62%-ით ძვირი: რა ღირს არაეფექტური პროექტის მართვა თანამედროვე მშენებლობაში
მსხვილი სამშენებლო პროექტების ბიუჯეტის გადაჭარბება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გამოწვევად რჩება. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ გაუთვალისწინებელი გარემოებებით არ არის განპირობებული. ძირითადი მიზეზები ხშირად პროექტის არაეფექტიან მართვას, ინფორმაციის ფრაგმენტაციასა და პროექტში ჩართულ მხარეებს შორის არასაკმარის კოორდინაციას უკავშირდება, რაც საბოლოოდ როგორც ხარჯების ზრდას, ისე ვადების გადაცილებას იწვევს.
როდესაც გადაჭარბება გამონაკლისი აღარ არის
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ბენტ ფლივბიერგის, მიერ 16 000-ზე მეტი მსხვილი პროექტის ანალიზმა აჩვენა, რომ პროექტების 91.5% აჭარბებს ბიუჯეტს, ვადას ან ორივეს ერთად. საშუალოდ, საბოლოო ღირებულება თავდაპირველ შეფასებას დაახლოებით 62%-ით აღემატება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ეს მაჩვენებელი ათწლეულების განმავლობაში თითქმის უცვლელია.
ასეთი ტენდენცია მიუთითებს, რომ პრობლემა მხოლოდ უამინდობით, ინფლაციით, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით ან სხვა გარე ფაქტორებით არ აიხსნება. როდესაც მსგავსი სირთულეები სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულ ეკონომიკურ პირობებსა და სხვადასხვა ტიპის პროექტებში სისტემატურად მეორდება, ეს უკვე პროექტების მართვის სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს.
„როდესაც ათწლეულების განმავლობაში პროექტები თითქმის ერთი და იმავე მასშტაბით აჭარბებს ბიუჯეტს, ამას ვეღარ დავარქმევთ უბრალოდ უიღბლობას. პრობლემა სისტემურია და მისი გადაწყვეტაც სისტემურ მიდგომას მოითხოვს“, - მარიამ ქუთათელაძე, BIM Solutions Georgia-ს მმართველი პარტნიორი.
ყველაზე ძვირი შეცდომები ხშირად შიგნით იქმნება
2 000 სამშენებლო პროფესიონალის მონაწილეობით ჩატარებული საერთაშორისო გამოკითხვა აჩვენებს, რომ პროექტების გადაკეთების - rework-ის ყველაზე გავრცელებული მიზეზები დღეს არასრული დოკუმენტაცია და არაეფექტიანი კომუნიკაციაა. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებული შეცდომების მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტის შიგნით იქმნება.
როდესაც არქიტექტორები, კონსტრუქტორები, MEP ინჟინრები, კონტრაქტორები და დამკვეთი სხვადასხვა ვერსიის ნახაზებით ან განსხვავებული მონაცემებით მუშაობენ, ჩნდება ინფორმაციული ხარვეზები, პასუხისმგებლობების გადაფარვა და შეუთანხმებელი ცვლილებები. შედეგი თითქმის ყოველთვის ერთია: შესრულებული სამუშაოს ხელახლა გაკეთება, მასალებისა და დროის დაკარგვა, დამატებითი მოთხოვნები კონტრაქტორებისგან და გაზრდილი ფინანსური რისკი.
სწორედ ამიტომ თანამედროვე მშენებლობაში ინფორმაციის ხარისხი უკვე ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც საინჟინრო გადაწყვეტის ხარისხი. შეცდომა, რომელიც პროექტირების ეტაპზე მარტივად გასასწორებელი იყო, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა ასჯერ ძვირი გახდეს.
ჰამბურგის გაკვეთილი: 77 მილიონიდან თითქმის 900 მილიონ ევრომდე
ამ პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ჰამბურგის Elbphilharmonie-ს საკონცერტო დარბაზი. პროექტის საწყისი ღირებულება დაახლოებით 77 მილიონი ევრო იყო, თუმცა საბოლოო ფასი თითქმის 900 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო დასრულება დაახლოებით შვიდი წლით გადაიდო.
შემდგომმა შეფასებებმა რამდენიმე ძირითადი მიზეზი გამოკვეთა: ფიქსირებული ფასის კონტრაქტი გაფორმდა საბოლოო დიზაინის დასრულებამდე; პროექტირების პასუხისმგებლობა სხვადასხვა ორგანიზაციას შორის იყო გაყოფილი; ხოლო მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაცია არასაკმარისი აღმოჩნდა. პროექტი მხოლოდ მას შემდეგ დასტაბილურდა, რაც ერთმა კონტრაქტორმა აიღო პასუხისმგებლობა როგორც უკვე შესრულებულ, ისე დარჩენილ სამუშაოებზე.
Elbphilharmonie დღეს არა მხოლოდ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, არამედ ნათელი მაგალითიც იმისა, თუ რა შეიძლება დაუჯდეს პროექტს ფრაგმენტული მართვა. პრობლემა ტექნიკური სირთულე არ ყოფილა მხოლოდ; კრიტიკული აღმოჩნდა პასუხისმგებლობების, ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების ერთიანად მართვის უუნარობა.
ციფრული თანამშრომლობა - ინსტრუმენტი და არა ავტომატური გამოსავალი
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ 2D დოკუმენტაციაზე და ფრაგმენტულ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. არსებული მონაცემებით, სამშენებლო კომპანიების დაახლოებით 60% ძირითადად 2D დოკუმენტაციას იყენებს, ხოლო სრულფასოვანი BIM პროცესები დაახლოებით 20%-ს აქვს დანერგილი.
ერთიანი ციფრული გარემოს გარეშე პროექტის მონაწილეები ხშირად სხვადასხვა ვერსიის ნახაზებით, შეუთავსებელი მონაცემებითა და ერთმანეთისგან განცალკევებული საკომუნიკაციო არხებით მუშაობენ. ასეთ გარემოში შეცდომის ალბათობა იზრდება, ხოლო მისი გამოსწორება - ძვირდება.
თუმცა მხოლოდ ახალი პროგრამის შეძენა პრობლემას ვერ აგვარებს. BIM და Common Data Environment (CDE) ეფექტიანია მაშინ, როდესაც ტექნოლოგიას თან ახლავს შეთანხმებული პროცესები, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება და თანამშრომლების შესაბამისი ცოდნა. ციფრული ტრანსფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციით არ სრულდება - ის იწყება სამუშაო კულტურის ცვლილებით.
„რეალური შედეგი იქმნება მაშინ, როდესაც ტექნოლოგია, პროცესები და ადამიანები ერთ სისტემაში მუშაობენ. პროგრამული უზრუნველყოფა ინსტრუმენტია; ღირებულებას კი კოორდინირებული გადაწყვეტილებები და სანდო ინფორმაცია ქმნის“, - მარიამ ქუთათელაძე.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
საქართველოს სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება და პროექტებიც სულ უფრო მასშტაბური და რთული ხდება. ამიტომ მათი ეფექტიანი მართვა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება, ინფორმაციის ერთიან სისტემაში თავმოყრა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება კომპანიებს ეხმარება, უკეთ მართონ ვადები, ხარჯები და სამუშაოს ხარისხი. ხოლო ისინი, ვინც კვლავ ძველი და არაორგანიზებული სამუშაო მეთოდებით მუშაობენ, უფრო ხშირად აწყდებიან შეცდომებს, დაგვიანებებსა და დამატებით ხარჯებს.
მთავარი გამოწვევა: ყველა ერთ ინფორმაციაზე მუშაობდეს
სამშენებლო ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა დღეს აღარ არის მხოლოდ უფრო რთული ობიექტების დაპროექტება და აშენება. გადამწყვეტია, პროექტში ჩართული ყველა მხარე ერთსა და იმავე, განახლებულ ინფორმაციაზე მუშაობდეს, პასუხისმგებლობები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული და გადაწყვეტილებები დროულად მიიღებოდეს.
ათწლეულების განმავლობაში თითქმის უცვლელი ბიუჯეტური გადაჭარბება გვიჩვენებს, რომ ძველი სამუშაო მოდელი საკმარისი აღარ არის. თანამედროვე პროექტების წარმატებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს არა მხოლოდ საინჟინრო შესაძლებლობები, არამედ ინფორმაციის მართვისა და თანამშრომლობის ხარისხი.
სხვა სიახლეები
SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე
06.11.2026.16:15
ტექნოლოგიურმა კომპანია SPRIBE-მა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. გასართობი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინოვაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ ღონისძიებაზე, SiGMA World 2026-ზე კომპანიამ სამი ჯილდო მიიღო.

SiGMA World-ის ყოველწლიური დაჯილდოება დამსახურებულად მიიჩნევა ინდუსტრიის „ოსკარად“, სადაც გამარჯვება მხოლოდ რევოლუციურ ხედვას, ტექნოლოგიურ სრულყოფილებასა და გლობალურ ბაზარზე მასშტაბურ გავლენას მოაქვს.
რომში გამართულ წლევანდელ ღონისძიებაზე SPRIBE -ის მიერ მოპოვებული ჯილდოები ჩამონათვალი წელს ასე გამოიყურება:
• Best Player Engagement (Aviator by Spribe), რომელიც კომპანიის ფლაგმანურმა ქრაშ-თამაშმა, Aviator-მა მოიპოვა.
• Best Casino Platform (Broadway Platform by Spribe) - ეს ჯილდო ადასტურებს, რომ SPRIBE არა მხოლოდ ცალკეული თამაშების შემქმნელი, არამედ სრულფასოვანი ტექნოლოგიური პლატფორმების მიმწოდებელია.
• Fastest Growing Aggregator (Broadhub by Spribe) - რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SPRIBE-ის, როგორც დინამიკური და მოთხოვნადი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს.
„ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალოდ თამაშების ან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ჩვენი ამოცანა თავიდანვე გლობალური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია, თამაშის წესების შეცვლა და ახალი მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული, რევოლუციური გამოცდილების შეთავაზება იყო. SiGMA-ს აღიარება ჩვენთვის უცხო არ არის, თუმცა წლევანდელი ტრიუმფი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით.
ეს სამმაგი გამარჯვება ადასტურებს, რომ SPRIBE-ის ეკოსისტემა უმაღლეს მსოფლიო სტანდარტს ქმნის. ჩვენი გუნდის ძალა იმაშია, რომ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ექსპანსიას, ვნერგავთ მომავლის ტექნოლოგიებს და წინ უკომპრომისო ნაბიჯებით მივდივართ” - დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO.
SiGMA World 2026-ზე მოპოვებული სამმაგი გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ SPRIBE გლობალურ ასპარეზზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს და ბაზარზე თავის მრავალფუნქციურ პროგრამულ პორტფელს წარმატებით ავითარებს.
SPRIBE-ის შესახებ:
SPRIBE-ი არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია და iGaming-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვატორი. ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ შექმნა Aviator-ი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინთამაში.
SPRIBE-ი არის UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ის პარტნიორი, ხოლო მისი ბრენდ-ამბასადორები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპორტსმენები და ვარსკვლავები არიან.