დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურისტული სეზონი ზომიერი დატვირთვით დაიწყო, ვეცდებით მაღალ ნიშნულზე გავიდეთ - „აჭარა ტური“

ტურისტული სეზონი ზომიერი დატვირთვით დაიწყო, ვეცდებით მაღალ ნიშნულზე გავიდეთ - „აჭარა ტური“

2023-07-07 10:50:51

მიმდინარე ტურისტული სეზონი საკმაოდ ნორმალურად მიდის, არის 10-15%-იანი კლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს დანაკლისი ივლისის თვეში დაბალანსდება, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი თავართქილაძემ განუცხადა.

როგორც  „აჭარა ტურის“ მენეჯერი აცხადებს, რომ 2022 წელს პირველი პოსტპანდემიური წელი იყო, როცა ტურისტების ნაწილი საქართველოდან გავიდა. ამ სექტორზე ასევე გავლენა აქვს რეგიონში შექმნილ ვითარებას. 

„რეგიონში არასტაბილურობამ გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჩვენს ტურისტულ სტატისტიკაში მოხვდა. წლევანდელი წელი შედარებით ზომიერი დატვირთვით დაიწყო. ვფიქრობ, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები დაემატება აჭარას. ვიცით, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება არაბული ქვეყნებიდან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ტურისტების ვიზიტების რაოდენობით, 2022 წლის ნიშნულზე გავიდეთ“, - ამბობს თავართქილაძე.

უქმდება თუ არა შავი ზღვის დაბინძურების გამო აჭარაში ჯავშნები? ამ კითხვაზე პასუხისას „აჭარა ტურის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჯავშნების გაუქმების მიზეზად ეს პრობლემა არ დასახელებულა. 

„ყოველთვის, ყველა სეზონზე რაღაც რაოდენობის ჯავშნები უქმდება. თუმცა ამჯერად არ ყოფილა ის პრეტენზია, რომ ჯავშნებს შავი ზღვის დაბინძურების გამო აუქმებდნენ. ექსპერტები ამბობენ, რომ წელს ბათუმის აკვატორიას დაბინძურება არ ემუქრება და სპეციალურ ლაბორატორიებს თუ დავუჯერებთ, წელს წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია“, - აცხადებს თავართქილაძე.

 „აჭარა ტურის“ გენერალური დირექტორის თქმითვე, ზოგადად ტურისტულ სერვისებზე  ლარის კურსის გამყარებამ უცხოურ ვალუტაში ფასების ზრდა გამოიწვია.

„ფაქტობრივად ეს არის ექსპორტი, როდესაც ჩვენ ქართულ პროდუქციას ვყიდით, სასტუმრო იქნება თუ სხვადასხვა სერვისები. ლარის კურსის გამყარებამ უცხოურ ვალუტაში ფასების ზრდა გამოიწვია. რადგანაც ძალიან ბევრ სერვისს ჩვენ ვყიდულობთ ეროვნულ ვალუტაში. ლარში კი ფასები არ შეცვლილა და არ შემცირებულა. ამდენად მოგვიხდა უცხოურ ვალუტაზე მორგება. რა თქმა უნდა ამან უცხოურ ვალუტაში, დოლარსა და ევროში ფასების ზრდა განაპირობა. საუბარია 10-15%-ზე, რომელიც გამოწვეულია ლარის კურსის გამყარებით.

რაც შეეხება შეკვეთებს და ჯავშნებს, ფაქტობრივად 2022 წლის დონეზეა. მარტი, აპრილი, მაისი იყო ვარდნა 20-25%-იანი, ივნისი უკვე იყო გასული წლის ნიშნულზე და ვფიქრობთ, რომ ივლისში უკვე გაიზრდება პირდაპირი ფრენების დამატების ფონზე. სხვა შემთხვევაში ყველაზე ცუდი სცენარით შარშანდელ მაჩვენებლებს გავიმეორებთ“, - ამბობს ტურისტული კომპანიის მენეჯერი.

ირაკლი თავართქილაძის თქმით, „აჭარა ტური“ აქტიურად მუშაობს ტურისტების შემოყვანაზე ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უზბეკეთიდან, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან, ირანიდან, პოლონეთიდან და არაბული ქვეყნებიდან.

„ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესოა კაზინო ტურები, გასტრონომიული ტურები, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის კი მთავარი შავ ზღვაზე დასვენებაა. ასევე საინტერესოა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის გაცნობა. ქართული გასტრონომია არის ნებისმიერი ტურისტისთვის მიზიდულობის ცენტრი“, - აცხადებს თავართქილაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები