80%-იანი დანაკარგი მძიმე შედეგია წარმოებისთვის, თუმცა ბაზარზე მასშტაბური გეგმებით დავბრუნდებით - GDB აგრო
გლობალური გამოწვევები ქართული ნატურალური პროდუქციის მწარმოებლებისთვის სერიოზული დაბრკოლება გახდა. მწარმოებლები სერიოზულ დანაკარგს განიცდიან.
GDB აგროს შემთხვევაში, ზარალი 80%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან ამბობს, არ ნებდებიან და მომავალი წლიდან ახალი პროექტებით და გეგმით ბრუნდებიან ბაზარზე.
,,მოლოდინთან დაკავშირებით მოსავლის მხოლოდ 20% მივიღეთ. 80%-იანი დანაკარგი მძიმე შედეგია წარმოებისთვის. ყველაზე პრობლემური ჩვენთვის უამინდობაა - სეტყვაა, უხვი ნალექი, რამაც ყველას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ალბათ, ყველა რეგიონისთვის გამოწვევაა, ვინაიდან უამინდობამ როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან ნარგავებში მძიმე კვალი დატოვა.
რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ წარმოება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. გლობალური დათბობის შედეგია, რაც ხდება, არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, ამ გამოწვევებთან ბრძოლა საკმაოდ ხარჯიანია, რაც ზრდის ასევე პროდუქტის თვითღირებულებას. აგრომიმართულება რთულ სიტუაციაში იყო, მათ შორის, ჩვენი კომპანიაც, დიდი დანაკარგი განვიცადეთ, მაგრამ არ ვეპუებით და ვაგრძელებთ პროექტებს", - აცხადებს ივა ჭყონია.
მისი თქმით, აპრილის ბოლოდან, როცა ახალი სეზონი დაიწყება, GDB აგრო ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
,,არ ვნებდებით და გავაგრძელებთ აქტიურობას ჩვეულ რეჟიმში. სექტორს მთავრობასთან ერთად ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ეს ეხება არა მხოლოდ დაზღვევის მიმართულებას, არამედ თუნდაც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენებას, რაც მოსავალს დაიცავს", - დასძენს ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ,,ჯიდიბი აგრო“-მ წელს სოფლის მეურნეობის უმაღლესი საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის GLOBAL GAP დანერგვის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა.
GLOBAL GAP წარმოადგენს შესაბამისობის დადასტურებას, რომ კომპანიის მიერ პროდუქციის წარმოებისას დაცული და უზრუნველყოფილია მცენარეთა დაცვის საშუალებების, მინერალური სასუქების გამოყენების წესი, მინდვრის, ნიადაგის, წყლის, ჰაერის მდგომარეობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. ასევე სერტიფიკატი ადასტურებს ნარჩენების სწორად მართვას, ტერიტორიაზე სანიტარულ ჰიგიენური წესების დაცვას და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.