2022 წელს საქართველოში 116 ტელემაუწყებელი და 43 რადიო იყო - კახა ბექაური
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მაუწყებლობის სფეროში არსებული ტენდენციები მიმოიხილა. "გასულ წელს, საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი და 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი იყო. გვყავს 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი" - განაცხადა მან.
თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 755 000 იყო, ხოლო, ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით, აბონენტების ყოველწლიური საშუალო ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს გაუტოლდა. მისივე თქმით, გასულ წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებული საშუალება კვლავ IPTV იყო, რომლის წილიც 81.3%-ს შეადგენდა.
სიტყვით გამოსვლისას, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 79.9 მილიონი ლარი იყო, ხოლო აქედან 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციულმა რეკლამამ, 6.3 მილიონი კი - რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.