5G აუქციონი დასრულდა - ახალ ტექნოლოგიას "სელფი მობაილი" დანერგავს
კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. აუქციონის ფარგლებში, ComCom-მა "სელფი მობაილი"N18, N19 და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, კომპანიას 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება. აღნიშნული ლოტების საფასურმა 226 800, 226 800 და 1 386 000 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოსაპოვებლად კი, "სელფი მობაილს" განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ოპერატორს აუქციონის მეშვეობით მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის, გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.
5G აუქციონზე, "სელფი მობაილი" ასევე N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს. კომბინირებული ლოტის საფასურმა სულ 2 657 445 ლარი შეადგინა და ცალკემდგომი ლოტების მსგავსად, კომპანიამ ერთი თვის ვადაში, თანხის 30% უნდა დაფაროს.
კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ და 20 ცალკემდგომ ლოტზე გამოაცხადა. აუქციონში კი მონაწილეობა მხოლოდ "სელფი მობაილმა" მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად, ოპერატორებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, საკუთარ ქსელზე MVNO ოპერატორი დაეშვათ, რისთვისაც კომპანიები დამატებით ფასდაკლებას მიიღებდნენ. კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე, იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ შეფერხებულიყო, ComCom-მა ერთ კომბინირებულ და ორ ცალკემდგომ ლოტზე აუქციონი MVNO ვალდებულების გარეშე გამოაცხადა.
5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.