2026 წლის ივნისში, ბათუმის პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.8% ზრდაა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის II კვარტლის მიმოხილვა" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.
,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 13.4%-ით 2,200 ბინამდე გაიზარდა (+11.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 5.3%-ით 1,968 ბინამდე შემცირდა (+7.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშნველოვნად 35.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში +47.9% წ/წ.
2026 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.8% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1,497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს", - წერს Galt & Taggart-ი.
დოკუმენტის თანახმად, ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4.2%-ით შემცირდა. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია.
სხვა სიახლეები
„მუსიკის სახლი“ ახალი ფილიალის გახსნას და ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს
06.10.2026.18:00
2005 წელს დაარსებული „მუსიკის სახლი“ საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს 20-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „მუსიკის სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ბერიაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მუსიკის სახლი“ 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაარსდა. დღეს „მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 20-მდე საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ არჩევანს როგორც პირველი ინსტრუმენტის შესაძენად, ისე პროფესიული საქმიანობისთვის.

ჩვენ გვსტუმრობენ ინდივიდუალური მომხმარებლები, მუსიკოსები და ორგანიზაციები - მათ შორის სკოლები, თეატრები, საკონცერტო სივრცეები და რესტორნები. პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე, ონლაინ. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დღეს კი, ჩვენს მაღაზიებში, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტები.
როგორ აფასებთ მომხმარებლის მოთხოვნას და რომელ კატეგორიებსა და პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?
ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კლავიშიანი ინსტრუმენტები და გიტარებია. ამ მიმართულებებში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Roland, Casio, Fender, Gibson, Epiphone და Alhambra და ა.შ. „მუსიკის სახლის“ მომხმარებლების ინტერესები მრავალფეროვანია. ჩვენთან სასურველ პროდუქტს პოულობენ პროფესიონალი მუსიკოსები, დამწყებები და მოყვარულები.

ბოლო პერიოდში, აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ინტერესი სახლის აუდიოტექნიკის მიმართ, რომელიც მომხმარებელს საკუთარ სივრცეში მუსიკის ხარისხიანად მოსმენის საშუალებას აძლევს. მელომანების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მომავალში, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ბრენდი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს.
ჩვენს ასორტიმენტში, ასევე, წარმოდგენილია მუსიკის შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობა, ბგერითი თერაპიისა და სამედიტაციო ინსტრუმენტები. თითოეულ მიმართულებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ჟღერადობა და მის საჭიროებებთან შესაბამისობა.
როგორ ვითარდება „მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი და რა ახალი ბრენდების ან პროდუქტების დამატებას გეგმავთ?
„მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ვაკვირდებით მომხმარებლების ინტერესებსა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რათა სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მუსიკოსებსა და მელომანებს საქართველოში ფართო არჩევანი შევთავაზოთ.
ამ კუთხით, ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო. დავამატეთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Gibson, Epiphone, KRK, Peavey და Steinberger. 2027 წლისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან. ვგეგმავთ, გავაფართოოთ მელომანებისთვის განკუთვნილი სახლის აუდიოტექნიკისა და Hi-Fi მოსასმენი მოწყობილობების არჩევანი, ასევე გავაძლიეროთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულება და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, „მუსიკის სახლი“ კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, რომლებიც მუსიკას ქმნიან, უსმენენ ან ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვხსნით ახალ ფილიალს და წელსვე ვუშვებთ ახალ ვებგვერდს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შერჩევის პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვაძლიერებთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულებას.

ასევე, ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას მუსიკოსებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ ნიშნავს. გვსურს, მეტ ადამიანს მივცეთ მუსიკასთან დაახლოების შესაძლებლობა და დავეხმაროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებისა და აუდიოტექნიკის შერჩევაში.