2026 წლის ივლისში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე დაჩქარდა და თვიურად 0.7%-ით გაიზარდა 1,426 აშშ დოლარამდე - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განხლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – ივლისი 2026” აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივლისში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ხელი შეუწყო გაუმჯობესებულმა სენტიმენტებმა და ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ. მიწოდების მხარეს გაგრძელდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის ზრდა. მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული კლებადი ტრენდისა, ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის გაუტოლდა. ფასები გაიზარდა ორივე ბაზარზე - პირველად ბაზარზე ზრდის ტემპი დაჩქარდა, ხოლო მეორად ბაზარზე, წინა თვეებში დასტაბილურების შემდეგ, ფასმა ზრდა განაგრძო.
,,2026 წლის ივლისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,475 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2,294 შეადგინა (2026წლის 7 თვეში +16.6% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები
ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2,181 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +19.9%წ/წ).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც
პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივლისში
გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 14.8%-ით გაიზარდა (2026 წლის 7 თვეში
+30.1% წ/წ).
2026 წლის 7 თვეში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის ივლისში, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის მზარდი
ტრაექტორია გაგრძელდა და წლიურად 50.3%-ით გაიზარდა (182,789 კვ.მ 17 საცხოვრებელ პროექტში). მიუხედავად წარსულში ზედიზედ 8 თვიანი კლებადი ტრაექტორიისა, ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ნებართვების გაცემა, რის შედეგადაც 2026 წლის 7 თვეში ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ დონეს თითქმის გაუტოლდა და წლიურად მხოლოდ 0.3%-ით არის შემცირებული. 2026 წლის ივლისში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე დაჩქარდა და თვიურად 0.7%-ით გაიზარდა 1,426 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 2.0%-ით გაიზარდა და 1,372 აშშ დოლარი შეადგინა.2026 წლის ივლისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+0.3% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
27.10.2026.18:33
საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.
ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:
• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.