დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვლის დასაწყისში ბაქოში მეორე ფილიალს გავხსნით - „ლუკა პოლარეს“დირექტორი

თებერვლის დასაწყისში ბაქოში მეორე ფილიალს გავხსნით - „ლუკა პოლარეს“დირექტორი

2024-01-22 15:00:00

კომპანია „ლუკა პოლარეს“ დირექტორი თეა თაბაგარი Business Insider Georgia-სთან 2023 წელს აფასებს და 2024 წელს დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს: 

  • როგორ შეაფასებთ „ლუკა პოლარეს“ საქმიანობას 2023 წელს? რა იყო კომპანიის მთავარი წარმატება და გამოწვევები?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, თავისი წარმატებებით და გამოწვევებით. საქართველოს ბაზარზე გამოწვევების მიუხედავად, პოზიტიურად დავხურეთ 2023 წელი. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და აზერბაიჯანში წარმოებისა და პირველი ფილიალის გახსნა იყო.

  • როგორ შეაფასებთ აზერბაიჯანის ფილიალის საქმიანობას და სხვა საექსპორტო ბაზრებსაც თუ განიხილავთ?

ბაქოში ფილიალი გავხსენით 2023 წლის ზაფხულში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილიალის საქმოანობა წარმატებით მიმდინარეობს. უკვე გვყავს ერთგული სტუმრები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ ჩვენს კაფეში და ახალი სეზონიდან მეტ აქტიურობას ველით. ბაქოში დიდი გეგმები გვაქვს, მიმდინარე სეზონზე რამდენიმე ახალ ფილიალს გავხსნით. ზოგადად საექსპორტო მიმართულებას რაც შეეხება, აზერბაიჯანის პარალელურად, ვმუშაობთ რამდენიმე ახალ ბაზარზეც მეზობელ ქვეყნებში.

  • ცნობილია, რომ „ლუკა პოლარემ“ დაიწყო გაყინული პროდუქციის წარმოება. გაამართლა თუ არა ამ მიმართულებამ?

შეფუთული პროდუქტების ხაზი ინდუსტრიული ნაყინის წარმოებით დავიწყეთ. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ 1 ლიტრიანი შეფუთვით ყველაზე პოპულარული სახეობები შეიძინონ. დიდი მოთხოვნის შესაბამისად, ინდუსტრიული ნაყინი მალევე სუპერმარკეტ „გუდვილშიც“ გავიტანეთ.

მას შემდეგ შეფუთულ პროდუქტებს დავამატეთ ბულანჟერიის ხაზი. ჩვენს კაფეებში, ყოველ დილით ადგილზე ცხვება კრუასანი, პენ ო შოკოლა, სხვადასხვა სახეობის ხვეულები და ჩვენი სტუმრებისთვის ერთგვარი ტრადიციაა დილის ყავასთან ერთად ცხელ-ცხელი გემრიელი დესერტების მირთმევა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრებისთვის ეს პროდუქტები გაყინული ფორმითაც შეგვეთავაზებინა, რომ სასურველ დროს და სასურველ ადგილას შეძლონ ახალი პროდუქტის დაგემოვნება. პირველ ეტაპზე წარმოებაში ჩავუშვით გაყინული კრუასანი, ცოტა ხნის წინ კი დავამატეთ გაყინული „პენ ო შოკოლა“. ვფიქრობ, ეს ხაზი შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება გახდეს. ჩვენ ვზრუნავთ სტუმრების განწყობაზე, რათა „ლუკა პოლარეს“ უფრო მეტი გემრიელი პროდუქტი გააყოლონ ხელს.

  • რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს?

2024 წელი აქტიური და დატვირთული წელი გვექნება, გაფართოება იგეგმება როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე აზერბაიჯანში. მოიაზრება სხვა ახალი ქვეყნის საკითხის გააქტიურებაც. კონკრეტულ გეგმებს მოგვიანებით უფრო დეტალურად გაგიზიარებთ. ახლავე რაც შეგვიძლია დავაანონსოთ, თებერვლის დასაწყისში ბაქოში მეორე ფილიალს გავხსნით.

  • ამ დროისთვის კომპანია რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი და რამდენი ადამიანს ასაქმებთ?

„ლუკა პოლარე“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 5 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ქობულეთი, რუსთავი) 23 ფილიალით და აზერბაიჯანში 1 ფილიალით. ამ ეტაპისთვის 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული ორივე ქვეყანაში, თუმცა აქტიურ სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები