დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შინაური ცხოველების ავეჯზე მოთხოვნამ იკლო, წარმოება შეგვიმცირდა - Georgian Products

შინაური ცხოველების ავეჯზე მოთხოვნამ იკლო, წარმოება შეგვიმცირდა - Georgian Products

2023-03-13 16:30:28

„გლობალურ ბაზრებზე შინაური ცხოველების ავეჯზე მოთხოვნა 10-15%-ით შემცირდა. შესაბამისად, წარმოების მასშტაბმაც იკლო“, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან დავით ბარდაველიძემ, Georgian Products-ის დამფუძნებელმა განაცხადა.

ბარდაველიძის თქმით, წარმოების გაორმაგებას გეგმავდნენ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომისა და ზოგადად ევროპაში არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში ვითარება შეიცვალა.

„შინაური ცხოველების ავეჯის ბაზარზე კლებაა. დრამატული ვითარება არ გვაქვს, მაგრამ უარყოფითი ტენდენცია მაინც გამოიკვეთა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. მაღალი ინფლაციის გამო მოთხოვნამ დაახლოებით 10-15%-ით იკლო, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენ არ შეგვეხო, საერთო გლობალური ტენდენციაა. საერთო პრობლემაა კადრებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად ჩვენს ბიზნესს არ შეეხო“, - ამბობს დავით ბარდაველიძე“. Georgian Products-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის გეგმებშია ექსპორტის ზრდა აშშ-ს მიმართულებით, რაზეც აქტიური მუშაობა მიდის.

„აშშ-ს ბაზარზე დიდ იმედს ვამყარებთ, რაც თავის მხრივ  ექსპორტის ზრდის გარანტიას ზრდის. ჩვენი პროდუქცია 100% -ით ექსპორტირებულია, გაგვაქვს ევროპასა და აშშ-ში. ინფლაცია გრძელდება, პარალელურად ომიც, ამიტომ პროგნოზირება რთულია, თუმცა 2023 წლის მესამე კვარტლიდან მდგომარეობის გაუმჯობესებას ველით“, - ამბობს ბარდაველიძე Business Insider Georgia- თან.

კომპანია Georgian Products 2014 წლის ნოემბერში დაფუძნდა და საქართველოსა და ევროპაში შინაური ცხოველების ავეჯის, საკვებისა და სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი წამყვან  კომპანიად ჩამოყალიბდა.

2015 წელს Georgian Products-მა ევროპაში პირველი პროდუქცია - „კატის ხე“ გაუშვა. ამ ეტაპზე ქართული ბრენდი  წამყვან ევროპულ კომპანია Zooplus-თან თანამშრომლობს. მისი ყველაზე დიდი მიმწოდებელი და შესაბამისად,  შინაური ცხოველების ავეჯის ბაზარზე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.

Georgian Products-ის წარმოებაში 500 -მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები