„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის ივნისის ბოლოს დაამტკიცა საქართველოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიზნით ახალ რეგულაციებს აწესებს.
აღნიშნულ ცვლილებებს მიმოიხილავს შპს „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია:
ახალი რეგულაციების გაცხადებული მიზანია შრომის ბაზრის დაცვა და არალეგალური დასაქმების შემთხვევების აღმოფხვრა. უპირველესად აღსანიშნავია, რომ აღნიშული რეგულაციების გამკაცრების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმების უფლების მისაღებად დასჭირდებათ სპეციალური ნებართვის მოპოვება, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სწორედ აღნიშნული ნებართვის მოპოვების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ლეგალურად დასაქამდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ლეგალურად დასაქმების ნებართვის მოპოვების პროცედურებს, ისე ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს დამსაქმებლებისათვის.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კვალიფიკაციის კრიტერიუმებს და ამასთან დამსაქმებლმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოს ბაზარზე კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად კადრები დეფიციტურია. ნებართვის მოპოვების მიზნით დამსაქმებელმა უნდა მიმართოს სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის დასაქმების უფლების გაცემის ნებართვის მოსაპოვებლად, აღნიშული წესი განსხავდება თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ასეთ დროს განაცხადი შეაქვს თვითდასაქმების მსურველ უცხოელს.
სამინსიტროს მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის საკონსულოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნებართვის მოპოვებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა უფლება დასაქმდეს მხოლოდ იმ ადგილობრივ დამსაქმებელთან, რომელმაც გააკეთა შესაბამისი განაცხადი სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან ერთად, განისაზღვრა სანქციები კანონის მოთხოვნათა დარღვვევის შემთხვევეაში, რომლებიც ვრცელდება, როგორც ადგილობრივ დამსაქმებელზე ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. შესაბამისად, კანონდარღვევის დადასტურება გამოიწვევს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი ფაქტის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში სანქციის ოდენობა იზრდება.
სხვა სიახლეები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები
02.06.2026.17:34
2026 წლის 29 მაისს ძალაში შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფას, გამჭვირვალობისა და კონკურენტული გარემოს გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში ახალი მექანიზმების დანერგვასა და არსებული პროცედურების დახვეწას. ცვლილებებზე დეტალურად ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია საუბრობს.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა „ეკონომიკური ოპერატორის“ ცნების განსაზღვრა. აღნიშნული ტერმინი მოიცავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, პირთა გაერთიანებასა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახორციელებს. ახალი რეგულაციების მიზანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არაკეთილსინდისიერი მონაწილეობის პრევენცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადება შეიზღუდება იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულნი არიან შავ სიაში რეგისტრირებულ სუბიექტებთან. შეზღუდვა გავრცელდება როგორც იმ შემთხვევებზე, როდესაც ეკონომიკური ოპერატორის დამფუძნებელი ან წილის მფლობელი შავ სიაში რეგისტრირებული პირია, ასევე მაშინ, როდესაც ასეთ პირს სხვა ეკონომიკურ ოპერატორში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს ან ფლობს კანონით განსაზღვრულ წილს.
ამასთან, გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომებიც. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაძლებელია მისი შავ სიაში რეგისტრაციის ორ წლამდე ვადით.
გარდა ზემოხსენებული სიახლისა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად სახელმწიფო შესყიდვების სისტემას დაემატა ორი ახალი მექანიზმი - ჩარჩოშეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. აღნიშნული ინსტრუმენტები მიზნად ისახავს შესყიდვების პროცესის გამარტივებას, მოქნილობის გაზრდასა და როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ისე ეკონომიკური ოპერატორებისათვის უფრო ეფექტიანი გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კატალოგი ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას მისცემს, საკუთარი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსონ და შესყიდვებში მონაწილეობა გამარტივებული წესით მიიღონ. ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სტანდარტიზებული და განმეორებითი შესყიდვებისთვის, სადაც დროისა და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვა არსებით როლს თამაშობს.
როგორც აღინიშნა, გარდა ელქტრონული კატალოგისა კანონში შეტანილი ცვლილებებით ვხვდებით ჩარჩოშეთანხმების ინსტრუმენტს. მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში მხარეებს წინასწარ შეუძლიათ შეთანხმდენენ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ძირითად პირობებზე, მათ შორის მოსალოდნელ ფასსა და საჭიროების შემთხვევაში რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩარჩოშეთანხმების ორივე მხარეს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე სუბიექტი.
ზემოხსენებული მექანიზმებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო რეგულირება ასევე გავრცელდა ქვეკონტრაქტორებზე. პროექტის თანახმად ქვეკონტრაქტორი არის პირი, რომელსაც ძირითადი მიმწოდებელი კანონით დადგენილი წესით გადასცემს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს. თუმცა, პროცესის მეტი კონტროლისთვის, კანონი აწესებს სავალდებულო შეტყობინების პრინციპს: ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორის ჩართულობის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი ასრულებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების სულ მცირე 10%-ს, ან ხელშეკრულების იმ კონკრეტულ, მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციით. ამასთან, გაიმიჯნა მხარეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობებიც, რაც შემსყიდველს დამატებით გარანტიებს უქმნის. კანონის თანახმად, ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასა თუ შესრულებულ სამუშაოზე სრული პასუხისმგებლობა კვლავ ძირითად მიმწოდებელს ეკისრება. ხოლო, რაც შეეხება ქვეკონტრაქტორების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და უფრო დეტალურ წესებს, ისინი სამომავლოდ ცალკეული კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.
ცვლილებების შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება მიეცათ დაადისკვალიფიცირონ ის პრეტენდენტები, რომელთა ხელმძღვანელი პირები (დირექტორი ან/და პარტნიორი) ნასამართლევია ფინანსური თუ სამოხელეო დანაშაულისთვის.
ამავდროულად, სისტემური ეფექტურობისა და რესურსების ოპტიმიზაციისთვის, კანონში შეტანილი ცვლილებებით დაინერგა ცენტრალიზებული შესყიდვების პრაქტიკა. ახალი მიდგომით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მთავრობას პირდაპირ შეეძლება ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მეშვეობით. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ეძლევათ შესაძლებლობა, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საკუთარი შესყიდვების წარმოება მიანდონ ცენტრალიზებულ შემსყიდველ ორგანოს.