2026 წელს SKILLWILL-ის სტუდენტების რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება - გიორგი მარიამიძე
საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კოლეჯი სტუდენტებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და სწავლის პროცესშივე კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. წლის დარჩენილ პერიოდში SKILLWILL-ი რეგიონულ გაფართოებას, ახალი პროგრამების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს.
2026 წლის პირველი ნახევრის შედეგების, ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და SKILLWILL-ის სამომავლო გეგმების შესახებ კოლეჯის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-სთან საუბრობს.
როგორ შეაფასებდით SKILLWILL-ისთვის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი SKILLWILL-ისთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი იყო. კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია, როგორც საქართველოში ყველაზე დიდმა ტექნოლოგიურმა კოლეჯმა, გავაფართოეთ საგანმანათლებლო შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სწავლების ხარისხსა და სტუდენტების დასაქმებას.
არსებულ მიმართულებებთან ერთად, მოვამზადეთ ახალი პროფესიული პროგრამები მონაცემთა ანალიტიკის, ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და პროცესების ავტომატიზაციის, IT პროექტების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებებით. ეს პროფესიები პირდაპირ პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მზარდ მოთხოვნას.
განსაკუთრებით გავაძლიერეთ თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან. დღეს SKILLWILL-ს 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებთან ერთადაც სტუდენტებისთვის დასაქმების, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობებს ვქმნით. წლის პირველ ნახევარში გამართულ დასაქმების ფორუმზე ჩვენი სტუდენტები 30-ზე მეტ კომპანიას შეხვდნენ, გაეცნენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს და უშუალოდ ესაუბრნენ დამსაქმებლებს.
ჩემთვის მთავარი საზომი მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის. წარმატებაა, როცა სტუდენტი სწავლის შედეგად იძენს პროფესიას, შემოსავლის მიღების შესაძლებლობასა და საკუთარი მომავლის მართვის უნარს. სწორედ ამიტომ, SKILLWILL-ში განათლებას სწავლის დაწყებიდან კარიერულ განვითარებამდე ერთიან პროცესად განვიხილავთ.
როგორია ძირითადი ტენდენციები განათლებისა და დასაქმების ბაზარზე?
ადამიანები პროგრამას სულ უფრო ნაკლებად ირჩევენ მხოლოდ დიპლომის მისაღებად. მათ სურთ, წინასწარ იცოდნენ, რას ისწავლიან, სად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და რა კარიერულ შესაძლებლობას მიიღებენ. ამიტომ იზრდება მოთხოვნა მოკლე, მოქნილ და პრაქტიკულ განათლებაზე, რომელიც სამუშაოსა და სხვა პასუხისმგებლობებთან შეთავსებადია და შედარებით მოკლე დროში იძლევა კონკრეტულ პროფესიულ შედეგს.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებაა. AI უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების ინსტრუმენტი-ის ცვლის მარკეტინგს, ფინანსებს, მენეჯმენტს, განათლებას, ჯანდაცვასა და მომსახურების სფეროს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და მათი ბიზნესის რეალურ საჭიროებებთან დაკავშირება.
ამავდროულად, იცვლება პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულებაც. ის აღარ აღიქმება უნივერსიტეტის მეორეხარისხოვან ალტერნატივად - ეს არის დამოუკიდებელი, გააზრებული და პრაქტიკული კარიერული არჩევანი. დამსაქმებლისთვის კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ფორმალური განათლება, არამედ კანდიდატის პრაქტიკული გამოცდილება, ტექნოლოგიური კომპეტენციები, პრობლემების გადაჭრის უნარი და მუდმივი განვითარების მზადყოფნა.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება მასშტაბის ზრდა, რეგიონული განვითარება, ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა და სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტია Plan ₿ Foundation-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი SKILLWILL-ის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა. სპეციალურ Training of Trainers - ToT პროგრამას ჩაატარებს შვეიცარიის Università della Svizzera italiana-ს ელექტრონული სწავლების ცენტრი - USI eLab, რომელიც თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების, ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციისა და სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობს.
პროგრამის მიზანია SKILLWILL-ის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების მეთოდიკისა და სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით. გვინდა, მათი პროფესიული განვითარება იყოს უწყვეტი პროცესი, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება რეალურად აისახოს სწავლების მეთოდებსა და სტუდენტების შედეგებზე.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილება და გლობალურ საგანმანათლებლო ცხოვრებაში ჩართულობა. SKILLWILL-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში; წლის ბოლომდე კიდევ ვგეგმავთ საერთაშორისო ვიზიტებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რათა უფრო მეტმა სტუდენტმა შეძლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული კონტაქტების მიღება.
ვაგრძელებთ თბილისისა და ბათუმის კამპუსების განვითარებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქუთაისში ტექნოლოგიური საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. პირველ ეტაპზე იქ ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და Front-End დეველოპმენტის მიმართულებების შეთავაზებას ვგეგმავთ. IT მხარდაჭერის მიმართულებით შესაძლებლობა ექნებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც მეცხრე კლასი უკვე დაასრულეს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე პროფესიული განათლება მხოლოდ დედაქალაქში არ იყოს კონცენტრირებული.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?
ჩვენი მოლოდინი ამბიციურია, თუმცა ის უკვე მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებს ეფუძნება. არსებული დინამიკისა და დაგეგმილი მიღებების გათვალისწინებით, ველოდებით, რომ 2026 წელს SKILLWILL-ის სტუდენტების რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება.
წლის ბოლომდე გვინდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, პრაქტიკულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე. ასევე, უნდა გავზარდოთ იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სწავლის პროცესშივე ითანამშრომლებენ რეალურ კომპანიებთან, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და დაიწყებენ კარიერულ გზას.
2026 წელი SKILLWILL-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გახდეს - რეგიონული გაფართოების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ახალი პროგრამებისა და სწავლების ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი მხოლოდ მასშტაბის ზრდა არ არის: გვინდა, SKILLWILL-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში ძლიერი პროფესიული კადრების მომზადებაში და ადამიანებს მისცეს ცოდნა, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერაზე რეალურ გავლენას მოახდენს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი - ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება.
სხვა სიახლეები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
18.08.2026.12:25
„საგანძურის მარათონში“ კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება - ამჯერად, მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის, არამედ საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან. თითოეული მონაწილეს აქტივობა გავლენას ახდენს მისი საგვარეულოს საერთო შედეგზე, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის.
ყველაზე ძლიერი საგვარეულოს ტიტულისთვის ერთმანეთს ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები და ანაბრიძეები ეჯიბრებიან. ლიდერებს შორის სხვაობა მცირეა, ამიტომ, მარათონის დასრულებამდე ლიდერი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს.
„საგანძურის მარათონში“ ახლა მხოლოდ პირადი გამარჯვება აღარ არის მთავარი - მოთამაშის თითოეული ნაბიჯი საკუთარი საგვარეულოს შედეგზეც აისახება. შესაბამისად, საგვარეულოს გასაძლიერებლად ყველაზე მარტივი გზა თავად მარათონში აქტიურობაა. მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, თამაშში ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართონ და საგვარეულოს ახალი წევრები შემატონ.
მარათონის მასშტაბს საპრიზო ფონდიც აჩვენებს - ფინალური ეტაპისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ამ ეტაპზე, უკვე გამოვლენილი და დასაჩუქრებულია დაახლოებით 200 გამარჯვებული 250 000-ლარიანი საერთო საპრიზო ფონდიდან.
მარათონის ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება - ვინ დაიკავებს პირველი ადგილს: ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები თუ ანაბრიძეები? პასუხი შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს და საბოლოო გამარჯვებულს, სწორედ, მონაწილეების აქტიურობა გამოავლენს.
საგანძურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. „საგანძურის მარათონში“ ჩართვა კი, თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია - შემოდი, იპოვე შენი საგვარეულო და დაეხმარე მას ლიდერობის მოპოვებაში. ვინ იცის, იქნებ სწორედ შენმა აქტიურობამ შეცვალოს რეიტინგი.