„ბი ვი ქონსალთინგი“ კონკურენციის სააგენტოს 2025 წლის ანგარიშზე
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც ასახავს განხორციელებული მოკვლევების, მონიტორინგის, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებებისა და სხვა სტატისტიკას. სააგენტოს საქმიანობის შესახებ საუბრობს ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში სააგენტომ ჩაატარა 6 მოკვლევა კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის:
• დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება - 4;
• შეთანხმებული ქმედება - 1;
• არაკეთილსინდისიერი კონკურენცია -1.
მიმდინარე მოკვლევებს შორის აღსანიშნავია სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიმართ დაწყებული მოკვლევა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების შესახებ. დასრულებული მოკვლევების ფარგლებში (მათ შორის, ფარმაცევტული ბაზრის საქმე II, ავტო-იმპორტიორთა საქმე და ა.შ.) სააგენტომ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმები ჯამური 1 407 633,01 ლარის ოდენობით.
კონცენტრაციების თვალსაზრისით 2025 წელს სააგენტომ განხილული 18 შეტყობინებიდან ყველა მათგანზე გასცა თანხმობა, ერთ შემთხვევაში - ქცევითი ხასიათის ვალდებულებების შესრულების პირობით (ინტელექტუალური საკუთრების უფლების შელახვის თავიდან აცილების მიზნით). ამასთან, ყოველწლიურად იზრდება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების რიცხვი. სააგენტომ გამოავლინა მსგავსი 14 შემთხვევა, რის შედეგადაც ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ 204 414.93 ლარის ოდენობით ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ კონცენტრაციები ძირითადად განხორციელდა სწრაფი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქტების (FMCG) და სამშენებლო სექტორში.
ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ აგრეთვე მოიკვლია FMCG სექტორი და დაადგინა, რომ 2025 წელს ბაზრის საცალო დონე დაბალ-კონცენტრირებულია და არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია. მიუხედავად ამისა, სექტორის დინამიური განვითარების ფონზე არსებობს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის, როდესაც საცალო სექტორს გააჩნია შესაძლებლობა, მიმწოდებლებს უკარნახოს სავაჭრო პირობები. მიმწოდებლების მხარეს არსებული ძლიერი კომპანიები თავადაც ცდილობენ ქსელში შესვლისას საცალო სექტორს კონკურენტზე უკეთესი პირობები შესთავაზონ (მაგ. „ქეშბექი“).
ბაზრის მონიტორინგი, სხვა სექტორებთან ერთად, აგრეთვე განხორციელდა სასურსათო პროდუქტების იმპორტის ბაზართან მიმართებით. სააგენტო აღნიშნავს, რომ იმპორტიორი კომპანიების მიხედვით შეფასებული პროდუქტების იმპორტის ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მხოლოდ 2 პროდუქტის ბაზარზე ფიქსირდება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელი.
2025 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში შესულ განცხადებათა რიცხვი 65%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, დასრულებულ საქმეთა 90% კი გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ. განხილულ საქმეებში ლიდერობს ონლაინ და საბითუმო/საცალო ვაჭრობა, ხოლო მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს თანხის დაბრუნება ან/და ნაკლიანი ნივთის შეკეთება.
სააგენტო ანგარიშში აგრეთვე ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დამკვიდრდა 2025 წლის პრაქტიკით. მაგალითისათვის, დადგინდა მოვაჭრის ვალდებულება, უზრუნველყოს საქონლის მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს მომხმარებლის უფლება, მიიღოს იმავე კატეგორიის ალტერნატიული საქონელი იგივე ფასდაკლებით, რაც იმოქმედებდა მარაგების არსებობის შემთხვევაში;
2025 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ სააგენტო აქტიურად იკვლევს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, თუმცა წარმოდგენილი მონაცემები ერთდროულად ავლენს ბაზრებზე არსებულ რიგ სტრუქტურულ გამოწვევებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძალთა დისბალანსის საკითხი FMCG სეგმენტში, სადაც არსებული მდგომარეობა, შესაძლებელია წარმოადგენდეს დამატებით სირთულეს, განსაკუთრებით - მცირე/საშუალო ზომის და ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, სათანადოდ და სრულფასოვნად იყვნენ წარმოდგენილნი სავაჭრო ქსელებში. აგრეთვე იკვეთება კონცენტრაციების კონტროლის პრაქტიკაში არსებული ხარვეზები, რაც მიუთითებს, რომ კონკურენტული გარემოს სრულყოფა კვლავ საჭიროებს როგორც გაძლიერებულ ზედამხედველობას, ისე - ბიზნესის მხრიდან კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფას.
სხვა სიახლეები
2026 წლის პირველი ნახევარი „ბი ვი ქონსალთინგისთვის“ საკმაოდ დინამიკური და შედეგიანი იყო - ვახტანგ შურღაია
28.08.2026.19:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ბი ვი ქონსალთინგისთვის“ დინამიკური და შედეგიანი აღმოჩნდა. კომპანიაში ამ პერიოდში გაიზარდა როგორც კლიენტების რაოდენობა, ისე მოთხოვნა გრძელვადიან და კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებაზე, მათ შორის აუთსორსინგულ მხარდაჭერაზე.
Business Insider Georgia „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველ პარტნიორს, ვახტანგ შურღაიას, 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებზე, იურიდიულ მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორი იყო „ბი ვი ქონსალთინგისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი - რა ძირითად შედეგებს, ცვლილებებსა და მიღწევებს გამოყოფდით ამ პერიოდის
შეჯამებისას?
2026 წლის პირველი ნახევარი „ბი ვი ქონსალთინგისთვის“ საკმაოდ დინამიკური და შედეგიანი იყო. ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად აუცილებლად გამოვყოფდით, როგორც კლიენტების რაოდენობის, ისე არსებული კლიენტების მხრიდან მოთხოვნების ზრდას. განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბიზნესების მხრიდან არა მხოლოდ ერთჯერად, კონკრეტულ საკითხზე იურიდიული კონსულტაციის მიღების, არამედ გრძელვადიანი და კომპლექსური იურიდიული მხარდაჭერის საჭიროება.
პირველ ნახევარში გაიზარდა მოთხოვნა აუთსორსინგულ იურიდიულ მომსახურებებზე, რაც, ჩვენი შეფასებით, ბიზნესისთვის იურიდიული ფუნქციის უფრო ეფექტიანად მართვის სურვილს უკავშირდება. კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში იურიდიული საკითხები დროულად იყოს იდენტიფიცირებული და რისკები პრობლემად ქცევამდე იქნეს მართული. სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ ჩვენი მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას კლიენტისთვის არა მხოლოდ უკვე არსებული პრობლემის გადაწყვეტაში, არამედ პრევენციულ სამართლებრივ მხარდაჭერაში.
ამასთან, პოზიტიურად შევაფასებდით სასამართლო წარმომადგენლობის მიმართულებასაც. 2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა ჩვენი სასამართლო დავების მიმართულებით მიღწეული შედეგების ეფექტიანობა და მოგებული დავების პროცენტული მაჩვენებელი. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლო პრაქტიკაში წარმატება მხოლოდ საქმის მოგებას არ ნიშნავს მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავება, მტკიცებულებების ეფექტიანი მართვა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა პროცესის ყველა ეტაპზე.
საბოლოო ჯამში, პირველი ნახევრის მთავარი შედეგი ჩვენთვის არის ის, რომ „ბი ვი ქონსალთინგი“ კიდევ უფრო მეტად ჩამოყალიბდა ბიზნესისთვის ყოველდღიურ სამართლებრივ პარტნიორად, რომელიც კლიენტს ეხმარება, როგორც მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ მართვაში, ისე უფრო რთული და მაღალი რისკის მქონე საკითხების გადაწყვეტაში.
როგორ შეიცვალა კომპანიების მხრიდან იურიდიულ მომსახურებაზე მოთხოვნა 2026 წლის პირველ ნახევარში და რომელ მიმართულებებზე გაიზარდა ყველაზე მეტად დაინტერესება?
2026 წლის პირველ ნახევარში კომპანიების მხრიდან იურიდიულ მომსახურებაზე მოთხოვნა როგორც მოცულობის, ისე შინაარსის თვალსაზრისით შეიცვალა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ისეთ მომსახურებებზე, რომლებიც ბიზნესს ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივად სწორად და ეფექტიანად მართვაში ეხმარება. კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ უკვე წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტა, არამედ რისკების წინასწარ იდენტიფიცირება და მათი პრევენცია.
ცალკე აღსანიშნავია შრომითი მიგრაციის მიმართულება, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა პრაქტიკული ხასიათის მომსახურებებზე. კომპანიებს სულ უფრო ხშირად სჭირდებათ კვალიფიციური მხარდაჭერა უცხოელი თანამშრომლების დასაქმებასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივად სწორად და ეფექტიანად მოსაგვარებლად.
საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ბაზარზე იურიდიული მომსახურების მიმართ დამოკიდებულება უფრო პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული ხდება. ბიზნესს დღეს სჭირდება არა მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრება ან ცალკეული დოკუმენტის მომზადება, არამედ პარტნიორი, რომელიც კონკრეტულ საკითხს ბოლომდე მიჰყვება, სწორად აფასებს შესაძლო რისკებს და სამართლებრივ ცოდნას რეალურ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებად ქმნის. სწორედ ასეთი კომპლექსური და პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომა, ჩვენი შეფასებით, არის „ბი ვი ქონსალთინგის“ მომსახურებებზე გაზრდილი მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
რა გეგმები აქვს „ბი ვი ქონსალთინგს“ 2026 წლის მეორე ნახევრისთვის?
2026 წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი მიზანია იმ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება, რომელიც კომპანიამ წლის პირველ ნახევარში აიღო. პირველ რიგში, გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ „ბი ვი ქონსალთინგის“ როგორც ბიზნესის გრძელვადიანი სამართლებრივი პარტნიორის როლი და კლიენტებს შევთავაზოთ მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მათი საქმიანობის რეალურ საჭიროებებს.
ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ბიზნესგარემოში იურიდიული მომსახურების მთავარი ღირებულება მხოლოდ სამართლებრივი ცოდნა აღარ არის. მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად შეგიძლია პრობლემის იდენტიფიცირება, რამდენად პრაქტიკულად შეგიძლია მისი გადაწყვეტა და რამდენად ეფექტიანად შეგიძლია კლიენტის სამართლებრივი ინტერესების დაცვა.
მეორე ნახევარში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ სერვისების განვითარებას, რომლებზეც ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაიზარდა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის მეორე ნახევრში, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხარისხის, ეფექტიანობისა და ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება. ჩვენი მიზანია, „ბი ვი ქონსალთინგი“ ბიზნესისთვის იქცეს გრძელვადიან სამართლებრივ პარტნიორად, რომელიც არა მხოლოდ უკვე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებს, არამედ კომპანიებს ეხმარება, შესაძლო რისკები წინასწარ დაინახონ, გადაწყვეტილებები სწორად შეაფასონ და საკუთარი საქმიანობა უფრო დაცულად და ნაკლები რისკით განავითარონ.