2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.7 %-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.3 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.8 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით.
2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.78 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.9 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.0 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.09 და 0.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2 პროცენტით.
სხვა სიახლეები
თაობა ახალი იდეებით - გაიცანით სალომე მიქელაძე, 23 წლის ასაკში შექმნილი სამი გამორჩეული სივრცით
12.06.2026.17:49
Breakfast is, კანცელარია და ლონდა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია - ამ სივრცეების უკან 23 წლის სალომე მიქელაძე დგას, რომელმაც შეუპოვრობით და მონდომებით დასახულ მიზნებს მიაღწია.
სალომეს გზა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონდა. საკუთარი ადგილის შექმნის სურვილმა პირველ პროექტამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა Breakfast is, იდეით, რომ ადამიანებს დღე ენერგიულად და დადებითი ემოციებით დაეწყოთ, რადგან საუზმე ხომ ზუსტად ის დროა, რომელიც მთელი დღის განწყობას ქმნის.
დილის ენერგიას მოგვიანებით საღამოს იდილიის შექმნის სურვილი მოჰყვა. კანცელარია შეიქმნა მათთვის, ვისაც სანთლის შუქზე საუბარი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, გემრიელი საკვები და ნატურალური ღვინო უყვარს.
“კანცელარია არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ჩემთვის ეს მხოლოდ რესტორანი ან ბარი არასდროს ყოფილა - უფრო შეხვედრების, ემოციების გაზიარებისა და მოგონებების შექმნის ადგილია.”
მესამე პროექტი ლონდა - შედარებით მასშტაბურია. მასში სალომემ წინა წლებში დაგროვილი ცოდნა და ხედვა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ადგილი სხვადასხვა განწყობას ატარებს, მათი მთავარი იდეა მაინც საერთოა - ინტერიერით, მომსახურებით, გემრიელი მენიუთი სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციის შექმნა.
ყოველდღიური გამოწვევები და მოძრაობის სიყვარული
ამ ინდუსტრიაში სიმშვიდე იშვიათია. ახალგაზრდა ასაკში სამი სივრცის მართვა მუდმივ მოძრაობასა და გამოწვევებს ნიშნავს. სალომესთვის ეს პროცესი ყოველდღიურად ახალი პრობლემის გადაჭრის უნარს ითხოვს, რაც მისთვის საქმის განუყოფელი და საინტერესო ნაწილია:
“წარმატების გზაზე ყოველთვის იქნება რთული პერიოდები, დაღლა და იმედგაცრუება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა არ შეგცვალოს როგორც ადამიანი - შეინარჩუნო შენი დამოკიდებულება, ენთუზიაზმი და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ.”
სირთულეების დაძლევაში სალომეს ეხმარება ის, რომ მუდმივად ჩართულია საქმეში. როგორც ამბობს, ბიზნესის განვითარება შეუძლებელია პროცესზე უშუალო დაკვირვებისა და მასში მონაწილეობის გარეშე.
მომავლის ხედვა და ახალი იდეები
სალომე გაჩერებას არ აპირებს. წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია და ახლა უკვე ისეთ ბრენდზე ფიქრობს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და სტუმართმოყვარეობის კულტურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
შეუპოვრობა იმ თაობის საერთო განწყობაა, რომელსაც საკუთარი ენერგიით რეალური ცვლილებები მოაქვს. თაობას, რომელიც სულ მოძრაობს, არ ჩერდება და არ ასვენებს ახალი იდეები, მოჰყავს მომავალი, უფრო ძლიერი, ლაღი და თავისუფალი.