მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

2026 წლის პირველი ნახევარში განსაკუთრებით გავაძლიერეთ თანამშრომლობა ბიზნეს სექტორთან - გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კოლეჯი სტუდენტებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და სწავლის პროცესშივე კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. წლის დარჩენილ პერიოდში SKILLWILL-ი რეგიონულ გაფართოებას, ახალი პროგრამების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს.

2026 წლის პირველი ნახევრის შედეგების, ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და SKILLWILL-ის სამომავლო გეგმების შესახებ კოლეჯის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-სთან საუბრობს.

როგორ შეაფასებდით SKILLWILL-ისთვის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი SKILLWILL-ისთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი იყო. კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია, როგორც საქართველოში ყველაზე დიდმა ტექნოლოგიურმა კოლეჯმა, გავაფართოეთ საგანმანათლებლო შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სწავლების ხარისხსა და სტუდენტების დასაქმებას.

არსებულ მიმართულებებთან ერთად, მოვამზადეთ ახალი პროფესიული პროგრამები მონაცემთა ანალიტიკის, ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და პროცესების ავტომატიზაციის, IT პროექტების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებებით. ეს პროფესიები პირდაპირ პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მზარდ მოთხოვნას.

განსაკუთრებით გავაძლიერეთ თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან. დღეს SKILLWILL-ს 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებთან ერთადაც სტუდენტებისთვის დასაქმების, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობებს ვქმნით. წლის პირველ ნახევარში გამართულ დასაქმების ფორუმზე ჩვენი სტუდენტები 30-ზე მეტ კომპანიას შეხვდნენ, გაეცნენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს და უშუალოდ ესაუბრნენ დამსაქმებლებს.

ჩემთვის მთავარი საზომი მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის. წარმატებაა, როცა სტუდენტი სწავლის შედეგად იძენს პროფესიას, შემოსავლის მიღების შესაძლებლობასა და საკუთარი მომავლის მართვის უნარს. სწორედ ამიტომ, SKILLWILL-ში განათლებას სწავლის დაწყებიდან კარიერულ განვითარებამდე ერთიან პროცესად განვიხილავთ.

როგორია ძირითადი ტენდენციები განათლებისა და დასაქმების ბაზარზე?

ადამიანები პროგრამას სულ უფრო ნაკლებად ირჩევენ მხოლოდ დიპლომის მისაღებად. მათ სურთ, წინასწარ იცოდნენ, რას ისწავლიან, სად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და რა კარიერულ შესაძლებლობას მიიღებენ. ამიტომ იზრდება მოთხოვნა მოკლე, მოქნილ და პრაქტიკულ განათლებაზე, რომელიც სამუშაოსა და სხვა პასუხისმგებლობებთან შეთავსებადია და შედარებით მოკლე დროში იძლევა კონკრეტულ პროფესიულ შედეგს.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებაა. AI უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების ინსტრუმენტი-ის ცვლის მარკეტინგს, ფინანსებს, მენეჯმენტს, განათლებას, ჯანდაცვასა და მომსახურების სფეროს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და მათი ბიზნესის რეალურ საჭიროებებთან დაკავშირება.

ამავდროულად, იცვლება პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულებაც. ის აღარ აღიქმება უნივერსიტეტის მეორეხარისხოვან ალტერნატივად - ეს არის დამოუკიდებელი, გააზრებული და პრაქტიკული კარიერული არჩევანი. დამსაქმებლისთვის კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ფორმალური განათლება, არამედ კანდიდატის პრაქტიკული გამოცდილება, ტექნოლოგიური კომპეტენციები, პრობლემების გადაჭრის უნარი და მუდმივი განვითარების მზადყოფნა.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება მასშტაბის ზრდა, რეგიონული განვითარება, ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა და სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტია Plan ₿ Foundation-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი SKILLWILL-ის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა. სპეციალურ Training of Trainers - ToT პროგრამას ჩაატარებს შვეიცარიის Università della Svizzera italiana-ს ელექტრონული სწავლების ცენტრი - USI eLab, რომელიც თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების, ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციისა და სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობს.

პროგრამის მიზანია SKILLWILL-ის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების მეთოდიკისა და სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით. გვინდა, მათი პროფესიული განვითარება იყოს უწყვეტი პროცესი, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება რეალურად აისახოს სწავლების მეთოდებსა და სტუდენტების შედეგებზე.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილება და გლობალურ საგანმანათლებლო ცხოვრებაში ჩართულობა. SKILLWILL-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში; წლის ბოლომდე კიდევ ვგეგმავთ საერთაშორისო ვიზიტებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რათა უფრო მეტმა სტუდენტმა შეძლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული კონტაქტების მიღება.

ვაგრძელებთ თბილისისა და ბათუმის კამპუსების განვითარებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქუთაისში ტექნოლოგიური საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. პირველ ეტაპზე იქ ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და Front-End დეველოპმენტის მიმართულებების შეთავაზებას ვგეგმავთ. IT მხარდაჭერის მიმართულებით შესაძლებლობა ექნებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც მეცხრე კლასი უკვე დაასრულეს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე პროფესიული განათლება მხოლოდ დედაქალაქში არ იყოს კონცენტრირებული.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

ჩვენი მოლოდინი ამბიციურია, თუმცა ის უკვე მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებს ეფუძნება. არსებული დინამიკისა და დაგეგმილი მიღებების გათვალისწინებით, ველოდებით, რომ 2026 წელს SKILLWILL-ის სტუდენტების რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება.

წლის ბოლომდე გვინდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, პრაქტიკულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე. ასევე, უნდა გავზარდოთ იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სწავლის პროცესშივე ითანამშრომლებენ რეალურ კომპანიებთან, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და დაიწყებენ კარიერულ გზას.

2026 წელი SKILLWILL-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გახდეს - რეგიონული გაფართოების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ახალი პროგრამებისა და სწავლების ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი მხოლოდ მასშტაბის ზრდა არ არის: გვინდა, SKILLWILL-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში ძლიერი პროფესიული კადრების მომზადებაში და ადამიანებს მისცეს ცოდნა, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერაზე რეალურ გავლენას მოახდენს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი - ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებით

24.08.2026.17:40

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებით ახორციელებს. პროცესი მიკროსერვისებზე გადასვლას, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დანერგვასა და AI შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს.
ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ დაიწყო ბანკმა ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე დაფუძნებული ციფრული სტრატეგიის შემუშავება 2.2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის.
როგორ დაინერგა AWS არსებული სისტემების მოდერნიზაციისთვის
2024 და 2025 წლებში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ორჯერ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად. გამოცემა ბანკის წარმატების მთავარ ფაქტორებად სტრატეგიულ ხედვას, მომხმარებელზე ორიენტირებულობასა და შიდა ტექნოლოგიურ ინოვაციებს ასახელებდა.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ტრანსფორმაცია კი აქამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, როდესაც ბანკმა მონოლითური ტექნოლოგიური არქიტექტურის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზანი პროდუქტების გუნდებში მეტი დამოუკიდებლობისა და სერვისების მდგრადობის მიღწევა იყო, ამასთანავე, ბანკში სურდათ, ახალი ტექნოლოგიები თუ ფუნქციონალები უფრო სწრაფად დაენერგათ.
„სიღრმისეული კვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მიკროსერვისებზე გადასვლა და ძლიერი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა იქნებოდა თანამედროვე და ეფექტური გზა ჩვენი მიზნების მისაღწევად“, - ამბობს მარიამ სალია, საქართველოს ბანკის IT პროგრამების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და Cloud Adoption პროგრამის მენეჯერი.
ბანკმა სხვადასხვა ვერსიის გამოცდა დაიწყო და ამავდროულად შეისწავლა პარტნიორები, რომლებიც დიდი ორგანიზაციის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებდნენ.
შედეგად, საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის AWS (Amazon Web Services) აირჩია.
„AWS-ის გამოცდილებამ, მხარდაჭერამ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობამ საბოლოოდ, იმ რეალურ შედეგებამდე მოგვიყვანა, რასაც დღეს ვხედავთ. ჩვენ AWS-ს მხოლოდ მომწოდებლად კი არა, პარტნიორად აღვიქვამთ“, - აღნიშნავს მარიამ სალია.
AWS-ზე ღრუბლოვანი ტრანსფორმაცია და აპლიკაციების მოდერნიზაცია
ღრუბლოვანი ტრანსფორმაციის საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა შეაფასა, რამდენად მზად იყო არსებული ინფრასტრუქტურა ცვლილებებისთვის.
ბანკმა ასევე შექმნა სპეციალიზებული გუნდები ღრუბლოვანი მართვის (Cloud Governance), FinOps-ისა და პროდუქტის ინჟინერიის მიმართულებით და რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებზეც იმუშავა.
ამის შემდეგ შეიქმნა 4-წლიანი Cloud Adoption გეგმა და დეტალური მიგრაციის სტრატეგია.
„ღრუბლოვანი ტექნოლოგიებიდან სრულფასოვანი სარგებლის მისაღებად საჭიროა აპლიკაციების არქიტექტურის ხელახალი გააზრება“, - ამბობს დავით ბერაძე, საქართველოს ბანკის მთავარი ტექნიკური ოფიცერი (CTO).
მიგრაციის პროცესში საქართველოს ბანკმა AWS-ის გუნდთან ერთად სასურველი არქიტექტურის პროტოტიპი შეიმუშავა, აწონ-დაწონა სტრატეგიული გადაწყვეტილებები და იხელმძღვანელა AWS Well-Architected Framework-ით - მიდგომით, რომელიც კომპანიებს AWS-ზე სისტემების შექმნისას შესაძლო უპირატესობებისა და რისკების შეფასებაში ეხმარება.
„AWS-ის მხრიდან გვქონდა მუდმივი მხარდაჭერა ღრუბლოვანი ტრანსფორმაციის მთელი პროცესის განმავლობაში. მათი გუნდები მუდმივად იჩენდნენ ინტერესს ჩვენი წარმატების მიმართ“, - ამბობს ზვიად ყვირალაშვილი, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრაიბის ლიდერი და IT დირექტორის მოადგილე.
მონოლითური არქიტექტურის მიკროსერვისებად გარდაქმნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს ბანკმა Amazon Elastic Kubernetes Service (Amazon EKS) დანერგა. ესაა სერვისი, რომელიც Kubernetes აპლიკაციების შექმნას, გაშვებასა და მასშტაბირებას უზრუნველყოფს.
ბანკი ასევე იყენებს AWS-ის სხვადასხვა სერვისს გამოთვლითი რესურსების, მონაცემთა ბაზებისა და მათი შენახვის სისტემების, ანალიტიკის, ხელოვნური ინტელექტის, ქსელური ინფრასტრუქტურის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
„ჩვენ აქტიურად ვიყენებთ AWS-ის მართულ სერვისებს, რაც ამცირებს ოპერაციულ დატვირთვას, ხელს უწყობს სისტემების საიმედოობას და შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ბიზნეს ღირებულების შექმნას და არა ინფრასტრუქტურის მართვას“, -აღნიშნავს ზვიად ყვირალაშვილი.
პროცესების ავტომატიზაცია საქართველოს ბანკისთვის ეფექტიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გზაა. სწორედ ამიტომ, ბანკმა AWS-ზე ინფრასტრუქტურის დაახლოებით 80%-ისთვის დანერგა Infrastructure as Code მიდგომა, რაც ინფრასტრუქტურის ავტომატურ მართვასა და სწრაფ განახლებას უზრუნველყოფს.
ბანკი ასევე იყენებს AWS Direct Connect-ს, რომელიც ქმნის სპეციალურ ქსელურ კავშირს AWS-სა და ორგანიზაციის ინფრასტრუქტურას შორის. აღნიშნული გადაწყვეტა ეხმარება ბანკს, იყოს რეგულაციებთან შესაბამისობაში, შეამციროს დაყოვნება (latency), გაზარდოს ეფექტიანობა და უზრუნველყოს მაღალი ხელმისაწვდომობა.
შედეგი - მასშტაბური ინოვაციები და გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება
AWS-ზე გადასვლის შემდეგ, საქართველოს ბანკს ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვა შეუძლია.
იმის ნაცვლად, რომ ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა თვეებით ან წლებით ადრე დაგეგმოს, ბანკს ახლა შეუძლია სწრაფად დატესტოს საინტერესო იდეები და მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი მოკლე დროში გაუშვას.
ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ბანკმა უკვე დაიწყო ექსპერიმენტები Amazon SageMaker AI-ისა და Amazon Bedrock-ის გამოყენებით. ეს ის სერვისებია, რომლებიც AI მოდელების შექმნას, გაწვრთნასა და დანერგვას უზრუნველყოფს.
გაუმჯობესდა სისტემების ეფექტიანობაც. მაგალითისთვის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის სერვისის დაყოვნება 50%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბანკმა პროცესი Amazon OpenSearch Service-ზე, საძიებო და ანალიტიკურ პლატფორმაზე დაამიგრირა.
AWS-ის ინფრასტრუქტურა ბანკს ასევე აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად მოერგოს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასა და მოთხოვნის პერიოდულ მატებას.
მაგალითად, ბანკმა მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად დროებითი კამპანია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს კითხვებზე პასუხის გაცემით ჯილდოების მიღების შესაძლებლობას აძლევდა. კამპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სისტემის დატვირთვა, თუმცა AWS-ის ინფრასტრუქტურამ ავტომატურად შეძლო საჭირო მასშტაბების უზრუნველყოფა.
„ვიცით, რომ თუ მოთხოვნა გაიზრდება ან მომხმარებლებისთვის ახალ კამპანიას გავუშვებთ, AWS-ზე სწრაფად შევძლებთ მასშტაბირებას. სწორედ ასეთი ტიპის პროგრამული უზრუნველყოფისთვის AWS საუკეთესო არჩევანია“, - დასძენს დავით ბერაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა