დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს

2024-03-20 16:40:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში, რომელსაც ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დარგში არსებული მწვავე საკითხები განიხილეს.

 

საუბარი შეეხო, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებებს, რომლებიც აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ დადგენილება გამოიცა 29 თებერვალს, თუმცა ამოქმედება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, რაც ასოციაციის მოსაზრებით, ძალიან მცირე ვადაა კომპანიებისთვის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კომპანიების აზრით, წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე ამჟამად აშშ-ში და ევროპაში ამ ნაწილში მოქმედი რეგულაციებია, რაც იწვევს ბუნდოვანებას ფარმაცევტულ სექტორში.

 

გარდა ამისა, ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა რეფერენტული ფასების ახალ რეგულაციებზე და აღინიშნა, რომ არსებული მიდგომა საჭიროებს დახვეწას სექტორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით.

 

კომიტეტის მსვლელობის დროს ცალკე დისკუსიის საკითხი იყო ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და დაფინანსების DRG სისტემა, რომელიც ასევე საჭიროებს მნიშვნელოვან კორექტირებას სწორედ იმ მიზნით, რომ პაციენტებს კვლავაც უწყვეტად მიეწოდებოდეთ მაღალი ხარისხის სერვისები და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს  ჰოსპიტალურ სექტორში მოღვაწე კომპანიების გრძელვადიანი ფინანსურ მდგრადობა. 

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების ადვოკატირება და დაცვა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სექტორი ის მიმართულებაა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები დაგროვდა და მოითხოვს რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფერხდება ბიზნეს ოპერატორების საქმიანობა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისებისა და პროდუქტების ხარისხზე. ასოციაციაში შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსტრუქციული, ობიექტური და არგუმენტირებული დიალოგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები