2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
16-17 იანვარს, ზამთრის საშეჯიბრო სეზონს მესტიის ეტაპი გახსნის. ზურულდის ტრასაზე სლალომის და გიგანტური სლალომის კატეგორიებში, გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრი გაიმართება. ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ ოთხმოცამდე მოთხილამურე.
2026 წლის სეზონზე საქართველოს თასის ეტაპები ზამთრის სხვადასხვა კურორტზეა დაგეგმილი. ამ სპორტული ღონისძიებების ჩატარებას აქტიურად უწყობენ ხელს რეგიონული მუნიციპალიტეტები. საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა 2026 წლის საშეჯიბრო კალენდარი. მეორე ეტაპი გოდერძიზე (ჭანჭახი) 7-8 თებერვალს გაიმართება, ბაკურიანი (დიდველი) 28 თებერვალსა და 1 მარტს მესამე ეტაპს უმასპინძლებს, გუდაურში კი დასკვნითი მეოთხე ეტაპი 21-22 მარტს ჩატარდება.
ასპარეზობებს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეტაპებზე შესაბამის ქულებს დააგროვებენ. ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.
სხვა სიახლეები
Volvo Cars-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
22.09.2026.13:00
Volvo Cars-მა კვირას განაცხადა, რომ კლაუს ცელმერი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, რადგან ავტომწარმოებელი მზარდად კონკურენტულ ბაზარზე გაყიდვების აღდგენას ცდილობს. შვედეთში დაფუძნებულ ავტომწარმოებელს, რომლის საკონტროლო პაკეტს ჩინური Geely Holding ფლობს, წინა მომგებიანობის მიზნების მიღწევა გაუჭირდა. ამის მიზეზი ტარიფები, ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა და განვითარების მაღალი ხარჯებია. ცელმერი, რომელსაც ავტოინდუსტრიაში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ბოლოს Volkswagen-ის ბრენდის Skoda-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კომპანიაში ის მუშაობას არაუგვიანეს 2027 წლის 1 ოქტომბრის თარიღისთვის დაიწყებს.
გასულ კვირას Volvo Cars-მა სტრატეგიული დღის ფარგლებში კომპანიამ ამბიციური გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2030 წლამდე 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს და ბაზრის წილის გაორმაგებას ისახავს მიზნად. ავტომწარმოებელი ამავდროულად აშშ-ის ტარიფებით გამოწვეულ შედეგებსა და ჩინეთში გაყიდვების შემცირებასთან გამკლავებას ცდილობს.