დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ტურისტების 44%-მა დასვენების ადგილად თურქეთი აირჩია

საქართველოდან ტურისტების 44%-მა დასვენების ადგილად თურქეთი აირჩია

2024-01-18 17:00:00

2023 წლის I-III კვარტლებში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებულმა გასვლითი ვიზიტების რიცხვმა 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 42%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის 95%-ს შეადგენს. როგორც PMC Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის I-III კვარტლებში ვიზიტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (44%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა ევროკავშირი (15%), სომხეთი (15%) და რუსეთი (12%).

აღსანიშნავია, რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წლის II კვარტლიდან, რაც უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

„2023 წლის I-III კვარტლებში დანიშნულების ქვეყნების მიხედვით ვიზიტების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. გამონაკლისია აზერბაიჯანი, სადაც ვიზიტებმა შესამჩნევად იკლო (-18.1 პპ 2019 წლის I-III კვარტლებთან შედარებით).

ეს ცვლილება აიხსნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვარზე შენარჩუნებული მკაცრი რეგულაციებით. საინტერესოა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა. 2023 წლის I-III კვარტლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, რაც შესაძლოა, აიხსნას ამ ქვეყანასთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობებით“, - აღნიშნულია PMC Research-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2023 წლის I-III კვარტლებში გასვლითი ვიზიტების განაწილება ძირითადი მიზნების მიხედვით განსხვავდება 2019 წლის ანალოგიური პერიოდისგან. კერძოდ, 2023 წლის IIII კვარტლებში იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც ვიზიტის მთავარ მიზნად მეგობრებისა ან ნათესავების მონახულებას ასახელებს, შემცირდა (-4 პპ), რაც, შესაძლოა, აიხსნას აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვით. ამავდროულად, საყიდლების წილი გაიზარდა (+7 პპ) და გასვლითი ვიზიტების ყველაზე ხშირი ძირითად მიზანი გახდა.

გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2023 წლის I-III კვარტლებში 1.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 6%-ით ჩამოუვარდება. დანახარჯების განაწილების მიხედვით, მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საყიდლების წილი (+10 პპ), ხოლო შემცირდა კვების წილი (-6 პპ). მიუხედავად დანახარჯების შემცირებისა, ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. 2023 წლის I-III კვარტლებში ვიზიტორებმა, საშუალოდ, 6.4 ღამე გაატარეს საზღვარგარეთ, რაც 65%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული განსხვავება, შესაძლოა, ნაწილობრივ აიხსნას ვიზიტორთა შორის დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის პოპულარობის ზრდით.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები