მეწარმე სუბიექტის ელექტრონული პორტალი და პრაქტიკული გამოწვევები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა, დარეგულირდა ელექტრონული პორტალის შექმნა ბიზნეს-სუბიექტებისათვის. აღნიშნული პორტალის არსსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგ ენიჭება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი (ერთიანი ელექტრონული პორტალი), სადაც ხდება წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის ატვირთვა და გამოქვეყნება. აღნიშნული ელექტრონული პორტალის მართვაზე პასუხისმგებელია ბიზნეს-სუბიექტის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი (ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი).
პორტალზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მათში განხორციელებული ცვლილება, საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა, განთავსებული კაპიტალის ცვლილება, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება, სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის შესახებ ანგარიში და ა.შ. ამ დოკუმენტაციის გამოქვეყნების მიზანია გამჭირვალობის უზრუნველყოფა და პარტნიორების/კრედიტორების/მესამე პირების ინფორმირება საზოგადოებაში მიმდინარე საკითხებზე. მაგალითისათვის, პორტალზე გამოქვეყნებას ექვემდებარება შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ.
მიუხედავად ელექტრონული პორტალის ამგვარი დანიშნულებისა, ზოგიერთ შემთხვევაში მასზე დოკუმენტების გამოქვეყნება შესაძლოა დაბრკოლდეს გარკვეული ტექნიკური წინაღობით. მაგალითად, კანონის თანახმად, სააქციო საზოგადოების აქციონერი უფლებამოსილია, ხელმძღვანელი პირების მიერ კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება. ასეთ დროს საზოგადოების ელექტრონულ პორტალზე კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება დაუბრკოლებლად გამოქვეყნდება.
მეორე მხრივ, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი არ იწვევს კრებას, ელექტრონულ პორტალზე კრების მოსაწვევის გამოქვეყნება შესაძლოა ტექნიკურად დაბრკოლდეს. ასეთ შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს შპს-სთვის, რაც პრაქტიკაში ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებას აფერხებს.
მეწარმეთა შესაქხებ საქართველოს კანონის 128-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუ პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ ინიციატორი პარტნიორების მოთხოვნის წარდგენიდან 20 დღის ვადაში ის არ მოიწვევა, ინიციატორ პარტნიორებს უფლება აქვთ, თავად მოიწვიონ რიგგარეშე კრება. თუმცა, საჯარო რეესტრს არ აქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა და ზოგიერთ შემთხვევაში პარტნიორთა ინიციატივით კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კრების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა აფერხებს პარტნიორთა უფლების რეალიზებას. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება სასამართლოს ჩარევა და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულ პორტალზე.
ამდენად, ელექტრონული პორტალი წარმოადგენს ბიზნეს-სუბიექტის ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთ გარანტს. აუცილებელია, შპს-ს პარტნიორებს არ შეექმნათ ტექნიკური წინაღობა და საჯარო რეესტრმა დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა პარტნიორებისათვის სასამართლოს ჩარევის გარეშე, კანონის შესაბამისად, კრების მოსაწვევის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნების საშუალების მიცემით.
სხვა სიახლეები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები
02.06.2026.17:34
2026 წლის 29 მაისს ძალაში შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფას, გამჭვირვალობისა და კონკურენტული გარემოს გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში ახალი მექანიზმების დანერგვასა და არსებული პროცედურების დახვეწას. ცვლილებებზე დეტალურად ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია საუბრობს.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა „ეკონომიკური ოპერატორის“ ცნების განსაზღვრა. აღნიშნული ტერმინი მოიცავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, პირთა გაერთიანებასა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახორციელებს. ახალი რეგულაციების მიზანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არაკეთილსინდისიერი მონაწილეობის პრევენცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადება შეიზღუდება იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულნი არიან შავ სიაში რეგისტრირებულ სუბიექტებთან. შეზღუდვა გავრცელდება როგორც იმ შემთხვევებზე, როდესაც ეკონომიკური ოპერატორის დამფუძნებელი ან წილის მფლობელი შავ სიაში რეგისტრირებული პირია, ასევე მაშინ, როდესაც ასეთ პირს სხვა ეკონომიკურ ოპერატორში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს ან ფლობს კანონით განსაზღვრულ წილს.
ამასთან, გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომებიც. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაძლებელია მისი შავ სიაში რეგისტრაციის ორ წლამდე ვადით.
გარდა ზემოხსენებული სიახლისა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად სახელმწიფო შესყიდვების სისტემას დაემატა ორი ახალი მექანიზმი - ჩარჩოშეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. აღნიშნული ინსტრუმენტები მიზნად ისახავს შესყიდვების პროცესის გამარტივებას, მოქნილობის გაზრდასა და როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ისე ეკონომიკური ოპერატორებისათვის უფრო ეფექტიანი გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კატალოგი ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას მისცემს, საკუთარი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსონ და შესყიდვებში მონაწილეობა გამარტივებული წესით მიიღონ. ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სტანდარტიზებული და განმეორებითი შესყიდვებისთვის, სადაც დროისა და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვა არსებით როლს თამაშობს.
როგორც აღინიშნა, გარდა ელქტრონული კატალოგისა კანონში შეტანილი ცვლილებებით ვხვდებით ჩარჩოშეთანხმების ინსტრუმენტს. მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში მხარეებს წინასწარ შეუძლიათ შეთანხმდენენ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ძირითად პირობებზე, მათ შორის მოსალოდნელ ფასსა და საჭიროების შემთხვევაში რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩარჩოშეთანხმების ორივე მხარეს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე სუბიექტი.
ზემოხსენებული მექანიზმებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო რეგულირება ასევე გავრცელდა ქვეკონტრაქტორებზე. პროექტის თანახმად ქვეკონტრაქტორი არის პირი, რომელსაც ძირითადი მიმწოდებელი კანონით დადგენილი წესით გადასცემს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს. თუმცა, პროცესის მეტი კონტროლისთვის, კანონი აწესებს სავალდებულო შეტყობინების პრინციპს: ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორის ჩართულობის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი ასრულებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების სულ მცირე 10%-ს, ან ხელშეკრულების იმ კონკრეტულ, მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციით. ამასთან, გაიმიჯნა მხარეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობებიც, რაც შემსყიდველს დამატებით გარანტიებს უქმნის. კანონის თანახმად, ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასა თუ შესრულებულ სამუშაოზე სრული პასუხისმგებლობა კვლავ ძირითად მიმწოდებელს ეკისრება. ხოლო, რაც შეეხება ქვეკონტრაქტორების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და უფრო დეტალურ წესებს, ისინი სამომავლოდ ცალკეული კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.
ცვლილებების შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება მიეცათ დაადისკვალიფიცირონ ის პრეტენდენტები, რომელთა ხელმძღვანელი პირები (დირექტორი ან/და პარტნიორი) ნასამართლევია ფინანსური თუ სამოხელეო დანაშაულისთვის.
ამავდროულად, სისტემური ეფექტურობისა და რესურსების ოპტიმიზაციისთვის, კანონში შეტანილი ცვლილებებით დაინერგა ცენტრალიზებული შესყიდვების პრაქტიკა. ახალი მიდგომით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მთავრობას პირდაპირ შეეძლება ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მეშვეობით. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ეძლევათ შესაძლებლობა, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საკუთარი შესყიდვების წარმოება მიანდონ ცენტრალიზებულ შემსყიდველ ორგანოს.