2026 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - მაისი 2026” - ს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია სექტორის მიმდინარე ტენდენციები და მოლოდინები.
,,2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა მეტწილად უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება. გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორად ბაზარზე და 2023 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება. პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა ზომიერი ტემპით განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე ფასის მცირე კლება დაფიქსირდა, რაც აპრილში მკვეთრი ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს”, - წერს Galt & Taggart-ი.
ამასთან, 2026 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,748 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1,924 შეადგინა (2026 წლის 5 თვეში +14.7% წ/წ); პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.7%-ით გაიზარდა და 1,824 შეადგინა (2026 წლის 5 თვეში +12.9% წ/წ).
,, ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით, 2.5%-ით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება. (ჯამურად 2026 წლის 5 თვეში +22.1% წ/წ). 2026 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 18,296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+21.9% წ/წ). 2026 წლის მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165,484 კვ.მ შეადგინა (-18.4% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 2026 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34.4%-ით შემცირდა. 2026 წლის მაისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა 1,412 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და 1,366 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5.0% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს. 2026 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა (-0.2% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.4%”, - აღნიშნავს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
06.10.2026.16:19
ახალი დაფინანსება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტირებაში, ზრდასა და კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.
2026 წლის 6 ოქტომბერი - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) აძლიერებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბაზისბანკისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფით. შესაბამის შეთანხმებას ხელი „ბიზნეს დიალოგის“ ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
შეთანხმების თანახმად, BSTDB გრძელვადიან დაფინანსებას გამოუყოფს ბაზისბანკს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების დასაკრედიტებლად, რაც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესებს ინვესტირების, საბრუნავი კაპიტალისა და საქმიანობის გაფართოების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.
მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის, დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ახალი საკრედიტო რესურსი ბიზნესებს დაეხმარება პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებასა და რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდაში.
აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს BSTDB-სა და ბაზისბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას და აფართოებს ბანკის მხარდაჭერას საქართველოს კერძო სექტორის მიმართ. იგი ასევე ხელს უწყობს BSTDB-ის უფრო ფართო მანდატის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური მედეგობისა და მჭიდრო საქმიანი კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.
შეთანხმების ხელმოწერისას, BSTDB-ის საბანკო საქმიანობის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ზია ალიევმა აღნიშნა: „საქართველოს დინამიური მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მხარდაჭერა BSTDB-ის პრიორიტეტია. ბაზისბანკთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, ვეხმარებით ბიზნესებს მიიღონ ინვესტირებისთვის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საჭირო დაფინანსება. ამ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში ჩვენი „ბიზნეს დიალოგების“ ფორუმის ფარგლებში, ხაზს უსვამს პარტნიორობის მნიშვნელობას კერძო სექტორის განვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის“.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსება ბაზისბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმაროს საქმიანობის გაფართოებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. ვაფასებთ BSTDB-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და იმ ნდობას, რომელსაც ის ბაზისბანკის მიმართ გამოხატავს. ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს ვეხმარებით ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანაში.“ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ახალი შეთანხმება ეფუძნება ბაზისბანკსა და BSTDB-ს შორის 14 წელზე მეტ თანამშრომლობის ისტორიას, რომლის განმავლობაშიც ორივე ინსტიტუტი ერთობლივად მუშაობდა ქართული ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.basisbank.ge
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სალონიკში, საბერძნეთი. BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და სავაჭრო დაფინანსებისთვის სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალში მონაწილეობისა და გარანტიების უზრუნველყოფით საჯარო და კერძო სექტორებში მის წევრ ქვეყნებში. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი შეადგენს 3.45 მილიარდ ევროს. BSTDB-ის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bstdb.org.