მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

2026 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია - „კედარო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი

news image

2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ბუმის ფაზიდან უფრო დაბალანსებულ ეტაპზე გადავიდა - ფასების ზრდა შენელდა, თუმცა ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. როგორ შეიცვალა მოთხოვნა, რომელ სეგმენტებში დაფიქსირდა ყველაზე დიდი აქტივობა და რა მოლოდინებია 2026 წლისთვის, ამ თემებზე სასაუბროდ Business Insider Georgia უძრავი ქონების მართვის სპეციალისტს და „კედარო ჯგუფის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ეკატერინე ჭიღლაძეს დაუკავშირდა.

- როგორ შეაფასებთ 2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების საერთო ბაზრის დინამიკას? რომელ მიმართულებებში დაინახეთ ყველაზე დიდი აქტივობა?

- საქართველოში უძრავი ქონების საერთო დინამიკა 2025 წელს ასეთი იყო: უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა, თუმცა უფრო შენელებული ტემპებით, ვიდრე ბუმის წლებში გვახსოვს. უკეთ რომ ავხსნა, ბაზარი უფრო დაბალანსებულ ფაზაში გადავიდა. 2022–2023–2024 წლებში სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებმა ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, რამაც ფასების ზრდა დააჩქარა. ბოლო პერიოდში მოთხოვნა ნორმალიზდა, მათ შორის ჩაიარა მიგრაციის ფაქტორმაც. გვახსოვს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში როგორ გაიზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს სახლის ფასების ზრდაც ეტაპობრივად ნორმალიზდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ლარში გამოხატული უძრავი ქონების ფასის ინდექსის წლიური ზრდა 4% იყო. უკეთ რომ ვთქვათ, 2025 წელი არ არის ფასების ვარდნის წელი, მაგრამ არც ბუმის წელი, როგორც წინა წლებში გვახსოვს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშიც აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები მდგრადობას ინარჩუნებს. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად დაახლოებით 0.3 პროცენტით არის გაზრდილი.

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის 60% თბილისზე მოდის. უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის მხრივ, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 0.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს (RPPI) თუ გადავხედავთ, 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფასები გაზრდილია დაახლოებით 11.5%-ით; 2025 წლის II კვარტალში ზრდა შენელდა და დაახლოებით 5.4% შეადგინა, ხოლო III კვარტალში, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მატება დაახლოებით 7.0% იყო. ეს ნიშნავს, რომ ფასები არ შემცირებულა, თუმცა ზრდის ტემპი მერყეობდა და აღარ იყო ერთმნიშვნელოვნად სწრაფი.

გაზრდილია აქტივობა პირველად ბაზარზე. როგორც ვიცით, პირველადი ბაზარი დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებულ ტრანზაქციას გულისხმობს, ხოლო მეორადი ბაზარი - ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებულ გარიგებებს. Colliers/Recov-ის მონიტორინგის თანახმად, 2025 წლის ბოლოსკენ ფასების ზრდა თბილისში განსაკუთრებით თვალსაჩინოა დედაქალაქის ბირთვთან ახლოს მდებარე უბნებში, როგორც ახალ, ისე მეორად ბინებზე, ხოლო უშუალოდ ცენტრში, ანუ ყველაზე ძვირ ზონაში, ზრდა შედარებით დაბალია.

Cushman & Wakefield-ის შეფასებით, თბილისში ურბანიზაციის ერთ-ერთი შედეგია გარეუბნების გააქტიურება. დიღომი, ლისი, ისანი-სამგორი და სხვა უბნები, რომლებიც ადრე ქალაქის პერიფერიად მიიჩნეოდა, დღეს ინტეგრირებულია თბილისის ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში. უძრავი ქონების კომპანიები ახალ საცხოვრებელ პროექტებს სწორედ ამ უბნებში ახორციელებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მწვანე კონცეფციაზე. ახალი პროექტები მოიცავს სოციალურ სივრცეებს და ითვალისწინებს მაცხოვრებელთა საჭიროებებს.

- რა ძირითადი ფაქტორები მოქმედებდა წლის განმავლობაში მოთხოვნაზე?

უძრავ ქონებაზე მოთხოვნაზე ძირითადად მოქმედებს იპოთეკური სესხები, მომხმარებელთა შემოსავალი და სეზონური ფაქტორები. ბოლო პერიოდში დეველოპერებმა აქტიურად გამოიყენეს პრესეილების მექანიზმი, გრძელვადიანი გადახდის გრაფიკები და მოქნილი პირობები პირველადი შენატანის მხრივ. ამან მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველადი ბაზრისკენ მიმართა, განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში. მოთხოვნა უფრო ფრთხილი გახდა - ინვესტორები მეტად ფოკუსირდნენ ქირავნობის პოტენციალზე და გაიზარდა მოთხოვნა კომპაქტურ ბინებზე.

- წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ფასები სხვადასხვა კატეგორიაში (საცხოვრებელი, კომერციული, პრემიუმ სეგმენტი)?

- ამ მხრივ, 2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების დინამიკა არ იყო ერთგვაროვანი. განსხვავებული ტრაექტორია დაფიქსირდა საცხოვრებელ, კომერციულ და პრემიუმ სეგმენტებში. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სურათით ფასები კვლავ იზრდებოდა, ზრდის ტემპი და სტაბილურობა კატეგორიების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

საცხოვრებელი:
საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის მიხედვით, 2025 წელს ფასების დინამიკა კვარტალების მიხედვით არ იყო ერთმნიშვნელოვანი. საქსტატის კვარტალური მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში ფასები წინა კვარტალთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში დაფიქსირდა დაახლოებით 1%-იანი შემცირება, ხოლო მესამე კვარტალში ზრდა განახლდა 0.6%-ის ფარგლებში. ეს ციფრები მიუთითებს, რომ ბაზარი აჩქარებული ზრდის ფაზიდან სტაბილურ, დაბალანსებულ ეტაპზე ეტაპობრივად გადავიდა. კვარტალური ჭრილი აჩვენებს, რომ ბაზარი აღარ იმყოფება სწრაფი გაძვირების ფაზაში და გადადის უფრო დაბალანსებულ სტადიაში.

კომერციული:
კომერციულ უძრავ ქონებაში (ქუჩის რიტეილი, მცირე ოფისები) 2025 წელს ფასების დინამიკა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი იყო, ვიდრე საცხოვრებელ სეგმენტში. ფასების მკვეთრი ნახტომები არ დაფიქსირებულა; მოთხოვნა კონცენტრირებული იყო მცირე და საშუალო ზომის ფართებზე; ლოკაცია გადამწყვეტ ფაქტორად რჩებოდა ფასის განსაზღვრისას. კომერციული სეგმენტი ნაკლებად ექვემდებარებოდა ემოციურ მოლოდინებს და უფრო მეტად რეაგირებდა ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე. სებ-ის ანგარიშის თანახმად, თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ტრანზაქციების მიხედვით, კომერციული უძრავი ქონების გაყიდვები მდგრადია. 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, თბილისის კომერციული უძრავი ქონების ინდექსი სტაბილურობას ინარჩუნებს.

Cushman & Wakefield-ის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში კომერციული უძრავი ქონების ბაზარი დადებით ტრაექტორიას ინარჩუნებდა, რაც გაყიდვების ფასების ზრდაში გამოიხატა. აწონილი საშუალო ფასი ერთ კვ.მ-ზე 1,464 აშშ დოლარს შეადგენდა. ბაზარი კვლავ განისაზღვრებოდა მცირე ფორმატის კომერციული ერთეულებით, სადაც ტრანზაქციების უმეტესობა 150 კვ.მ-ზე ნაკლებ ფართებს ეხებოდა. გაყიდვების 50% საბურთალოზე, დიდ დიღომსა და ისანზე მოდიოდა.

პრემიუმ სეგმენტი:
პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებელ უძრავ ქონებაში 2025 წელს ფასების ცვლილება არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთ ლოკაციასა და პროექტში ფასები კვლავ გაიზარდა, სხვა შემთხვევებში კი დაფიქსირდა სტაგნაცია. ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ერთეული გარიგებები მაღალ ფასებზე მაინც განხორციელდა. მოკლედ რომ ვთქვათ, პრემიუმ სეგმენტი 2025 წელს შერჩევითი და ნიშური ბაზარი გახდა. ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორებია პროექტის გამორჩეულობა, ბრენდი და ინფრასტრუქტურა, ასევე რეალური საცხოვრებელი ღირებულება და არა მხოლოდ საინვესტიციო პოტენციალი. როგორც ცნობილია, საქართველოს ბაზარზე 2025 წელს უცხოური ბრენდებიც დაემატა, რაც პრემიუმ სეგმენტზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

- როგორი ტიპის პროექტები იყო 2025 წელს უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი?

ბაზრის კვლევებისა და ანალიტიკური ანგარიშების მიხედვით, 2025 წელს უცხოელი ინვესტორების ინტერესი ქართული უძრავი ქონების მიმართ შენარჩუნდა, თუმცა შეიცვალა მათი პრიორიტეტები - მოთხოვნა უფრო მეტად კონცენტრირდა მცირე ზომის და ქირავნობაზე ორიენტირებულ პროექტებზე. Galt & Taggart-ისა და Colliers-ის ბაზრის მიმოხილვებზე დაყრდნობით, 2025 წელს უცხოელი ინვესტორები ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი ფასების სწრაფ ზრდაზე და უფრო მეტად - სტაბილურ ქირავნობის შემოსავალზე. ისინი ქართულ უძრავ ქონებაში უფრო შერჩევითად და პრაგმატულად მოქმედებდნენ, რაც განსაკუთრებით აისახა მცირე და საშუალო ზომის საცხოვრებელი პროექტების მოთხოვნაზე.

2025 წელს უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაიზარდა ინტერესი ბრენდირებული პროექტებისა და აპარტჰოტელების მიმართ, სადაც ქონების მართვა გამოცდილ ოპერატორს ეკისრება. მიზეზი მარტივია - უცხოელი ინვესტორი ნაკლებად არის მზად ოპერაციული რისკების ასაღებად და უპირატესობას ანიჭებს პროგნოზირებად შემოსავალსა და საიმედო მართვას. ისინი განსაკუთრებით ფრთხილად არჩევდნენ ლოკაციას: მიმზიდველია ზღვისპირა ან ცენტრალური უბნები, ტურისტულად დატვირთული ზონები და ქირავნობის სეზონური პოტენციალის მქონე არეალები. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლამაზი ხედები, არამედ ქირაზე რეალური მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში. თუ წინა წლებში უცხოელები აქტიურად შედიოდნენ ადრეულ პრესეილებში, 2025 წელს ინტერესი გაიზარდა დასრულებული ან თითქმის დასრულებული პროექტებისადმი და შემცირდა მზადყოფნა გრძელვადიანი მშენებლობის რისკის ასაღებად. პრიორიტეტი მიენიჭა პროექტებს, სადაც შემოსავლის მიღება სწრაფად იწყება.

- როგორია თქვენი 2026 წლის პროგნოზები? 2026 წელს რა იქნება უძრავი ქონების ბაზრის ზრდის ძირითადი კრიტერიუმები?

- 2026 წლისთვის პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე სწორი მიდგომაა იმის გაანალიზება, თუ რა აძლიერებს ბაზარს (მოთხოვნა, დაფინანსება, შემოსავლები) და რა აფერხებს მას (რისკები, საპროცენტო განაკვეთები, პოლიტიკა/გეოპოლიტიკა, ჭარბი მიწოდება). საერთო მაკროეკონომიკური სურათი 2026 წლის პროგნოზებში პოზიტიურია, თუმცა ზრდა შედარებით სტაბილური იქნება. საერთაშორისო ინსტიტუტების (EBRD, World Bank) პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს დაახლოებით 5–6%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაციის შენელების შემთხვევაში შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის შერბილებაც, რაც იპოთეკურ მოთხოვნას გააძლიერებს. უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება, თუმცა ბაზრის დინამიკას უფრო მეტად შიდა მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთები და ლარის სტაბილურობა განსაზღვრავს.

- ელოდებით თუ არა ფასების ცვლილებას 2026 წელს და რა მიმართულებით?

- 2026 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. ეკონომიკური გარემოს სტაბილურობისა და შესაძლო მონეტარული შერბილების პირობებში, ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება ზომიერი ტემპით ან დასტაბილურდება, სეგმენტებისა და ლოკაციების მიხედვით განსხვავებული დინამიკით. მასობრივი გაძვირების ნაცვლად, ბაზარი უფრო შერჩევით ფაზაში შევა, სადაც ფასების ზრდა ძირითადად ლიკვიდურ და მაღალი მოთხოვნის მქონე პროექტებს შეეხება. 2026 წელს საცხოვრებელ სეგმენტში მოსალოდნელია ფასების ზომიერი ზრდა, კომერციულ სეგმენტში კი - ფასების შენარჩუნება ან ზომიერი ზრდა. პრემიუმ სეგმენტში ფასები, დიდი ალბათობით, შენარჩუნდება მაღალ დონეზე; ზრდა მოსალოდნელია ერთეული პროექტების ფარგლებში და მასშტაბური გაძვირება ნაკლებად სავარაუდოა.

 

news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Business Insider Georgia-ს ინტერვიუ გიორგი კუპრაშვილთან, Galt & Taggart-ის გენერალურ დირექტორთან l ვრცლად

02.05.2026.10:20

Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის, გიორგი კუპრაშვილის განცხადებით, კომპანიის 30-წლიანი განვითარების მთავარი მიღწევებია საქართველოში კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, კვლევითი მიმართულების ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც წლების განმავლობაში ინოვაციური პროდუქტებისა და პლატფორმების დანერგვით გაძლიერდა.

Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი საუბრობს კომპანიის პიონერულ როლზე ESG დაფინანსების მოზიდვაში, ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმებსა და რეგიონულ ექსპანსიაზე, ხოლო 2026 წლის მთავარ პრიორიტეტებად ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიურ ათვისებას ასახელებს.

პირველ რიგში, გილოცავთ Galt & Taggart-ის 30 წლის იუბილეს და „Global Finance“-ის მიერ 2026 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად კიდევ ერთხელ დასახელებას. ამ მიღწევების ფონზე, როგორ შეაფასებდით კომპანიის მთავარ შედეგებსა და მიღწევებს ბაზარზე?

30 წელი მართლაც აღსანიშნავი თარიღია და ძალზედ მნიშვნელოვანია ეს Galt & Taggart-ის ისტორიაში. რომ შევაჯამოთ გავლილი 30 წელი, სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რაც Galt & Taggart-მა ბაზარზე შექმნა და დაამკვიდრა. ერთი არის კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, რასაც ცალსახად Galt & Taggart-მა ჩაუყარა საფუძველი. მეორე არის ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს კულტურაში კვლევითი მიმართულების განვითარება და საფუძვლის ჩაყრა და კვლევითი საქმიანობის წამოწყება. და მესამეა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, რომელიც Galt & Taggart-ის ჩართულობით და ინიციატივით სწორედ 2015 წელს პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის.

ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ და უფრო დიდ სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს - 2005 წელს შედგა პირველი ობლიგაციების ემისია საქართველოს ისტორიაში და სწორედ Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო 2 მილიონი ლარის პირველი ობლიგაცია, რომელიც მაშინ ბაზარზე გამოჩნდა. მაშინაც ალბათ არ იყო იმდენად მატერიალურად დიდი ციფრი, რამდენადაც ეს იყო პიონერული გასვლა ბაზარზე და პირველი ტრანზაქცია ამ ტიპის. მას შემდეგ ევოლუცია რაც გაიარა კაპიტალის ბაზარმა, ყოველ ჯერზე ახალი და უფრო ზრდადი მოცულობებით, ისევე როგორც თემატური, სტრუქტურული და სხვადასხვა ვალუტების ემისიებით, Galt & Taggart ამ წლების განმავლობაში იყო მოწინავე. გასულ წელს, შედეგად მივიღეთ ის, რომ მაგალითისთვის ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან IG Development-თან ერთად გამოვუშვით ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის მწვანე ობლიგაცია 82 მილიონი დოლარის ოდენობით და ეს ყველაფერიც Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა.

კვლევებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ევოლუციას რომ შევხედოთ, როგორც სექტორული, ისევე მაკროეკონომიკური კვლევის პიონერი იყო Galt & Taggart და დღესაც ამ მიმართულებით ვაღრმავებთ და ვავითარებთ ჩვენს საქმიანობას. კაპიტალის ბაზრებზე წვდომა 2015 წელს GT Trader-ის პლატფორმით პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის, რაც მანამდე ქართულ ბაზარზე ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, უცებ რეალობა გახდა საკმაოდ დიდი წრისთვის ჩვენი კლიენტებისა. ასევე 2021 წელს პირველად დავნერგეთ "საქართველოს ბანკის" მობაილ აპლიკაციაში საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უკვე გაცილებით მასიური ხასიათისა არის და "საქართველოს ბანკის" 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოხერხებულად ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე განახორციელოს ინვესტიციები.

დიახ, აღნიშნული მიმართულება მართლაც მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც დღეს უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის აქციების შეძენა. ასევე აღსანიშნავია თქვენი მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები, რომლებიც ფინანსური კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

ESG ლიდერობასთან დაკავშირებით რომ გავაგრძელოთ - Galt & Taggart-ს უკავშირდება ახალი აქტივების კლასების დანერგვა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბაზრისთვის?

საგანმანათლებლო ნაწილს რაც შეეხება, ესეც Galt & Taggart-ის მოწინავეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის. როდესაც ბაზარზე ცნობადობა გარკვეული სერვისების, პროდუქტების და ფინანსური ბაზრების შესახებ არ არსებობს, საჭირო არის ცნობადობის ამაღლების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და Galt & Taggart-იც ამ მისიას ასრულებს, რომ ჩვენს კლიენტებს, ჩვენს პოტენციურ კლიენტებს შევატყობინოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის და ფინანსური ბაზრები გვაძლევს. ESG მიმართულებას რაც შეეხება, როდესაც ESG-ზე ვსაუბრობთ, განმარტების სახით რომ ავღნიშნოთ, ESG მოიცავს ისეთი სახის პროექტებისა თუ კომპანიების დაფინანსებას და ისეთი ტიპის დაფინანსებას, რომელიც მიმართულია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პროექტებისა და კომპანიებისათვის. ამ მიმართულებით Galt & Taggart-იც პიონერი იყო და Galt & Taggart -მა დაინახა ის შესაძლებლობა, რომელიც ახალი კაპიტალის მოზიდვის და ახალი ბაზრის შექმნის შესაძლებლობებს გააჩენდა. პირველი მწვანე ბონდი, პირველი სოციალური ობლიგაციები, ისევე როგორც პირველი SLB (მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები) სწორედ Galt & Taggart-მა გააცნო ბაზარს და შემოიყვანა ბაზარზე. ამას ჰქონდა ორი ეფექტი: პირველი იყო იმ ინსტიტუციონალური საერთაშორისო ინვესტორების მოყვანა და დაინტერესება მათი ქართული ბაზრით, რომელიც ამ კლასის და ამ ტიპის დაფინანსებაში მონაწილეობით არიან დაინტერესებული და ამან გააჩინა ახალი ბაზარი. რომ გადავთვალოთ, 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ESG დაფინანსება არის Galt & Taggart-ის ჩართულობით გამოშვებული ბაზარზე. და მეორეს მხრივ, ჩვენს ემიტენტებს და ჩვენს პარტნიორებს შეუქმნა შესაძლებლობა უფრო მეტი, უფრო იაფი და უფრო მოქნილი დაფინანსების მოპოვებისა. ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ მომავალშიც და პერიოდულად ამის შესახებ სიახლეები გვექნება.

Galt & Taggart-ი ხშირად ასოცირდება ინოვაციებთან და ეს მიმართულება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიქმება. როგორ შეაფასებდით ინოვაციების როლს კომპანიის განვითარებაში და რა არის ამ მიმართულებით მთავარი შედეგები?

ინოვაციები ნამდვილად არის Galt & Taggart-ის დნმ-ში და ჩვენც ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ეს ინოვაციები კომპანიის ყოველდღიურობად და სტრატეგიის ნაწილად ვაქციოთ. შედარებით უფრო უახლესი განვითარებები ამ მხრივ და მიღწევები რომ ვახსენოთ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მულტისავალუტო პროგრამის, ბონდების პროგრამის დანერგვა ბაზარზე, რომელზეც Galt & Taggart-ის გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა. რაც დავინახეთ ბაზარზე და რა შეზღუდვა შესაძლებლობისაც ჩანდა, იყო რომ მანამდე ერთ ვალუტაში, ხისტი და მოუქნელი პირობით იყო შესაძლებელი მხოლოდ პროსპექტუსის დაწერა და დაფინანსება, და ჩვენი ინიციატივით შევქმენით გაცილებით უფრო მოქნილი ერთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაცილებით უფრო მოქნილად არის შესაძლებელი თანხების ათვისებაც, რაც ერგება ემიტენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს, და ასევე სხვადასხვა ვალუტაში სხვადასხვა დროს. ამან ბაზარზე ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი მოქნილობის შესაძლებლობა მისცა.

მეორე მიმართულება არის ჩვენი სავაჭრო პლატფორმები - ჩვენი თრეიდერის და ინვესტიციების პლატფორმა, რომელზეც ჩვენს კლიენტებს მივეცით შესაძლებლობა 50-ზე მეტ ბირჟაზე და 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე წვდომის გლობალურ ბაზრებზე. ასევე მივეცით შესაძლებლობა და ყოველდღიურ ჩვეულებრივ ფუნქციონალად ვაქციეთ ისეთი ფუნქციონალები, როგორიც არის 24-საათიანი თრეიდინგი, ალგორითმული დავალებები და სხვადასხვა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც აქამდე მისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი თრეიდერებისთვის ან პროფესიონალი ინვესტორებისთვის, და დღეს ეს ჩვენი კლიენტების ყოველდღიურობად ვაქციეთ.

ასევე აღსანიშნავია მესამე ნაწილიც, რომ ჩვენი გამოცდილება დაგროვილი და ჩვენი ის ცოდნა რაც გვაქვს ტექნოლოგიურ სინთეზთან ერთად, ჩვენს საზღვრებს (საქართველოს საზღვრებს) უკვე გასცდა. როგორც იცით სომხეთში Galt & Taggart-ი ახორციელებს კაპიტალური ბაზრების მხარდაჭერის პროგრამას, რაც EBRD-ის პროექტია. რამდენიმე წლის წინ EBRD-თან ერთად საქართველოში განხორციელდა ეს პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩვენი კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ეს პროგრამაც იყო და ეს გამოცდილება ახლა მიგვაქვს სომხეთში, სადაც ჩვენს ლოკალურ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ ამის დანერგვას.

რა ძირითადი მიმართულებებით ოპერირებს Galt & Taggart-ი და როგორია კომპანიის პოზიციები თითოეულ ამ სეგმენტში ბაზარზე?

ჩვენი სტრუქტურა ორგანიზებულია კლასიკური საინვესტიციო ბანკის სტრუქტურით. ერთი ვერტიკალი არის საინვესტიციო საბანკო მიმართულება, მეორე არის ჩვენი კვლევითი მიმართულება და საბროკერო და საინვესტიციო მრჩევლის მიმართულება. საინვესტიციო საბანკო მიმართულებაში დიდი და შედარებით განვითარებული ნაწილი არის კაპიტალის ბაზრების ნაწილი. მეორე მხარე, რაც შედარებით ეხლა იკრებს ჩვენს ბაზარზე ფეხს, არის M&A Advisory (შერწყმა-შესყიდვის ტრანზაქციების საკონსულტაციო ნაწილი). ჩვენს ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს სათანადო დაფასება მრჩევლის ღირებულებისა, რაც ტრანზაქციაში მრჩეველს შეუძლია რომ მოიტანოს - ეს იქნება მყიდველების მობილიზებიდან და ორგანიზებიდან დაწყებული, პროცესის მართვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად წარმართვისთვის და წარმატებით დახურვისთვის ტრანზაქციის, ისევე Due Diligence-ის და სხვადასხვა მოლაპარაკებაში მხარდაჭერის მიმართულებით. მაგრამ ამაზე საკმაოდ კარგი ფიდბექი გვაქვს ახლა ჩვენი კლიენტებისგან და პარტნიორებისგან და ნელ-ნელა სათანადო დაფასებას და ისტორიას ქმნის, როდესაც წარმატებული ტრანზაქციები ჩვენი ჩართულობით - რამდენიმე უკვე გვქონდა და ძალიან საინტერესო ტრანზაქციებზე ვმუშაობთ კიდევ - შედეგების სახით წარმოჩინდება და ეს უფრო გამოცდილება ხდება უკვე ჩვენი პარტნიორებისთვის.

კვლევების მიმართულებას რაც შეეხება, აქ გვაქვს სექტორული კვლევების მიმართულება, სადაც 15 სექტორს ვფარავთ. შარშან 200-ზე მეტი პუბლიკაცია გვქონდა და რიცხვებზე უფრო მეტად აქ აქვს სიღრმეს მნიშვნელობა. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად რელევანტური და საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური საკითხები დავინახოთ, პრობლემები დავინახოთ გარკვეულწილად, რომელიც დგას და ჩვენი როლი რაც არის - პოლისი მეიქერებს (პოლიტიკის შემქმნელებს), ბიზნესებს დავანახოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული ჩვენი რეკომენდაცია მივიტანოთ შესაბამის მოთამაშეებამდე ეკონომიკის. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამისი არის სოფლის მეურნეობის დაფარვა, რაც ეხლა დავიწყეთ სიღრმისეულად. აგრიკონფერენციაც გვქონდა ამაზე, ინდექსიც გავაკეთეთ და გაცილებით უფრო მეტ სიღრმეში ვაპირებთ ამაზე წასვლას. ხშირად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიცია და კულტურა არსებობს ჩვენთან და რატომ ვერ ვართ ისე განვითარებული როგორც სხვა ქვეყნები, და სწორედ ამის დანახვაში გვინდა რომ ვითამაშოთ ის როლი, რომელიც ბიზნესს და გადაწყვეტილების მიმღებებს დაანახებს ობიექტურ ინფორმაციას. ასევე ჯანდაცვა არის მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო, რომელსაც ეხლა ვაინიცირებთ და ვიწყებთ სიღრმისეულად. გვქონდა გარკვეული დაფარვა ამ მხრივ, მაგრამ ესეც ძალიან კომპლექსური და საკმაოდ ამოუხსნელი საკითხია და გვინდა რომ ამის სიღრმეში ჩავიდეთ და ისევე როგორც დაინტერესებულ ბიზნესს გავუჩინოთ ინტერესი იქ ინვესტირების, და გვქონდეს პოლისი საუბრებიც შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებთან.

ამავდროულად Galt & Taggart-ის მაკრო კვლევები საკმაოდ ცნობილია ბაზარზე. ამაზე ძალიან ხშირი ფიდბექი გვაქვს და ვგრძნობთ რამდენად საჭიროა ის რასაც ვაკეთებთ. კაპიტალის ბაზრების კვლევითი მიმართულება არის, რომელსაც შედარებით ახლა ვავითარებთ და გვინდა აქ მნიშვნელოვნად კიდევ წინ წავწიოთ და უფრო სხვა დონეზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ცვლილებები და საკმაოდ საინტერესო განვითარებები გვექნება.

და ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მართვის მიმართულება, რომელშიც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ როგორც ბაზრებზე წვდომას და საბროკერო მომსახურებას. პორტფელის მენეჯმენტი დავნერგეთ რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს - ეს ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია და ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს ამ მიმართულებით. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც მთლიანად საქართველოსთვისაც აქვს მნიშვნელობა და რასაც ვხედავთ, არის რომ ჩვენს საბროკერო მიმართულებაში ორ მისიას ვხედავთ ჩვენთვის. ერთი არის ჩვენი ლოკალური და ზოგ შემთხვევაში რეგიონალური რეზიდენტი კლიენტებისთვის წვდომა ბაზრებზე (საერთაშორისო ბაზრებზე), და მეორე არის ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის რეგიონალურ ბაზრებზე "ერთი ფანჯრის" პრინციპით წვდომის მიცემა. ამაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ Galt & Taggart-ი იყოს წარმოდგენილი როგორც რეგიონალური პირველი სახელი, რაც მოგივათ თავში, თუ გინდათ რომ კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიის რეგიონზე ინვესტიცია გააკეთოთ ლოკალურ ბაზრებზე.

Galt & Taggart-ის სერვისებზე ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა, განსაკუთრებით კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ამასთან, კომპანია საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვან აღიარებას იღებს. რა განაპირობებს ამ წარმატებას და როგორ შეაფასებდით საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას კომპანიისთვის?

წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. Global Finance-ის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. 2025-ში Euromoney-ს საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. მართალია ჯილდო არ არის თვითმიზანი, უბრალოდ სასიამოვნოა, რომ იმ ძალისხმევას, რომელსაც Galt & Taggart-ი დებს ადგილობრივი ბაზრის და რეგიონალური ბაზრის განვითარებაში, სათანადო დაფასება აქვს ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ, როგორიც არის Global Finance და Euromoney. ამ ნაწილში აუცილებელია ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ Galt & Taggart-ის ბრენდის დაფასება - ცალკეული შედეგები არ მოდის გუნდის გარეშე. მე მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Galt & Taggart-ის გუნდს - ჩვენი გუნდი აერთიანებს 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომელიც ყოველდღიურად სრული ძალისხმევით არის იმისი მონაწილე და იმისი მამოძრავებელი, რომ Galt & Taggart-ი იყოს მოწინავე ხაზზე. ყველა ეს ჯილდო ცალსახად ჩვენი ძლიერი და ძალიან ნიჭიერი გუნდის დამსახურებაა.

რა არის Galt & Taggart-ის ძირითადი პრიორიტეტები 2026 წლისთვის?

2026-შიც და ალბათ მომდევნო წლებშიც ჩვენი პრიორიტეტი იქნება ორი მთავარი მიმართულებით: პირველი არის რეგიონალური დაფარვის და რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომპანიის განვითარებისთვის; და მეორე მხრივ - ტექნოლოგიური და ციფრული შეთავაზებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს ეხება ჩვენს სავაჭრო პლატფორმებს, ჩვენს შიდა სისტემებს, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ. ასევე აუცილებელი არის ვახსენოთ AI-ს ათვისება, რომელიც ხდება Galt & Taggart-ში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ AI-ს გამოყენების კუთხით Galt & Taggart-ი დღევანდელ დღეს ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. ამ მხრივ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და რაც შეიძლება მოქნილად და მალე წავიდეთ წინ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა