2024 წლისთვის აგრარული პრეპარატების ასორტიმენტს 20%-ით ვზრდით - ,,აგროსიმა"
სოფლის მეურნეობაში რთული სეზონის მიუხედავად, მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზატორი და საკონსულტაციო კომპანია ,,აგროსიმას" საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გამოწვევა კი ძირითადად უამინდობამ გამოიწვია, თუმცა ფერმერულ მეურნეობებს მცენარეთა დაცვისა და მოვლის მიმართულებით მუშაობა არ შეუჩერებიათ და ამ მხრივ გარკვეული შედეგიც დაიდო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia - თან საუბრობს.
მისი თქმით, აგრარულ კომპანიებს და ფერმერებს სთავაზობენ კულტურული მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების რიცხოვნობის რეგულირების დაცვის სქემებს, რომელიც ცალკეული რეგიონის აგრომეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად არის შექმნილი.
,,აგროსიმაში" შეძენილ პროდუქციას თან ერთვის შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია, რაც მომხმარებლებს ეფექტური და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებაში ეხმარება. ასეთი კი ათეულობით კომპანიაა, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ნორმალური შედეგია. ჩვენი სერვსიების მიმართაც მოთხოვნა მატულობს. ასორტიმენტში 40 პრეპარატია წარმოდგენილი და ეს მაჩვენებელი 2024 წლისთვის 20%-ით გაიზრდება. გავზრდით დასაქმებულთა რაოდენობასაც", - ამბობს ირაკლი ქოროღლიშვილი.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე საკმაოდ დიდია კონკურენცია, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ კუთვნილი ნიშის გამყარებას. ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი პირობა პროდუქციის ხარისხის და მაღალი დონის მომსახურებაა, რასაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.
მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტს ,,აგროსიმა" იტალიიდან, ესპანეთიდან და უკვე თურქეთიდან ახდენს. სათესლე მასალის იმპორტი აშშ-დან ხორციელდება.
ცნობისთვის, შპს „აგროსიმა“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.
კომპანიამ საწყის ეტაპზე საქმიანობა 5 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 40-მდეა. მომავალ წელს ასორტიმენტს 24 ახალი დასახელება დაემატება.
,,აგროსიმაში" ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული, უახლოეს მომავალში მათ რიცხვს 3 ახალი კადრი დაემატება.
დასაქმებულებიდან 5 აგრონომია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.