ინვესტიციების მზარდი დინამიკა საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება - „კედარო ჯგუფი”
„კედარო ჯგუფი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას უძრავი ქონების მართვისა და განვითარების მიმართულებით საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, ეფექტურ და გამჭვირვალე სერვისებს.
მისი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რომლებიც ინდივიდუალურად უდგებიან თითოეულ პროექტს და უზრუნველყოფენ სანდო, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობას.
როგორია დღეს უძრავი ქონების ბაზარი და რა ხედვები აქვს „კედარო ჯგუფს“ – ამ თემებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ასევე საერთაშორისო ბიზნეს-მედია საშუალების Kedaro News-ის და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Gate Capital-ის თანადამფუძნებელს ეკატერინე ჭიღლაძეს ესაუბრა.
- რამდენი წელია რაც „კედარო ჯგუფი“ ბაზარზეა, რა ძირითად მიმართულებებზე მუშაობს კომპანია?
- „კედარო ჯგუფი” უკვე 5 წელია რაც უძრავი ქონების ბაზარზეა. მისი ძირითადი მიმართულებაა მშენებარე და მეორად ბაზარზე უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, საინვესტიციო პოტენციალის შექმნა და შეფასებაა.
- კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც საცხოვრებელი, ისე ბიზნეს და საინვესტიციო ქონებას, თქვენი შეფასებით რომელი მიმართულება ვითარდება ამჟამად ყველაზე სწრაფად და რატომ?
- რთულია გამოყო მიმართულებები, რადგან პროცესი მუდმივად ცვალებადია. წლის განმავლობაშიც კი, კვარტალურად, სხვადასხვა მიმართულება ხდება აქტუალური. ამას განაპირობებს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენები. უძრავი ქონების ბაზარი მგრძნობიარეა პროცესების მიმართ, შესაბამისად, მტკიცედ რაიმეს თქმა, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი.
ზოგადად, თუ განვიხილავთ თბილისს, საცხოვრებელი და საინვესტიციო მიმართულება თანაბრად აქტუალურია. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმზე, სადაც მოთხოვნის უდიდესი წილი მოდის საინვესტიციო დანიშნულებაზე.
- საქართველოში როგორი ვითარებაა დღეს უძრავი ქონების ბაზარზე? რომელ სეგმენტებში ხედავთ ყველაზე დიდ ინტერესს?
- საბედნიეროდ, იანვრიდან ბაზარი გაცოცხლდა. ეს განაპირობა ქვეყანაში შედარებით სტაბილურმა მდგომარეობამ. გახსოვთ ალბათ წინა წელი აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ამ სექტორს. თუმცა ახლა იჯარის ფასები დასტაბილურდა, ხელოვნურად მომატებული ფასები დაუბრუნდა ადეკვატურ ნიშნულს, რაც ჩემთვის პირადად პოზიტიური მოვლენაა. გაყიდვების ტემპიც გაუმჯობესებულია.
- დღეისათვის რამდენი პროექტი გაქვთ აღებული სარეალიზაციოდ და მიმდინარე წლის 7 თვის გაყიდვებით რამდენად კმაყოფილები ხართ?
- ჩვენი ძირითადი მიმართულება, რაშიც ფაქტობრივად შეუდარებლად კარგები ვართ, არის მეორადი უძრავი ქონების ექსკლუზიური მართვა. თვის ჭრილში ჩვენ მუდმივად ვმართავთ საშუალოდ 30 უძრავ ქონებას. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ კარგი რეპუტაციის მქონე დეველოპერულ კომპანიებთან და მათ პროექტებში ჩვენ მიერ გაყიდული ქონების წილი საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ივლისის თვეში, ერთ დღეში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას ჯამურად 1 756 000 ლარის ღირებულების საინვესტიციო აპარტამენტები გავუყიდეთ.
- „კედარო ჯგუფი" ახდენს ინვესტორის დაკვეთის დამუშავებას და საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე შესაბამის ქონების მოძიებას, როგორ მუშაობთ საინვესტიციო შეკვეთებზე? რას მოიცავს „დაკვეთის დამუშავება“ პრაქტიკაში?
- ეს იმდენად კომპლექსური მიდგომაა, ვფიქრობ ეს ფორმატი არ მეყოფა.
პირველ რიგში, ამ ადამიანებს სჭირდებათ ობიექტური ინფორმაცია - რა ხდება ქვეყანაში, წლიდან წლამდე როგორ ვითარდება ეკონომიკა და რა რეგულაციებია. შემდგომ ვეკითხებით - რა მოლოდინები აქვთ. ამის შემდგომ კი გადავდივარ მათთვის კონკრეტული მიმართულებების გაცნობაზე - რა ვადაში და რა ტიპის უძრავ ქონებაში სურთ ინვესტირება, სჭირდებათ თუ არა შემდგომ ამ ინვესტიციის მართვა, ჩვენთან მუდმივი კომუნიკაცია და ასე შემდეგ. მთავარი არ არის რამდენად სწორ ინვესტიციას ახორციელებ, მთავარია რამდენად სწორად მართავ და როგორ რეაგირებ დადებით ან უარყოფით ცვლილებებზე. ჩემთვის პირადად ეს ნაწილი, პროფესიულად ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და საინტერესოა.
- რამდენად დაინტერესებულია უცხოელი ინვესტორი ქართულ უძრავი ქონების ბაზრით და მათი მხრიდან რა ტიპის ობიექტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა. საუბარია როგორც ბრენდულ სასტუმროს ქსელებზე, ასევე სამშენებლო კომპანიებზე. ცხადია ეს დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მზარდი დინამიკაა შედარებით პატარა ინვესტიციებზეც.
ზოგადად უცხოელი ინვესტორებისგან ინტერესი არის, თუმცა სიფრთხილით ეკიდებიან. მათ ხიბლავთ ჩვენს ქვეყანაში დაბალი გადასახადები, სახელმწიფოსგან ბიზნესის მიმართ ლიბერალური მიდგომა, თუმცა აშინებთ მუდმივად ცვალებადი სტატისტიკა. ეს ერთგვარი მუშა პროცესია. სწორი დამოკიდებულებით ვფიქრობ ამ რისკების მართვა შესაძლებელია.
- თქვენი კომპანია ახდენს ქონების შეფასებას. როგორია შეფასების სტანდარტები და რომელი ინდიკატორებია ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ჩვენი კომპანია შეფასებას აკეთებს მხოლოდ ძველი თბილისის არეალში და ეს შეფასება კეთდება ინდივიდუალურად, არამხოლოდ საბაზრო ანალოგების შედარების გზით, არამედ შენობის მდგრადობის, მისი ისტორიული ღირებულებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინებით. ზოგადად სტანდარტი ასეთია - უძრავი ქონება საქართველოში ფასდება ანალოგების მეთოდით, რაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არასწორ სურათს გვაძლევს. თუმცა, ეს არ არის იმდენად დიდი პრობლემა რომ ამან გააჩინოს რისკები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საზომი გახდა ბანკის შეფასება - ესეც იმიტომ რომ უმრავლესობა ყიდულობს საბანკო კრედიტით და ამ ყველაფერს პირველ ეტაპზე სჭირდება შეფასება. შესაბამისად, ინდივიდუალური შეფასების კულტურა ჯერ დიდად არ გვაქვს. ალბათ ამ მიმართულებითაც გაუმჯობესდება გარემო.
- უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება. როგორ აჰყვა „კედარო ჯგუფი“ ამ ცვლილებებს და რას სთავაზობთ კლიენტებს, რაც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?
- მე ასე ვიტყოდი - იცვლება მხოლოდ მომხმარებლის ქცევა და ჩვენ მუდმივად პულსზე გვაქვს ხელი. მთავარი რაც გამოგვარჩევს არის მომსახურების ხარისხი - ჩვენ არ ვმუშაობთ რაოდენობისთვის, ჩვენთვის უმთავრესია დამკვეთმა მიიღოს კომპლექსური სერვისი ჩვენგან და მას გაუჩნდეს სურვილი განმეორებით დაგვიკავშირდეს და გაგვიწიოს რეკომენდაცია. ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით რეპუტაციას. უკვე 5 წელია რაც ექსკლუზიურად ვმართავთ სხვადასხვა ქონებას და გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ნებისმიერი სირთულის მოლაპარაკებას გავუმკლავდეთ.
- როგორია თქვენი ხედვა მომდევნო 3-5 წლისთვის, გეგმავთ თუ არა განვითარებას სხვა სეგმენტებში ან რეგიონულ გაფართოებას?
- იმ დღიდან, რაც ამ სფეროში ვარ, ჩემი მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე წარმატებულ საინვესტიციო ქვეყნად წარმოვაჩინო. სწორედ ამიტომ, “კედარო ჯგუფის” შემდეგ შევქმენი საერთაშორისო მედია-პლატფორმა Kedaro News, სადაც იდება მასალები საქართველოს უძრავი ქონების შესახებ. ასევე, პარტნიორთან ერთად, ახლახან დავაფუძნე კიდევ ერთი კომპანია Gate Capital, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში. თითოეული ორგანიზაცია ემსახურება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას და გაჯანსაღებას.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება უძრავ ქონებაში ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ, იყენებთ თუ არა ამგვარ ინოვაციებს?
- ჩვენ დაარსების დღიდან ვართ ტექნოლოგიური კომპანია. გვაქვს საკუთარი ვებ-გვერდი Kedarogroup.ge, სადაც განთავსებული გვაქვს ჩვენს მართვაში არსებული
ქონებები
საიტზე მართვის პანელში ჩაშენებული გვაქვს CRM სისტემა, რაც გვიმარტივებს მოლაპარაკებების მართვას.
ვთანამშრომლობთ სხვა პლატფორმებთან, ათვისებული გვაქვს სოციალური არხები. სერვისების ნაწილში დამკვეთს ვთავაზობთ: ფოტო, ვიდეო, აერო 3D გადაღებას
შეუძლებელია იყო მუდმივად კარგი, თუ არ ვითარდები და ამას დროში ძალიან სწრაფად არ აკეთებ. ამ ნაწილში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.