დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წინანდლის მუზეუმი კირილ ზდანევიჩის გამოფენას მასპინძლობს

წინანდლის მუზეუმი კირილ ზდანევიჩის გამოფენას მასპინძლობს

2024-04-13 15:21:00

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. გამოფენილი ნამუშევრები წარმოადგენს მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივას 1910-იანი წლების კუბო-ფუტურისტული კომპოზიციებიდან 1960-იან წლებში შესრულებულ პეიზაჟებამდე.

 

კირილ ზდანევიჩი (1892-1969), ქართველი მოდერნისტი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ე.წ. კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართულ სახვით ხელოვნებაში მოდერნისტული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. თბილისური ავანგარდის ცენტრში მყოფმა მხატვარმა მეტწილად განსაზღვრა ქართული მოდერნიზმის ძირითადი არტისტული პროცესები და მხატვრული ტენდენციები. მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში აისახა მულტიკულტურული თბილისის პოლიფონია და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის თითოეული მხატვრულ-ისტორიული პერიპეტია: ფიროსმანაშვილი, „ფუტურისტთა სინდიკატი“, ჯგუფი „41°“, არტისტული კაფეები და მათი მოხატულობა, ქართული თეატრი და არტისტული წიგნი, თუ საბჭოთა რეჟიმი და მისი ტოტალური გავლენა ხელოვნებასა და ადამიანზე.

 

კირილ ზდანევიჩის ნამუშევრების გამოფენის გახსნა მორიგი მნიშვნელოვანი მოვლენაა წინანანდლის მამულის კულტურულ ცხოვრებაში. სიმბოლურია, რომ გამოფენის გახსნის დღეს ალექსანდრე ჭავჭვაძის სახლ-მუზეუმში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს სამხატვრო აკადემიასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის, რომელიც ითვლისწინებს თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, ასევე ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკა/სტაჟირების ხელშეწყობას და სხვ.

 

"თავიდანვე, როდესაც წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციას მოვკიდეთ ხელი, გვინდოდა, რომ ამ ადგილის კულტურული ტრადიცია აღვედგინა და საერთაშორისო მნიშვნელობის განათლების და ხელოვნების ცენტრად გვექცია. წლების განმავლობაში წინანდალში უწყვეტად იმართება მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. დავაარსეთ წინანდლის ფესტივალი, ვაწყობთ დიდი ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენებს, 1 მაისს ვუმასპინძლებთ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპულ კონცერტს. სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შემატებს წინანდლის კომპლექსის საქმიანობას. აქვე მინდა გამცნოთ, რომ სილქნეტი და სილქჰოსპითალითი არიან წლევანდელ ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონის სპონსორები. " -გიორგი რამიშვილი

 

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილია კირილ ზდანევიჩის ნამუშევრები გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის დათვალიერება წინანდლის მუზეუმის სტუმრებს ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ღონისძიების წარმდგენია კომპანია სილქნეტი. მასპინძელი - სილქ ჰოსფითალითი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები