2019-25 წლებში IT და ფინანსური სერვისების სექტორებში დასაქმების სწრაფმა ზრდამ ხელი შეუწყო ახალი ოფისების დატვირთვას, თუმცა მომდევნო წლებში ტემპის შენელებაა მოსალოდნელი - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,საოფისე უძრავი ქონება თბილისში”აქვეყნებს, სადაც ბაზრის ტენდენციები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები დეტალურადაა გაანალიზებული. ,,2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი - 55% - კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო. თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული.
2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. მოთხოვნას მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.
2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო. ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
27.05.2026.18:00