უსამართლო კომერციული პრაქტიკა როგორც ბიზნესსაქმიანობის საფრთხე
„ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში იურიდიული ფირმის ბი ვი ქონსალთინგის მმართველის პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას უსამართლო კომერციულ პრაქტიკაზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნა, ესაა გონივრული ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა ნდობასა და ბრენდის რეპუტაციაზე.
მომხმარებლის, როგორც ე.წ. „სუსტი მხარის“, დაცვა სახელშეკრულებო ურთიერთობებში „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მთავარი მიზანია.
უსამართლო კომერციული საქმიანობა შეიძლება იყოს ყველაფერი რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს ან უბიძგებს მას არასწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ. მაგალითად, კომპანიის მიერ პროდუქტის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ან არასასურველი შეთავაზების გაზავნა. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/29/EC დირექტივაც.
საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის World Bank Group-ის მიერ დაჯილდოვდა, რაც განპირობებულია ბოლო წლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილებით. ერთ-ერთ საქმეზე სააგენტომ აღნიშნა, რომ მოვაჭრე „არ უთითებს „ფეისბუქ“ პოსტებში გასაყიდი საქონლის წარმომავლობისა და ნამდვილობის (ორიგინალობის) შესახებ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში და დადოს ისეთი გარიგება, რომელსაც ინფორმირებულობის შემთხვევაში არ დადებდა. მოვაჭრემ არასწორად მიუთითა პროდუქციის „ორიგინალ“ ხასიათზე, რაც სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით გამოხატულ უსამართლო კომერციულ საქმიანობად.
სხვა შემთხვევაში უმოქმედობით გამოხატულ უსამართლო კომერციულ პრაქტიკად იქნა მიჩნეული გადამზიდი კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის განსაზღვრული შემდეგი პირობა: „კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას გაურკვეველ/დაუზუსტებელ მისამართზე მიტანილ ამანათზე, ასევე იმ ამანათებზე, რომლებზეც ფიქსირდება უცხო პირის ხელმოწერა“. სააგენტომ განმარტა, რომ სახეზე იყო არსებითი ინფორმაციის ნაკლებობა - მოვაჭრის საზღვარგარეთ მდებარე საწყობში მომხმარებლის ამანათის მიღების წესისა და მასზე პასუხისმგებელი ხელმომწერი პირის შესახებ.
მორიგ საქმეზე სააგენტომ დარღვევად მიიჩნია თვალსაჩინო შედეგის გარანტირება პროდუქტის 3 ჯერადი გამოყენების შედეგად და შეთავაზება (ფასდაკლება) შეზღუდული დროში მაშინ, როდესაც რეალურად შეთავაზება აღნიშნული დროის შემდეგაც მოქმედებდა.
რატომ არის საშიში უსამართლო კომერციული პრაქტიკა?
ეთიკური და გამჭვირვალე ბიზნესი ბევრად კონკურენტუნარიანია.
სხვა სიახლეები
ბიზნესის პასუხისმგებლობა AI ჩატბოტისათვის
04.08.2026.16:00
2026 წლის 28 ივლისს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ბიზნეს-სუბიექტის მიერ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მომუშავე ჩატბოტის გამოყენების სტანდარტი მომხმარებელთან ურთიერთობისას. აღნიშნულზე დეტალურად საუბრობს ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე.
განსახილველ საქმეში სააგენტომ მოვაჭრის მხრიდან დაადგინა უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი კომპანია „USA2Georgia”-ს მიერ. საქმეში დადგინდა, რომ მომხმარებელი გამოწერილ ნივთებს მოვაჭრისაგან ვერ იღებდა 1 თვის განმავლობაში (მიუხედავად შესაბამისი შეტყობინების მიღებისა), ხოლო ჩატბოტი (K-AI-A) მომხმარებელს ერთი და იგივე პასუხს სცემს: „კურიერმა აიღო ამანათები ლოქერში განსათავსებლად“, რაც არ შეესაბამებოდა რეალობას. ამავდროულად, ცხელ ხაზზე დარეკვისას ზარი წყდებოდა და მომხმარებელს ეგზავნებოდა შეტყობინება, ესარგებლა WhatsApp-ჩატით ან ონლაინ ანგარიშით.
სააგენტომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
• მოვაჭრის მიერ გამოყენებული K-AI-A სისტემა წარმოადგენს სრულად ავტომატიზებულ, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე ჩატბოტს. მისთვის დამახასიათებელია შეზღუდული საინფორმაციო ჩარჩო ისეთ გარემოებებში, სადაც ამანათის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ მდგომარეობას და აქვს ნაკლები შესაძლებლობა, მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები მოვაჭრის სახელით. შესაბამისად, ჩატბოტი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასმული საკითხის ეფექტურ განხილვას. ჩატბოტის განმეორებადი პასუხი, რომ „კურიერმა აიღო ამანათები ლოქერში განსათავსებლად“ ვერ ჩაითვლება სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებად და საკითხის ეფექტიან განხილვად, ვინაიდან ეს პასუხი რეალობას არ შეესაბამებოდა;
• დადგინდა მოვაჭრის პასუხისმგებლობა მის მიერ გამოყენებული ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მიწოდებულ ინფორმაციაზე - თუ მოვაჭრე მომხმარებელთან კომუნიკაციის ან ვალდებულების შესრულების პროცესში იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებას, იგი პასუხისმგებელია ამ საშუალების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისევე, როგორც საკუთარ განცხადებებსა და ქმედებებზე. ამდენად, თუ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ფუნქციონირების შედეგად მომხმარებელს არ მიეწოდება მომსახურების შესახებ არსებითი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში საშუალო მომხმარებელს ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება ან ინფორმაცია წარმოდგენილია არასრულად, ამგვარი უმოქმედობა შეიძლება შეფასდეს შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად;
• სააგენტომ მიუთითა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად, ასეთი ტექნოლოგია არ შეიძლება წარმოადგენდეს მომხმარებელთან ურთიერთობის ერთადერთ ან ექსკლუზიურ საშუალებას, როდესაც მომხმარებელს რეალურად არ შეუძლია მოვაჭრესთან კომუნიკაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სცდება კონკრეტული დავის ფარგლებს და აყალიბებს სტანდარტს. კომპანიებისთვის AI აღარ არის მხოლოდ ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდის ინსტრუმენტი, მისი გამოყენება პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რეგულაციურ შესაბამისობას.
ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების ისეთი მართვა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტეს, ეფექტიან კომუნიკაციას და ადამიანის ჩართულობის რეალურ შესაძლებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისტემა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. ბიზნესში AI-ის აქტიური გამოყენების პირობებში სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, თუ რა სტანდარტებით შეფასდება მომავალში ტექნოლოგიის პასუხისმგებლიანი გამოყენება საქართველოში.