მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

19-21 ივნისს Global Tech Weekend Tbilisi 2026 ჩატარდა: საქართველო რეგიონის ტექნოლოგიურ ეპიცენტრში

news image
mbc image

2026 წლის 19-21 ივნისი ლოკალური ტექნოლოგიური სცენისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღებია. სწორედ ამ დღეებში გლობალ ტექ ვიქენდმა მთელი მსოფლიოდან 10,000-ზე მეტ ადამიანს თბილისში უმასპინძლა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებს მისცა ცოდნა, შთაგონება და ახალი თანამშრომლობების უნიკალური შესაძლებლობა. 

ეს არ იყო ჩვეულებრივი ფესტივალი, სადაც ადამიანები ერთ უცვლელ ადგილას რამდენიმე დღის განმავლობაში განსაზღვრული დროით მიდიან და გამოსვლებს უყურებენ. ეს იყო სხვადასხვა ლოკაციაზე გაშლილი ინტერაქციული ღონისძიებების სერია, სადაც კონფერენციების მოსმენის და ვორქშოფებში ჩართვის პარალელურად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თბილისი, გაეცნოთ ადგილობრივები და შეეგრძნოთ ქალაქის პულსი. 19 ივნისს, პარასკევს, სტუმრები სწორედ ასეთი ფორმატით ჩაერთნენ ვორქშოფებში, ლექციებში და დახურულ სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც მოძრაობის პარტნიორი კომპანიების სამუშაო სივრცეებში, კულტურულ დაწესებულებებში და უნივერსიტეტებში მოეწყო. 

150-ზე მეტი ბრენდი და 200-ზე მეტი სპიკერი ერთ სივრცეში

მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში გაიმართა, სადაც მთელი დღის განმავლობაში 5 სცენა უწყვეტ რეჟიმში მასპინძლობდა სპიკერებს. სასაუბრო დრო დაეთმო ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, როგორიც არის: მეტა, Fuckup Nights, Monday.com, დოლჩე და გაბანა და სხვები. 

,,ჩვენი მოძრაობის ხიბლი მრავალფეროვნებაშია. გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი არ ჩაიკეტა მხოლოდ ტექნოლოგიურ ნიშაში, არამედ გასცდა მას და მოიცვა მომიჯნავე ინდუსტრიები. ეს აისახა სტუმრების პროფესიულ არაერთგვაროვნებაზეც: ჩვენს მოწყობილ პავილიონებში ნახავდით როგორც Web3 დეველოპერებს და სოც. მედია ინფლუენსერებს, ისე სპორტის ანალიტიკოსებს და მოდის მიმომხილველებს. სცენა მივეცით ყველას, ვისაც საკუთარი პროფესიიდან მნიშვნელოვანი მიგნებების გაზიარება ფართო აუდიტორიისთვის უნდოდა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემების გაერთიანება უპრეცედენტო მასშტაბით შევძელით და ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.” – გვიყვება მარიამ ჭიკაძე, მოძრაობა გლობალ ტექ ვიქენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

შაბათს გამართული მთავარი ღონისძიების ერთ-ერთი მიღწევაა ისიც, რომ სრულიად განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებს ერთმანეთის პირადად გაცნობისა და შესაძლო კოლაბორაციებზე მსჯელობის სივრცე მიეცათ. ამისთვის სპეციალურად იყო გამოყოფილი ნეთვორქინგის ზონები, სადაც იდეების გაზიარება მყუდრო გარემოში შეიძლებოდა. 

Factory Tbilisi სექტორულ პავილიონებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანში განსხვავებული შინაარსის აქტივობები იყრიდა თავს. აქ იყო ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული პლატფორმა: სტარტაპების სცენა, ტექნოლოგიების სცენა, მომავლის ინოვაციების სცენა, გლობალური სცენა და თეატრის სცენა. 

ზოგი სცენა დამსწრეებისგან მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვდა, რადგან საუბრები ღრმად ტექნიკური იყო და მათ გასააზრებლად აქტიური მოსმენის მდგომარეობაში ყოფნა იყო საჭირო. სხვა სცენაზე კი გამოსვლები ბევრად უფრო დინამიურად მიმდინარეობდა, რადგან Keynote-ბს შორის შუალედებში 60-ზე მეტი სტარტაპი თავის იდეებს მსოფლიო დონის ინვესტორებთან ფიჩავდა.

ექსპო ზონებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ არტ ინსტალაციები და ე.წ immersive გამოფენების ნაწილი გამხდარიყვნენ. ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელოვნებო სივრცეების ინტეგრირებამ დამატებითი გრავიტაციული ძალა შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც კულტურული გამოცდილებები მნიშვნელოვანია.

გლობალ ტექ ვიქენდის მთავარ ღონისძიებაზე 10+ ინდუსტრია გაერთიანდა:

• ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech

• ფინტექი და ბანკინგი

• ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი

• ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა

• ვიდეოთამაშები და eSports

• სპორტი

• კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები

• ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა

• ჯანმრთელობის ტექნოლოგიები

• მედია და ციფრული მარკეტინგი

• ხელოვნება და კულტურა

ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ, რომ მომდევნო წელს GTWT-ზე კიდევ უფრო მეტი მიმართულება დაიფაროს და ღონისძიებები მეტად ყოვლისმომცველი იყოს.

დასკვნითი ღონისძიება და შეჯამება

21 ივნისის სესიები ერთგვარად გადატვირთვის საშუალებას აძლევდა სტუმრებს, სპიკერებს და ყველას, ვინც გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. ამ დღეს მოეწყო არაფორმალური ბიზნეს შეხვედრები, კულტურული ღონისძიებები და დახურვის ცერემონია Kiketi Farm-ში, სადაც ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს 150-ზე მეტ პარტნიორს ნდობისთვის და ასევე ისაუბრეს მოძრაობის საერთაშორისო თუ ლოკალურ გეგმებზე. 

შეგახსენებთ, რომ გლობალ ტექ ვიქენდი 2024 წელს ლოს ანჯელესში დაარსდა და თბილისში პირველად 2025 წელს გამოჩნდა. ახლა კი უკვე მეორედ უმასპინძლა  კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას. 

თუ გსურთ მიჰყვეთ მოძრაობის სიახლეებს, გამოიწერეთ GTWT-ს ოფიციალური სოც. მედია არხები: Instagram, Facebook, LinkedIn

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ბიზნესს შეხვდა

08.11.2026.11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
 
„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ - ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რომლებზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა ჩვენ არ გვინდა გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა.
„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას“, - განაცხადა ხან ჭენგმა.
 
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი.
ოფიციალურ მიღებას საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა