5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
შეამოწმეთ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
ფულბრაიტი ღია კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ბაკალავრიატი დასრულებული აქვს (ან ამთავრებს) და სურს აშშ-ში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება.
დროულად დაიწყეთ აპლიკაციის შევსება:
აპლიკაცია მოიცავს დოკუმენტებს, ესეებსა და რეკომენდაციებს. მისი შევსება დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ რეკომენდებულია აპლიკაციის შევსების დროულად დაწყება.
ესეებში წარმოაჩინეთ თქვენი უნიკალური ხედვა, გამოცდილება და მიზნები:
მნიშვნელოვანია, ესეში ნათლად და კონკრეტულად ახსნათ რისი სწავლა გსურთ, რატომ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას მომავალში.
შეარჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელიც ერგება თქვენს პროფილს:
აირჩიეთ პროგრამა, რომელიც სრულად ერგება თქვენს მიზნებს და დაასაბუთეთ, რატომ არის ეს არჩევანი სწორი თქვენთვის.
მოერიდეთ მექანიკურ შეცდომებს:
გადაამოწმეთ მექანიკური შეცდომები, ტექსტი პლაგიატზე და დარწმუნდით, რომ აპლიკაცია სრულად არის შევსებული.
როგორია შემდეგი ეტაპი?
შემდეგ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს და ჩააბარებენ ტესტებს (TOEFL, GRE/GMAT). წინასწარი მომზადება აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
სრული გზამკვლევის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“
10.11.2026.18:00
კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.
ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.
ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?
საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.
მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.