500 Global in Eurasia სტარტაპებისთვის B2B გაყიდვების მასტერკლასს გამართავს
სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Global in Eurasia 11 სექტემბერს გამართავს ონლაინ მასტერკლასს, სახელწოდებით „ნავიგაცია B2B გაყიდვებში: გზა შეთავაზებიდან შეთანხმებამდე“. მასტერკლასს 500 Global in Eurasia-ს მენტორი, ბრიანა სალინასი გაუძღვება და სტარტაპერებს ზრდაზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების სტრატეგიებს გააცნობს.
მასტერკლასზე განხილული იქნება ეფექტური შეთავაზების შექმნის, მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და შეთანხმებების წარმატებით დასრულების საკითხები. გარდა ამისა, დამსწრეები შეიტყობენ მეტს გაყიდვების არხების ოპტიმიზაციაზე; გაეცნობიან მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესსა და ბიზნესების გაყიდვების სტრატეგიებს შორის განსხვავებებს, ამასთან შეძლებენ, ცხადი წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, თუ ვინაა მათი სამიზნე აუდიტორია, როგორ შეიძლება მათი მოზიდვა და შენარჩუნება.
ბრიანა სალინასს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო გუნდების შექმნაში, ასევე იყო არაერთი კომპანიის მრჩეველი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. წარსულში მუშაობდა YCombinator-ის მიერ მხარდაჭერილ კომპანიებში, რომელთა კლიენტებს შორის იყვნენ Google, Dropbox, Staples, Stripe, Ebay, Paycor და Gusto. ბრიანა ასევე მენტორობას უწევდა სტარტაპებს, რომელთა შორის არაერთი „უნიკორნადაც“ იქცა.
B2B გაყიდვების შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia რეგიონული აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით შეიქმნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ზრდაში დაეხმარება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.