი დავამატოთ“ - აღნიშნა  შოთა გუბეიშვილმა.

Bene Group-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება, როგორც ტრანზიტული ქვეყანა.

„საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაზრდილია. ტრანზიტული ტვირთების პარალელურად, იზრდება ტვირთის რაოდენობაც, როგორც საიმპორტო ისე საექსპორტო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ Bene Group-ის შიდა სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს 50%-იანი ზრდა ფიქსირდება და ჩვენი უმთავრესი გამოწვევაც სწორედ ეს არის, რომ შევინარჩუნოთ ზრდის მაჩვენებელი.

რაც შეეხება გადაზიდვების ტიპებს, სახმელეთო გადაზიდვები უფრო ჭარბი გაქვს, ვიდრე სხვა მიმართულებები. გეტყვით, რომ Bene Group-ში  გადაზიდვების 80%-ი სახმელეთო გადაზიდვებზე მოდის,დაახლოებით 15%-ი უჭირავს  ჩვენს პორტფელში საზღვაო გადაზიდვებს, ხოლო დარჩენილი 5%-ი სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებს,” აღნიშნა შოთა გუბეიშვილმა

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, Bene Group-ის ძირითადი მიმართულები არის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, თურქეთი, ჩინეთი, შუა აზია.

“ყველაზე მზარდი მაჩვენებელი, სადაც გაქვს ეს არის ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით გადაზიდვები.სწორედ ამიტომ, კომპანიაში დამატებით შევქმენით საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ მიმართულებაზეა კონცენტრირებული“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან შოთა გუბეიშვილმა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, დღეს Bene Group-ის უპირატესობა მოქნილობა და ის პასუხისმგებლობიანი მიდგომაა, რომელიც კომპანიის გუნდს თითოეული კლიენტისადმი აქვს. 

„შაბლონურად, რომ არ გიპასუხოთ, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა დაბალი ფასებია, გეტყვით, რომ ხარისხთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი, მოქნილობაა და გამომდინარე იქიდან, რომ ლოგისტიკა მოითხოვს ძალიან კომპლექსურ, გუნდურ მუშაობას, ჩვენ ინდივიდუალურად მორგებულ პირობებს ვთავაზობთ მომხმარებლებს,  ვინაიდან ძალიან  დიდი რაოდენობის ტვირთებს გადავამუშავებთ, ყოველთვის წინასწარ გვაქვს განსაზღვრული შესაძლო რისკები, ვთავაზობთ  ტვირთის სრულ დაზღვევას და ყოველთვის გაქვს ჩვენი რესურსი, რომ მომხმარებლებს ალტერნატიული გზები შევთავაზოთ“, -  თქვა შოთა გუბეიშვილმა.

ირკვევა, რომ Bene Group-ის მეშვეობით გადაზიდულ ტვირთებში იმპორტის შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა მაინც საკვებ პროდუქტებზე მოდის.

“ტვირთების სახეობები დამოკიდებულია სეზონურობაზე. ახლა მაგალითად ნერგების სეზონია და შესაბამისად ნერგების იმპორტს აქტიურად ვახორციელებთ,რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი კომპანიის მაგალითზე ყველაზე დიდი წილი მინერალური წლების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე მოდის“, - აღნიშნა შოთა გუბეიშვილმა.

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Bene Group-ი მომხმარებლებს  ექსკლუზიურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს, როგორც კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  „გამოცდილება და მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას კომპანიებს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება გადაზიდვების სფეროში.”
მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი გვეხმარება ყველა ლოგისტიკური მიზნის მიღწევაში, შედეგად კი ვიღებთ პასუხისმგებლობას შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის გადაზიდვა“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები