2026 წელს, დღემდე, ,,გალტ & თაგარტის“ გუნდმა მონაწილეობა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო - ქეთევან თოიძე
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ქეთევან თოიძე 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი დინამიკური იყო „გალტ & თაგარტისთვის“ ყველა მიმართულებით.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ ფუნდამენტური როლი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. 2026 წელს, დღემდე, ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო, რაც მოიცავს კორპორატიულ ობლიგაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) ტრანზაქციებს, ევრობონდებსა და Treasury მიმართულების ოპერაციებს.
წინა წლის ძლიერი დასასრულის გაგრძელება იყო წლევანდელი წლის წარმატებული პირველი ნახევარი საბროკერო მიმართულებისთვისაც. ამ კუთხით გვაქვს რამდენიმე საინტერესო წამოწყება, რაც ემსახურება როგორც მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე შიდა სისტემების გაძლიერებასაც. ვაფართოებთ კონტრაგენტულ ქსელს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი ბაზარი დავფაროთ და მომხმარებლებს უნიკალური გამოცდილება შევთავაზოთ. მაგალითად, ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ UZNIF-ის IPO-ში, რომელიც გულისმობს პირველად ემისიას უზბეკეთის საინვესტიციო ფონდისთვის, რომელიც ისტორიული IPO იყო უზბეკეთისთვისაც. ასევე, ჩვენი ჩართულობით, მომხმარებლებმა მიიღეს მონაწილეობა SpaceX-ის IPO-ში, სტრუქტურული პროდუქტის მეშვეობით. დამატებით, გვაქვს წვდომა საერთაშორისო ფონდებზე, რაც ძალიან საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ჩვენი მომხმარებლებისთვის.
როგორია ძირითადი ტენდენციები კაპიტალის ბაზარზე?
ქართული კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება. მხოლოდ 2025 წელს ადგილობრივ ბაზარზე 1.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განთავსდა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს და 2024 წლის მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია. ამ კუთხით გამორჩეულია 2026 წელიც, სადაც მიმდინარე პერიოდის შედეგები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
სულ უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს ობლიგაციებს, როგორც გრძელვადიან და მოქნილ რესურსს დაფინანსების წყაროს დივერსიფიცირებისთვის. ამ ტენდენციას თან ახლავს ინვესტორთა ბაზის თანდათანობითი გაფართოება. ბაზარზე ძლიერდება ინსტიტუციური ინვესტორების როლი და იზრდება უცხოელი ინვესტორების ინტერესი ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ. ამასთანავე, ფართოვდება ემიტენტების წრეც, ბაზარზე სულ უფრო მეტი ახალი კომპანია შემოდის, რაც კაპიტალზე წვდომას სრულიად ახალ სექტორებს უხსნის.
სწორედ ბაზრის ეს დინამიკა და ინვესტორთა მზარდი ნდობა გვაძლევს საფუძველს, ითქვას, რომ კაპიტალის ბაზრის გაფართოების ტემპი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება იმ მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერება, რომლებიც გალტ & თაგარტის გრძელვადიან განვითარებას და რეგიონულ გაფართოებას ემსახურება.
პირველ რიგში, გავაგრძელებთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას და შევეცდებით, კიდევ უფრო მეტი კომპანიისთვის გავხადოთ კაპიტალის ბაზარი საინტერესო. პარალელურად, გავაძლიერებთ საბროკერო მიმართულებას, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გაფართოების, ისე ახალი საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზების კუთხით.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?
2026 წლის შედეგებთან მიმართებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. პირველი ნახევრის დინამიკა გვაძლევს საფუძველს, ველოდოთ, რომ წლის ბოლოს გალტ & თაგარტი კიდევ უფრო გააძლიერებს პოზიციებს როგორც საინვესტიციო საბანკო და საბროკერო მიმართულებებში, ისე კვლევისა და ანალიტიკის კუთხით.
საბოლოო ჯამში, 2026 წელს ველოდებით არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ ხარისხობრივ წინსვლასაც - უფრო განვითარებულ კაპიტალის ბაზარს, უფრო ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გაძლიერებულ კვლევით და რეგიონულ პოზიციონირებას.
სხვა სიახლეები
რაჭულ ლორზე მოთხოვნა იზრდება - „ლორუკამ“ წარმოება 30%-ით გაზარდა
06.11.2026.12:00
„ლორუკა“ რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმოება განავითარა და საქმიანობა ეტაპობრივად გააფართოვა. Business Insider Georgia კომპანიის მიმდინარე სიახლეების, საქმიანობის განვითარების მიმართულებებისა და 2027 წლის სამომავლო გეგმების შესახებ „ლორუკას“ დამფუძნებელს, მარიამ ლებანიძეს ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს „ლორუკას“ ამ ეტაპზე და როგორ ვითარდება კომპანიის საქმიანობა მიმდინარე წელს? რა შედეგებით აფასებთ 2026 წლის განვლილ პერიოდს?
2026 წელი კომპანიისთვის აქტიური ზრდის პერიოდია. თანამშრომლობა კიდევ სამ რესტორანთან დავიწყეთ და ამ ეტაპზე წარმოება დაახლოებით 30%-ით გვაქვს გაზრდილი. კვლავ ვინარჩუნებთ ჩვენს ნიშას ქართულ ბაზარზე და ვაგრძელებთ საქმიანობის განვითარებას.
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა რაჭულ ლორზე და რა ფაქტორებმა განაპირობა წარმოების ზრდა?
ამ ეტაპზე წარმოებაში მხოლოდ ლორი დავტოვეთ, რადგან ის ჩვენი ძირითადი პროდუქტია და მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რესტორნები თავად გვიკავშირდებიან თანამშრომლობის დასაწყებად ან განახლებისთვის. მათ შორის არიან ისეთი ობიექტებიც, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლობა დროებით შეწყდა და რომლებმაც ახლა ჩვენი პროდუქტის მიწოდების აღდგენა მოისურვეს.
ამასთან, ჩვენს პროდუქციას ახალი რესტორნები და ბარებიც ამატებენ. მოთხოვნის ზრდის პარალელურად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ არსებულ ტემპს და მომხმარებლების საჭიროებები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.
ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან, პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებულ რესტორნებსა და ბარებთან. ისინი ჩვენი პროდუქციით კმაყოფილი არიან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განვითარების კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს.
როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რა მიმართულებებით აპირებთ საქმიანობის განვითარებას 2027 წელს?
გვინდა, თანამშრომლობა კიდევ რამდენიმე რესტორანთან გავაფორმოთ. როგორც 2026 წელი დაეთმო წარმოების ზრდასა და საქმიანობის გაფართოებას, ანალოგიური ტენდენციის შენარჩუნებას ვგეგმავთ 2027 წელსაც. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ წარმოების მოცულობა და ვითანამშრომლოთ უფრო მეტ პარტნიორთან.
ინფორმაციისთვის, კომპანია, პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.