სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესი
2026 წლის 12 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების პრივატიზების წესებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების რამდენიმე გზა:
• აუქციონი;
• პირდაპირი მიყიდვა;
• უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
კანონის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად კი განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის წინაპირობები (მათ შორის და არა მხოლოდ):
• საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობა;
• უძრავი ქონების დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებობა, როდესაც მას საკუთარ უძრავ ნივთზე განხორციელებული აქვს არანაკლებ 100 000 000 ლარის ინვესტიცია/დანახარჯი;
• სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობა სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისა თუ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა მიზნით;
• საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები.
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მმართველის მიერ. ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში აქტი კარგავს ძალას.
მეორე მხრივ, აუქციონის გზით პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge). აუქციონში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენა, რომლის ოდენობას უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველი ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს მას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების/ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აუქციონის წესებისა და პირობების ზუსტ დაცვას. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
სხვა სიახლეები
ფასთა ინდექსაციის წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები - რა უნდა გაითვალისწინონ მიმწოდებლებმა
12.10.2026.13:58
2026 წლის 5 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №245 დადგენილებაში. ცვლილებების შესახებ დეტალურად საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ ფასთა ინდექსაციის მოთხოვნის უფლების გამოყენება შესაძლებელია სამუშაოების დასრულების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე, შემსყიდველისათვის მიმართვის გზით. თუ მიმწოდებელი მიმართავს შემსყიდველს ფასთა ინდექსაციის გამოყენებაზე, იგი ვალდებულია, სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ სამუშაოების დასრულებამდე სრულ პერიოდზე წარადგინოს შემსყიდველთან საქსტატის დასკვნა თითოეულ თვეში შესრულებულ სამუშაოებზე.
დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრა, რომ გარდამავალი დებულებით დადგენილი წესები კვლავ ვრცელდება 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, თუმცა არა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულ და 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებულ ტენდერებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ გახანგრძლივდა დროებითი წესით სარგებლობის შესაძლებლობის ვადა - მიმწოდებელი უფლებამოსილია, დადგენილების ამოქმედებიდან 150 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აგრეთვე გახანგრძლივდა მოთხოვნის ვადა შემდეგი სამუშაოებისათვის:
ა) 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა;
გ) მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.
აღნიშნულ შემთხვევებში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში (ნაცვლად 60-ისა) მიმართოს შემსყიდველს ხელშეკრულებაზე დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით.
საყურადღებოა, რომ ცვლილების შედეგად დადგენილებით გათვალისწინებულია პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდული სამუშაოების შემთხვევაც. კერძოდ, თუ ხელშეკრულებით მიწოდების ვადა აღემატება 12 თვეს, ამ ვადის შემდეგ შესრულებულ სამუშაოებსა და გაცემულ დავალებებზე გამოიყენება ფასთა ინდექსაცია, მიუხედავად იმისა, რომ დავალების ფარგლებში სამუშაოების შესრულების ვადა შესაძლოა იყოს 12 თვეზე ნაკლები. ასეთ დროს მიმწოდებელი ფასთა ინდექსაციის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს შემსყიდველს მიწოდების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე. საქსტატის დასკვნა შეიძლება შემსყიდველთან წარდგენილ იქნეს ყოველთვიურად ან სამუშაოების დასრულებამდე ნებისმიერ დროს, მიმწოდებლის მიერ შერჩეულ პერიოდში.
დადგენილება განსაზღვრავს აგრეთვე სანქციებს მიმწოდებელთათვის - სამუშაოების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საქსტატის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, გამოიყენოს გარანტია სრული ოდენობით და, ამავდროულად, დააკისროს პირგასამტეხლო მიმწოდებელს.
ცვლილების შედეგად აგრეთვე განსხვავებულად ჩამოყალიბდა დროებითი წესი ფასთა ინდექსაციის თაობაზე, კერძოდ:
• დადგენილება აღარ ითვალისწინებს დროებითი წესის ფარგლებში მხოლოდ ბიტუმისა და დიზელის ფასთა ინდექსაციას (და შესაბამის გამოთვლის წესს);
• ფასთა ინდექსაცია შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების ღირებულების 60%-ს;
• ფასთა ინდექსაცია ვრცელდება შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ზემოთ მოცემული პროცენტული ოდენობის ფარგლებში.
დროებითი წესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასთა ინდექსაცია ხორციელდება შესაბამის თვეს შესრულებული სამუშაოების პერიოდის ბოლო დღიდან 49 დღით ადრე, საქსტატის მიერ საბაზისო ინდექსთან მიმართებით შესაბამისი თვის დადგენილი ინდექსის მიხედვით. ამავდროულად, დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული სანქციები.
საყურადღებოა, რომ ცვლილების შედეგად დადგენილებით განსაზღვრული 12-თვიანი შეზღუდვა ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებით (როდესაც სამუშაოების შესრულების ვადა 12 თვე ან ნაკლებია) არ ვრცელდება დროებითი წესით განსაზღვრულ პროცედურასა და მოთხოვნებზე.
ცვლილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე (2026 წლის 6 ოქტომბერს) და ვრცელდება 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.