ადამიანები, რომლებიც არ ჩერდებიან – ბუდუ ზივზივაძე
გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს ეროვნული ნაკრები დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ფორუმზე – ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ამ შედეგამდე მოსასვლელად ძალიან რთული და დაძაბულობით სავსე გზა გაიარა; ჯერ ერთა ლიგის ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი, მერე თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა (2-0), ბოლოს კი კვლავ თბილისში 120-წუთიანი უგოლო ფრის შემდეგ საბერძნეთს სძლია პენალტების სერიაში (4-2).
ამ ერთ დროს წარმოუდგენელი გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული გმირი უდავოდ არის ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი – ბუდუ ზივზივაძე. მან ხსენებულ ნახევარფინალში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და დუბლის გატანა მოახერხა, ფინალში კი წარმოუდგენელი ენთუზიაზმითა და თავდადებული თამაშით დაგვამახსოვრა თავი. თითოეულ ეპიზოდში ჩანდა მისი დამოკიდებულება, თუ რამდენად იაზრებდა ამ თამაშის მნიშვნელობას და ეს გააზრება როგორ სწორად გამოიყენა თავის სათამაშო უნარებში.
გარდა იმისა, რომ ბუდუ ტაქტიკურად კარგად განსწავლული ცხრიანია, კარგი პასითა და გოლის ალღოთი, ის გამორჩეულად კარგი პიროვნებაა, დადებითი ემოციებისა და ჯანსაღი მენტალობის მატარებელი, რაც კარგად აისახება გუნდზეც – კარგი საფეხბურთო და ადამიანური უნარები – სწორედ მათი ერთობლიობა უნდა ჰქონდეს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, რომ ნაკრები იყოს გუნდი, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს, როგორც მარტის თამაშების შემთხვევაში მოხდა. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაშიც დავინახეთ მისი გამორჩეული ხასიათი, როდესაც მეკარესთან, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე დარჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიას პასი ჩააწოდა და ცარიელ კარში გაატანინა გოლი:
„მაგ პასის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და ვიგრძენი ძალიან დიდი სიყვარული ქართველი ხალხისგან. ყოველთვის გავცემ პასს თანაგუნდელზე, თუკი ის უკეთეს მდგომარეობაშია, ეროვნულ ნაკრებში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანს გოლს, მთავარია, რომ გოლი გავიდეს. იმ შეხვედრაში ჩრდ. მაკედონიასთან პირველად ვიყავი ძირითად შემადგენლობაში და საბოლოოდ ჩემთვის უბედნიერესი დღე იყო. სავსე დინამო არენა პირველად სკანდირებდა ჩემს სახელს, ეს ენით აღუწერელი სიხარულია.“
ბუდუს კარიერა 35-ე სკოლაში დაიწყო, სადაც მისი კარგი თამაში თბილისის დინამომაც შენიშნა და 2012 წელს გუნდშიც აიყვანა. ქართულ საფეხბურთო სივრცეში გამოსარჩევია 2016 წლის სეზონი, როდესაც ბუდუ ზივზივაძის ლიდერობით სამტრედია გახდა ეროვნული ლიგის გამარჯვებული. რაც შეეხება ევროპულ კარიერას, იყო რამდენიმე უნგრული კლუბი (მეზოკოვეშდი, ფეჰერვარი, უიპეშტი), შარშან კი ბუდუმ საკუთარი თავი იპოვა გერმანულ ფეხბურთში – ბუნდესლიგა 2-ის კარლსრუეში, სადაც 33 თამაშში 11 გოლი დაუგროვდა, გოლების უმრავლესობა ახალ სეზონში შეაგდო, ფორმა აკრიფა და მარტის თამაშებს შეხვდა საუცხოოდ მომზადებული.
„გერმანულ ფეხბურთში ქართველებს განსაკუთრებულად აფასებენ და დიდ პატივს სცემენ – ალექსანდრე იაშვილი დღემდე ახსოვთ და უყვართ ჩემს კლუბში, ის კარლსრუეს ლეგენდაა, გუნდის ავტობუსზეც კია მისი სახელი დატანილი, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა.“
ბუდუ ზივზივაძის კარიერა ყოველთვის აღმასვლის გზაზე არ იყო: გაუგებრობები საკლუბო კარიერაში, მედიის უსამართლო კრიტიკა, ნაკრებში გაუგებარი არგამოძახება – თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღევანდელ დღემდე ბუდუს, როგორც ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მოსვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ბედის შეურიგებლობაა.
„ჩემი ყველა გოლი ეძღვნება ჩემს ოჯახს და გოლის აღნიშვნის დროს თითებით გამოსახული გულიც ჩემი ოჯახისთვისაა. ყველაზე რთულ მომენტებში მოტივაციას მაძლევს სწორედ ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვერდით მიდგანან; მერე მოდის საკუთარი თავი და თვითგანვითარება; ბოლოს კი, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ეროვნული ნაკრების კანდიდატობაც კი დამატებითი მოტივაციაა.“
გოლები, საგოლე გადაცემა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად კარგავს აზრს, თუ არ გამონახავ საკუთარ თავში ძალას, რომელიც არ გაგაჩერებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.