2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,429 შეადგინა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – აგვისტო 2026” აქვეყნებს. ,,2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო
განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა. მიწოდების მხარეს, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად შემცირდა. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა, ხოლო ქირის ფასის ზრდამ ქირის შემოსავლიანობა 8.7%-მდე გაზარდა. 2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,429 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1,781
შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული
რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1,648 შეადგინა
(2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი
ბაზის ეფექტით არის განპირობებული.
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით,
რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026
წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით
გაიზარდა (2026 წლის 8 თვეში +31.6% წ/წ).
2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 15.2%-ით შემცირდა (123,711 კვ.მ 15 საცხოვრებელ პროექტში). ჯამურად, 2026 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული და წინა წლის ანალოგიურ დონესთან ახლოს რჩება.
2026 წლის აგვისტოში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად
ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) 1,432 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი თვიურად 2.0%-ით გაიზარდა და 1,399 აშშ დოლარი შეადგინა (+7.9% წ/წ).2026 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.7%”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
როგორ პასუხობს RENÉ მომხმარებლის მოთხოვნებს და რა მიმართულებებით გეგმავს განვითარებას
27.10.2026.14:00
RENÉ თანამედროვე იტალიური რესტორანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. კომპანია განვითარების პროცესს აგრძელებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მენიუს დახვეწასა და კერძო და ჯგუფური ღონისძიებების მიმართულების განვითარებას უთმობს. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia RENÉ-ს რესტორატორს, საერთაშორისო ჰოსპიტალიტის პროექტების ინვესტორსა და Vapiano-ს ფრენჩაიზის წარმომადგენელს საქართველოში, ტატო ხოკერაშვილსა და მის მეუღლეს, მარიამ კოხრეიძეს ესაუბრა.
რა შეიცვალა კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში და რა არის კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
RENÉ-ს განვითარება მუდმივი პროცესია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის იტალიური სამზარეულო, არამედ განსაკუთრებული გარემო და მომსახურება.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მენიუს დახვეწასა და სტუმრების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.

ჩვენთვის RENÉ მხოლოდ იტალიური რესტორანი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც იტალიური გასტრონომია, დახვეწილი ინტერიერი და სასიამოვნო ატმოსფერო ერთიანდება.
როგორ აფასებთ ამ ეტაპზე მომხმარებლის მოთხოვნას და რა ცვლილებებს ხედავთ სტუმრების ინტერესებსა და არჩევანში?
ჩვენი დაკვირვებით, მომხმარებლის მოთხოვნები მუდმივად ვითარდება. დღეს სტუმრები მხოლოდ გემრიელ კერძს აღარ ეძებენ - მათთვის მნიშვნელოვანია სრული გამოცდილება, რომელიც მოიცავს ხარისხიან მომსახურებას, სასიამოვნო გარემოსა და დეტალებზე ყურადღებას.
განსაკუთრებით იზრდება ინტერესი ხარისხიანი იტალიური სამზარეულოსა და ისეთი სივრცეების მიმართ, სადაც შესაძლებელია როგორც საქმიანი შეხვედრის, ისე ოჯახური ვახშმისა თუ მეგობრებთან დროის გატარების ორგანიზება.

RENÉ-ს კონცეფციაც სწორედ ამ მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ მიზეზი, რომ კვლავ დაგვიბრუნდეს.
როგორია მოთხოვნა ჯგუფურ და კერძო ღონისძიებებზე და რა შესაძლებლობებს ქმნის ეს მიმართულება RENÉ-სთვის?
ჯგუფური და კერძო ღონისძიებები RENÉ-სთვის განვითარების ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა.
რესტორნის კონცეფცია საშუალებას გვაძლევს, სტუმრებს შევთავაზოთ გარემო სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისთვის - იქნება ეს დაბადების დღე, ოჯახური შეკრება, კორპორაციული ვახშამი თუ საქმიანი შეხვედრა.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალურ მიდგომას, მენიუს სწორად შერჩევასა და მომსახურების ხარისხს.

ვფიქრობთ, კერძო ღონისძიებების მიმართულებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ მის განვითარებაზე.
რა არის კომპანიის მთავარი გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის და განიხილება თუ არა ახალი ლოკაციის დამატება ან განვითარების სხვა მიმართულებები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი RENÉ-ს არსებული კონცეფციის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა.
ამასთან, ყოველთვის ვაკვირდებით ბაზრის შესაძლებლობებს და განვიხილავთ განვითარების სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ახალი ლოკაციების პერსპექტივასაც.
თუმცა ჩვენთვის გაფართოება მხოლოდ ახალი ობიექტის გახსნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი პროექტი სრულად შეესაბამებოდეს RENÉ-ს სტანდარტებსა და ფილოსოფიას.
ჩვენი მიზანია, RENÉ ჩამოყალიბდეს ძლიერ, ცნობად და გამორჩეულ იტალიურ რესტორნის ბრენდად ქართულ ბაზარზე.

ინფორმაციისთვის, RENÉ ილო მოსაშვილის N11-ში მდებარეობს.