20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
„თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს - ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა საბურავების ნარჩენებისგან ტაბახმელა გაწმინდეს. მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, ტერიტორიიდან 20 ტონამდე, ანუ დაახლოებით 2 500-3 000 ცალი, საბურავი გაიტანეს. პრობლემა „თეგეტა გრინ პლანეტის“ გუნდმა თავად აღმოაჩინა, ინიციატივა შესაბამის უწყებებთან შეათანხმა და აქციის ლოგისტიკური მხარეც უზრუნველყო. ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ტაბახმელაში გამართული აქცია „თეგეტას“ გარემოსდაცვითი და კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტივობა არ არის - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვმუშაობთ საავტომობილო სექტორში და გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ იმაზეც, სად აღმოჩნდება პროდუქტი მას შემდეგ, რაც რესურსს ამოწურავს. ტაბახმელა სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, სადაც ბუნებას წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენით საფრთხე ექმნებოდა. დღეს კი ეს ტერიტორია სუფთაა.
ყოველი მსგავსი აქცია მხოლოდ გაწმენდილი ტერიტორია არ არის - ეს გზავნილია საზოგადოებისთვის. გვინდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ საბურავი არის რესურსი, რომელსაც სწორი მართვის შემთხვევაში ახალი სიცოცხლე და ეკონომიკური ღირებულება აქვს“.

ტაბახმელაში საბურავები დიდ ფართობზე იყო გაფანტული, რაც სამუშაოს როგორც ხანგრძლივობაზე, ისე ტექნიკის მობილიზებაზე აისახა.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „უკონტროლოდ დაყრილი საბურავები გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნარჩენია - როგორც ხანძარსაშიშროების, ისე დაშლის ხანგრძლივი ვადის გამო. შესაძლოა, ისინი აალდეს და დიდი ტერიტორია დაზიანდეს. მეორე მხრივ, გახურებისას საბურავი სხვადასხვა მავნე აირს გამოყოფს, თუ მისი შენახვის წესები დაცული არ არის. ამასთანავე, ძალიან რთულია იმის კონტროლი, რაში გამოიყენებენ ამ ნარჩენებს - შესაძლოა, ვინმემ არაკეთილსინდისიერად მართოს და, მაგალითად, უბრალოდ, დაწვას.
ამიტომ ჩვენთვის, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ნარჩენები გარემოს ავარიდოთ და შესაბამისად ვმართოთ. ტაბახმელიდან გატანილი საბურავები „თეგეტა გრინ პლანეტის“ პარტნიორ კომპანია „რექსოლთან“ გადავიდა, „თეგეტა ჰოლდინგთან" დაკავშირებულ საბურავების გადამმუშავებელ საწარმოსთან, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. „რექსოლს“ საბურავების დასაწყობების ნებართვა აქვს და ნარჩენს შესაბამის პირობებში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ინახავს. მომდევნო ეტაპზე კი, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ნარჩენი უკვე საქართველოშივე გადამუშავდება. შედეგად, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც მინარევის სახით მოდიფიცირებულ ასფალტში ურევენ. ამ ტერმინს „რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი“ ჰქვია და ევროპულ ქვეყნებში საგზაო მშენებლობაში აქტიურად გამოიყენება“.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ მსგავს გარემოსდაცვით აქციებს რეგულარულად მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მასშტაბური სამუშაოები უკვე შესრულდა თბილისის შემოვლით გზაზე, ასევე ბაკურიანსა და გიორგიწმინდაში. ჯამში, კომპანიამ გარემოს უკვე 120 ტონამდე მეორადი საბურავი აარიდა.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა და ავტორიზებულია სამი მიმართულებით - აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ნარჩენების მართვის. კომპანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე მუშაობს. მგვ ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებული პრინციპია, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში შეიქმნა. ეს არის მიდგომა, რომელიც მწარმოებელს ავალდებულებს, საკუთარი ნარჩენი თავადვე მართოს. „თეგეტა გრინ პლანეტი“ მსგავსი ტიპის აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
გარემოს დაცვა „თეგეტას“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით კილოგრამი საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.
„თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
სხვა სიახლეები
ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით
04.11.2026.13:53
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა, კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი უნარების განვითარება სურს, პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მათთვის სასურველ მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით და პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყონ.
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?
სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი აკადემიები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიულ მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა:
• აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;
• Tbilisi School of Communication;
• Academy of Digital Industry;
• Smart Academy;
• IT Academy STEP;
• Headvice;
• BDO Academy;
• ScaleUp;
• სქილვილი (Skillville);
• AgileSchool;
• Smart Fish Academy;
• Edutech Academy;
• Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;
• ნეომაინდ აკადემია;
• Sky21;
• რე ედუქეითი;
• ელექტრონული აკადემია;
• დიზაინის ინსტიტუტი;
• ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.
რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?
პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.
კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
1. ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;
2. აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;
3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
4. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge