ადამიანები დროსა და ფულის ზოგავენ. კომფორტულ ავტოსერვისზე მოთხოვნა იზრდება - „ქარუ“
„ქარუ“ სტარტაპია, რომელმაც ავტომფლობელებისთვის მომსახურების განსხვავებული მოდელი შექმნა. ავტოსახელოსნოებში სიარულის ნაცვლად, მოქალაქეებს ავტომობილებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში „ქარუს“ ავტოასისტენტები ეხმარებიან, რაც ადამიანებს დროისა და ფულის დაზოგვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
როგორც კომპანია „ქარუს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა აბაშიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მძღოლებს საშუალება აქვთ, ყველა საჭირო პროცესი მთლიანად ასისტენტებს გადააბარონ და მანქანა შეკეთებული დაიბრუნონ.
როგორც ნიკა აბაშიძე იხსენებს, სტარტაპისთვის იდეა გაჩნდა მოულოდნელად, ჰაერზე ვარჯიშისას და მაშინვე მიხვდა, რაც სურდა - იდეა უმოკლეს დროში განახორციელა.
„მივხვდი, რომ ცვლილების დრო იყო, რაღაც ახლის შექმნა, რაც მძღოლებს კომფორტული მომსახურების საშუალებას მისცემდა და პრობლემის მოგვარებას გაუადვილებდა. ამ ჩანაფიქრიდან რამდენიმე დღეში უკვე იდეა ხორცშესხმული იყო. თუმცა, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე რთულია, განსაკუთრებით ავტოსერვისი, სადაც უამრავი დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს.
მთავარი, რამაც წარმატება განაპირობა, სწორი მარკეტინგია. ჩვენს შემთხვევაში, გზავნილი სწორად მივიდა მომხმარებლამდე, მათ ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია გავხდით და ხალხიც გამოგვყვა, გვენდო და დღემდე ასე მოვდივართ. ჩვენ უბრალოდ დამაკავშირებელი რგოლი ვართ, რომელიც ავტო-ასისტენტებსა და მომხმარებლებს აერთიანებს", - ამბობს ნიკა აბაშიძე.
რაც შეეხება ტარიფებს, ავტოასისტენტის მომსახურების საფასური 30 ლარს შეადგენს. მანქანის შეკეთება/შეღებვასთან დაკავშირებული ხარჯი ინდივიდუალურია და შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება.
ინვესტიციებთან დაკავშირებით ნიკა აბაშიძე ამბობს, რომ კომპანია საკუთარი სახსრებით დააფუძნა, შემდგომ ეტაპზე GITA-ს 650,000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა „ქარუმ“ 300,000 ლარი გრანტის სახით მიიღო, რაც განვითარებასა და ზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
„ქარუ“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მე-18 სტარტაპია. დღეს მის ანგარიშზეა 50 000 კმაყოფილი მომხმარებელი.
გარდა ამისა, კომპანია 100 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მომსახურებას უწევს ავტომფლობელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.